Batumelebi | როგორ დასაჯა მოსამართლემ თბილისის აქციაში მონაწილე ბათუმელი ოპოზიციონერები როგორ დასაჯა მოსამართლემ თბილისის აქციაში მონაწილე ბათუმელი ოპოზიციონერები – Batumelebi
RU | GE  

როგორ დასაჯა მოსამართლემ თბილისის აქციაში მონაწილე ბათუმელი ოპოზიციონერები

ბათუმელი ოპოზიციონერები თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა. ამ დროისთვის დასრულებული არაა მხოლოდ ქობულეთის მერობის კანდიდატის, ბონდო თედორაძის სასამართლო სხდომა.

10 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე, სულ 46 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, მათგან 11 ბათუმიდანაა. აქციაზე დაკავებული ბონდო თედორაძე პოლიციელებს ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი, მურმან დუმბაძე – საგარეჯოში.

სასამართლომ ყველაზე მაღალი ჯარიმა – 3500 ლარი ელგუჯა ბაგრატიონს შეუფარდა, ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

აქციაზე დაკავებული ქობულეთის საკრებულოს წევრი ენმ-დან ლაშა კომახიძე 2200 ლარით დააჯარიმეს, ბათუმის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ვარშალომიძე კი – 2100 ლარით.

აქციაზე დაკავებული სხვა პირები, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს კიდევ ორი წევრი – მამუკა ქობულაძე და ბაჩი მექვაბიშვილი 2 – 2 ათასი ლარით დააჯარიმეს, ავთო სურმანიძის გარდა, რომელიც 2200 ლარით დააჯარიმეს.

“ეს უფრო არის რეპრესიები, ვიდრე სასამართლო პროცესი…” – მიიჩნევს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით – 48 საათი დააყოვნეს იზოლატორებში დაკავებულები, სასამართლო სხდომები ღამით ჩატარდა და მოსამართლეებმა დაცვის მხარის მტკიცებულებები არ გაიზიარეს.

მირდატ ქამადაძე მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში, როცა მესამე პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესს არ ასწრებენ, ზედმეტია შეფასება იმაზე, თუ რა დაირღვა ადმინისტრაციულ საქმეებზე.

“ეს აჩვენებს იმას, რომ მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად მოიშალა ამ ქვეყანაში,” – დასძინა მირდატ ქამადაძემ.

განახლება: თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ბონდო თედორაძეს.

___

10 ნოემბერს თბილისში, საპროტესტო აქციაზე, 46 ოპოზიციონერი დააკავეს. აქციის მონაწილეები პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდნენ. სააკაშვილი უკვე 46-ე დღეა შიმშილობს.

იმავე მოთხოვნით აქცია დღესაც იმართება თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობა“ გააფრთხილა, რომ არ გადაკეტონ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების სატრანსპორტო კვანძები. შსს-ს განცხადებით, ეს ქმედება აკრძალულია, პატიმრობით ისჯება და საჭიროების შემთხვევაში პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებენ.

შსს-ს ცნობით, ეს დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი