Batumelebi | რატომ „ტეხავს“ ქუჩაში ფურთხება – საქართველოში გავრცელებული საშიში და მავნე ჩვევა რატომ „ტეხავს“ ქუჩაში ფურთხება – საქართველოში გავრცელებული საშიში და მავნე ჩვევა – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

რატომ „ტეხავს“ ქუჩაში ფურთხება – საქართველოში გავრცელებული საშიში და მავნე ჩვევა

როცა ტომ სოიერმა კბილი ამოიღო და სკოლაში წავიდა, ამხანაგებს მისი ზედა, ცარიელი ყბის შეშურდათ: ტომს ახლა სრულიად ახლებურად, უჩვეულოდ შეეძლო ეფურთხებინა. კი, ტომ სოიერი იფურთხება. იფურთხება კლდიაშვილის როსტომ მანველიძეც – თანაც პირიდან ჩიბუხის გამოუღებლად. იფურთხებიან ,,მექანიკური ფორთოხლის“ გმირებიც, ჯაყოც იფურთხება, როცა ბორგავს და რეზიც „იპურჭყება“ სილაში გურამ გეგეშიძს ,,შურისძიებიდან“. მოკლედ უამრავი კარგი და ცუდი ტიპი იფურთხება წიგნებში, ფილმებში და იქ ამ ამბავს თავისი ფუნქცია აქვს.

ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი პეპიც იფურთხება. რა დაუშლიდა.

ტომ სოიერის ჩემპიონობა ფურთხებაში წიგნიდან თუ მაცინებდა, ცხოვრებაში ვერ მამშვიდებს, როცა სადარბაზოებში, სკვერებსა და ბაღებში, ქუჩის კუთხეებში, სადაც უბნის მცხოვრებლები იყრიან თავს – ტბები დგას.

ლიტერატურული და კინოს გმირების რომანტიკულსაბურველიანი ფურთხების მიღმა ცხოვრებისეული, რეალური ფურთხების ნაირსახეობა არსებობს ჩვენს ყოველდღიურობაში, აი ზოგიერთი მათგანი:

აივნიდან ფურთხება. მიდიხარ შენთვის ტროტუარზე, არც წვიმს, არც თოვს და ტყაპ! მეხუთე სართულიდან პირდაპირ თავში გეცემა ვინმე ჯეელის სანერწყვე ჯირკვლებიდან  გამოყოფილი მარილებით, ცილებით და ფერმენტებით სავსე სითხე. წარმოუდგენელია: ვეგეტატიური ნერვული სისტემა მხოლოდ იმიტომ გახარჯა უცნობმა, რომ მნიშვნელოვან შეხვედრამდე 10 წუთით ადრე შენთვის თავი „ჩამოებანა“.

გამვლელის ცხვირწინ გადაფურთხება. ეს უფრო განაცხადია, ერთგვარი გაუცნობიერებელი აგრესიაც კი და რაღაც ამორფულის მტკიცება, რომ აი, მე ეს შენს თვალწინ ვქენი. მტკიცება იმის, რომ აი, შენს ცხვირწინ ვაფურთხებ, დიახაც. მოვნერწყვავ გზას, რომელიც შენ ახლა უნდა გაიარო. შენ არ არსებობ, გინდ უფერო ნიავს ჩაუქროლია ახლა აქ და გინდ შენ გაგივლია. ვინ ხარ საერთოდ.

მე კი მაგარი ვარ, რადგან ვიფურთხები ისე, რომ ჩემი ნერწყვის ტრაექტორია ახლოდან და კარგად მოხაზო თვალებით. ა ეგრე. მიდი ახლა. გაიარე. ჯანდაბამდე გივლია.

თქვენ რას გრძნობთ ხოლმე გზად გავლისას ცხვირწინ როცა იფურთხებიან?

კოლექტიური ფურთხება სკვერებსა და სადარბაზოებში. ეს ჯგუფური და გარკვეულწილად სავალდებულო ფურთხებაა – როცა ცხარე სჯა-ბაასია გაჩაღებული და უმეტესად ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ბიჭები/კაცები ტყვიამფრქვევების სისწრაფით იფურთხებიან ერთმანეთის ჯიბრზე, ერთმანეთზე უფრო შორს და უფრო უხვადაც.

მოგერიდება კიდეც სადარბაზოს შესასვლელთან ფურთხის ტბა გამომეტყველებით მაინც გააპროტესტო. კაცები ცხარედ კამათობენ რაღაცაზე, იძაბებიან და იფურთხებიან, რა არის ამაში უჩვეულო. რა გინდა, რა არ მოგწონს. გაიარე ერთი.

კოვიდპანდემიაში ბევრი რამ, რაც აქამდე უჩვეულოდ წარმოგვედგინა, ყოველდღიურობად იქცა. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ აგვისტოს ხვატში ვინმე გაძლებდა და პირბადით გაატარებდა ზაფხულს. გავატარეთ.

ფურთხებაც ისეთი რამეა, რაზეც კრინტსაც არ დაძრავდა აქამდე წესიერი ადამიანი. რა მოხდა. ადამიანის უფლებაა ისე მოიქცეს, როგორც სურს. ვის რით შეედავები. მაგრამ პანდემიამ მოგვცა შესაძლებლობა ხმამაღლა გვეთქვა იმაზე, რაზეც აქამდე ჩუმად ვბრაზობდით. პანდემიამ და დაინფიცირების შიშმა.

ქუჩაში ფურთხებაც ერთგვარი გამოხატულების თავისუფლებაა, მაგრამ როგორც ოჯახის ექიმი, ნინო კილაძე გვეუბნება, ერთობ საშიშია გამოხატვის თავისუფლების ეს ფორმა გარშემომყოფებისთვის. მიწას ხშირად ბავშვები ეხებიან თამაშისას, წაქცევისას, პატარა სიმაღლის გამო ფეხით მოსეირნე ბავშვები ჩვენზე ახლოს არიან მიწასთან და დიდი საფრთხის წინაშე დგებიან გადაედოთ უამრავი ვირუსი, ინფექცია, ისე, რომ ვერც კი მიხვდნენ მშობლები, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი.

„ნერწყვი უამრავ ბაქტერიას შეიცავს, რესპირატორული დაავადებები, ვირუსები, სწორედ ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ასეთია გრიპი, დიფთერია, წითურა, ლარინგიტი, ტუბერკულოზი და კიდევ უამრავი სხვა. არაერთი სოკოც გადადის ნერწყვით. ახლა უკვე კოვიდიც. ბავშვი გარეთ თამაშისას უამრავჯერ ეხება მიწას. შეუძლებელია ვაკონტროლოთ მერე ამ დაუბანელ ხელს თვალთან, პირთან, ცხვირთან მიიტანს თუ არა. გარდა ამისა, ჩვენც, უფროსებს რაღაც გვივარდება ქუჩაში და მერე ვიღებთ. დავანებოთ თავი იმას, რომ არაესთეტიკურია, ძალიან საშიშიცაა ეს მავნე ჩვევა გარშემომყოფებისთვის“, – ამბობს ნინო კილაძე.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქუჩაში ფურთხება დაავადებული ადამიანების ჩვევაა. სპეციალურ სამედიცინო ლიტერატურაში წერია, რომ ნერწყვი რამდენიმე შემთხვევაში გამოიყოფა ჭარბად პირის ღრუში:

  • როცა დაზიანებულია ვეგეტატიური ცენტრები – პარკინსონის, სახის დამბლის და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის შემთხვევაში;
  • ორსულობის საწყის ეტაპზე;
  • პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ძლიერი გაღიზიანებისას, როცა ცუდ საკვებს ვჭამთ;
  • ნერწყვი უხვად გამოიყოფა ასევე სტომატიტის დროს;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს.

თუმცა საეჭვოა, რომ ვინც ირგვლივ ყოველდღიურად იფურთხება, ყველას ჰქონდეს პარკინსონი, სახის დამბლა, სტომატიტი ან მოშლილი სისხლის მიმოქცევა – მოზარდებს, მოზრდილებსა თუ ზრდასრულებს.

ამქვეყნად თურმე ადამიანებთან ერთად მხოლოდ აქლემები და მათი ახლო ნათესავები: ლამები და ალპაკები იფურთხებიან. რაც ჯერჯერობით ვიცით. სხვა არავინ.

თუმცა ეს ცხოველები იფურთხებიან არა ნერწყვს, არამედ კუჭის შიგთავსს და ძირითადად დისკომფორტის სადემონსტრაციოდ – ასე ამიხსნა ბიოლოგმა ლევან ბუთხუზმა.

რა ვნებაა მავნე ნერწყვის საზოგადოებრივ სივრცეში გამუდმებული ფურთხება, რატომაა ეს ჩვევა წახალისებული განსაკუთრებით მოზარდობის დროს და როგორ რჩება ზრდასრულ ასაკშიც უცვლელად იგივე ჩვევა. ამაზე ალბათ სოციალური ფსიქოლოგიის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. მათ შორის მედიაშიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com