მთავარი,სიახლეები

40 დღეა გვეუბნებიან, რომ მისი კვდომის პროცესი მოდის, მოდის, მოდის – პარლამენტარი სააკაშვილზე

15.11.2021 • 2131
40 დღეა გვეუბნებიან, რომ მისი კვდომის პროცესი მოდის, მოდის, მოდის – პარლამენტარი სააკაშვილზე

“ყველანი, დაახლოებით 40 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ყოველდღიურად მისი კვდომის პროცესი, მოდის, მოდის, მოდის… Ჩვენ ვნახეთ, რომ მისი შიმშილობა აბსოლუტურად სხვა ფორმით მიმდინარეობდა, ის საკვებს იღებდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გამომდინარე აქედან  საკმაოდ სტაბილური იყო და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო,” – ეს განცხადება Საქართველოს პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან” ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა. 

არლამენტარის აზრით, სააკაშვილის თემით სპეკულირება ხდება და რეალურად არანაირი საფრთხე ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს არ ემუქრება. 

“არც ერთი კონკრეტული არგუმენტი არ ვიცით ჩვენ პროფესიონალი ექიმების მიერ  ნათქვამი და შეფასებული, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა იმ მდგომარეობაშია, რომ ის სამკურნალო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს კვალიფიციური და დროული დახმარების ან მკურნალობის გაწევას,” – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

დეპუტატის აზრით, ასევე ნათელი არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართული საპროტესტო აქციების მიზნები.

“ის პროტესტი, რომელსაც გამოხატავდა ნაციონალური მოძრაობა, მისი მიზანი, არ იყო ნათელი. რატომ ვამბობ ამას, ადამიანზე ითხოვენ გადავიყვანოთ საავადმყოფოში, იმიტომ, რომ მომაკვდავი არიო. ყველა ვხედავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. 

___

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

13 დღეა ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ ის გადაიყვანონ მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. 

ექიმებმა აქცია გამართეს ბათუმსა და ქუთაისში, სადაც მოითხოვეს სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. 

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციამ კი გაავრცელა განცხადება, რომ ექსპრეზიდენტი უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: