მთავარი,სიახლეები

„ოცნება ამ ეტაპზე უკვე მზადაა გაემიჯნოს დასავლეთს“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

31.10.2021 • 2052
„ოცნება ამ ეტაპზე უკვე მზადაა გაემიჯნოს დასავლეთს“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

როგორ უნდა მოიქცეს მეორე ტურის შედეგების შემდეგ ოპოზიცია და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება? – პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ახლა უფრო მეტი კონსოლიდაციის დროა.

პოლიტიკოსის აზრით, დღეს ყველაზე მეტად არსებობს იმის რისკი, რომ დასავლეთს დავშორდეთ და დასავლეთსაც აღარ ჰქონდეს ჩვენგან დემოკრატიის გაძლიერების მოლოდინი.

არმაზ ახვლედიანი ეჭვობს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა ახალ ეტაპზე გადადის. იგი არ გამორიცხავს, რომ „ლეგიტიმაციის ზღვარზე“ მყოფმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ძალაუფლების შენარჩუნება უკვე რეპრესიული მეთოდებით სცადოს.

რა აჩვენა არჩევნების მეორე ტურმა? – „ბათუმელებმა“ არმაზ ახვლედიანს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო არმაზ, თქვენთვის რა აჩვენა არჩევნების მეორე ტურმა? 

წარმოუდგენელი ზეწოლის და სრულიად უსამართლოდ ჩატარებული არჩევნების შედეგად, თუ შეიძლება ამას არჩევნები უწოდო საერთოდ, „ქართული ოცნება“ არის ლეგიტიმაციის ზღვარზე. ეს აჩვენა, პირველ რიგში, მეორე ტურმა.

ეს მოცემულობა აჩვენებს იმასაც, რომ „ქართული ოცნება“ თავისი სრულიად უცნაური, ანომალიური მმართველობის ახალ ეტაპზე გადადის. რამდენადაც ვიცნობ, კარგად ამ პარტიის ლიდერებს, ამ „ვაი გამარჯვებით“, „ქართული ოცნება“ დაიწყებს პირდაპირ ზეწოლას და რეპრესიებს, მათ შორის, კრიტიკულ მედიაზე, ოპოზიციაზე.

ეს ამ დრომდეც არ გვაკლდა, მაგრამ ახლა უკვე მოინდომებენ მათ გაჩერებას ნებისმიერი გზით. მიზანი იქნება მთავარი პოლიტიკური ოპონენტების პარალიზება, რაც შეიძლება გამოიხატოს ცალკეული ოპოზიციური პარტიული ჯგუფების დაშლით, დაჭერით, მოსყიდვით…

  • აქამდე „ივანიშვილიზმად“ ახასიათებდით ბოლო წლების მმართველობას საქართველოში. რა იცვლება ახლა? 

შინაარსი იგივეა, მაგრამ განსხვავებულია უკვე ამ ეტაპზე ბრძოლის ფორმები ამოცანებიდან გამომდინარე: ახლა „ქართული ოცნება“, როგორც არასდროს, ისე აცნობიერებს, რომ უფრო და უფრო მეტად უჭირს ძალაუფლების შენარჩუნება.

ახლა უკვე „ოცნების“ ამოცანაა, იქამდე იყოს ხელისუფლებაში, ვიდრე არსებობს ამის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა. „ოცნებაში“ აცნობიერებენ, რომ ამის ბერკეტები სულ უფრო მეტად ეცლებათ ხელიდან, მაგრამ რჩება ღია ტერორზე გადასვლის შესაძლებლობა.

ყველაზე მეტად სავალალო მაინც ისაა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე უკვე მზადაა ფაქტობრივად გაემიჯნოს დასავლეთს.

  • ხედავთ რისკს, რომ  საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების იმედი დასავლეთმაც დაკარგოს და მათი მხარდაჭერაც დავკარგოთ

საუბედუროდ, კი. როგორც არასდროს, ისე დიდია ახლა ეს რისკი.

დასავლეთში თანდათან მატულობს განწყობა, რომ, აი, როგორც ჩანს საქართველოდან არაფერი გამოვა. მესმის, მძიმეა, მაგრამ მიწევს ამის თქმა – „ქართულ ოცნებაში“ ჩამოყალიბებულია აზრი, რომ ერთ მშვენიერ დღესო, როგორც ამბობენ, მაგრამ მშვენიერს არა, ერთ უბედურ დღეს გვამცნონ შემდეგი – „საქართველოს არ სჭირდება დასავლური ვექტორი და გვჭირდება ე.წ. ნეიტრალიტეტი“. ნეიტრალიტეტი კი, ცხადია, გულისხმობს საბოლოოდ რუსული ვექტორის გამარჯვებას საქართველოში.

ეს სცენარი ყველაზე რეალისტურია ახლა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უეჭველად ასე მოხდება. ვისაც კი შეგვიძლია კონსოლიდირება საქართველოში, უნდა გავერთიანდეთ, გავაორმაგოთ და გავაასმაგოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ მიუხედავად დღევანდელი უიმედობისა საზოგადოების ნაწილში, მაინც განვაგრძოთ ყველა შესაძლო კანონიერი გზით „ოცნების“ მმართველობის დემონტაჟი.

  • ოპოზიცია აანონსებს ბრძოლის ახალ სტრატეგიას. თქვენ რა რესურსს ხედავთ? 

ყველაზე ნაკლებად ვხედავ რევოლუციურ რესურსს. მიუხედავად ამ არანორმალური გაყალბების მასშტაბებისა და ზეწოლისა, მაინც ცხადია, რომ ამომრჩევლის ფაქტობრივად ნახევარმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას. „ქართული ოცნება“ უნდა აცნობიერებდეს, რომ ის არის ლეგიტიმაციის ზღვარზე. ყველა შემთხვევაში, ის მილევად რეჟიმშია.

  • რა სახის სირთულეს ქმნის ეს პრაქტიკულად, მაგალითად, ბათუმის ახალ მერს რაში შეუშლის ხელს „ლეგიტიმაციის ზღვარი“?  

ბათუმში, თბილისში და ასე შემდეგ, სრულად პოლიტიკურ სივრცეში „ქართულ ოცნებას“ ექნება იმის პრობლემა, რომ ვერ გაუმკლავდება კრიზისებს. აქამდეც ვერ გაუმკლავდა ვერც ერთ კრიზისს და ახლა ამის ხარისხი მოიმატებს.

ამას დაემატება ისიც, რომ დასავლეთი განსხვავებული სკეპტიკურობით უყურებს უკვე საქართველოში დემოკრატიის მომავალს, სულაც არ გამოვრიცხავ უმკაცრეს პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ სანქციებს ივანიშვილიზმის ფრთებქვეშ მოკალათებული ადამიანებისთვის.

  • რა შეიძლება გააკეთოს ამ დროს ოპოზიციამ, თქვენი აზრით? 

სხვადასხვა მხრიდან ობიექტური კრიტიკის მიუხედავად, ოპოზიციამ დაამტკიცა, რომ მას აქვს ძირითადად სწორი ხედვა, დებს უზარმაზარ ძალისხმევას საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად და თუ ვინმე ამას ვერ ხედავს, ეს მაგონებს ფრაზას – „დოს მარილი აკლიაო“.

ვფიქრობ, საზოგადოებას მართებს ყური დაუგდოს ამ ლიდერებს, ენდოს ამ ხალხს და ასეთი კრიტიკული საზოგადოება უნდა გახდეს ხვალ იმაზე მეტი, ვიდრე დღეს არის. მერწმუნეთ, ეს შესაძლებელია. ის რამდენიმე პროცენტი, რაც ცესკომ მეორე ტურზე დაწერა, გვეუბნება, რომ ეს მახინჯი რეალობა ცოტაც და შეიცვლება.

  • რას გულისხმობთ? ფაქტობრივად ყველა ქალაქში, წალენჯიხის გარდა, „ქართული ოცნების“კანდიდატები გახდნენ მერები. „ოცნება“ მორიგ არჩევნებს 2024 წლისთვის ელოდება. 

1996 წლის აგვისტო იყო, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ხელში ავტომატმომარჯვებული დაცვის თანამშრომლებით მოსულ ასლან აბაშიძეს 200-კაციანი აუდიტორიის წინაშე შევძახე – „ძალა აღმართს ხნავს“. დღეს ივანიშვილის ძალა და ფული ხნავს აღმართს, მაგრამ მას ავიწყდება, რომ ეს არის დროებითი, რადგან ის ემსახურება მხოლოდ საკუთარ ბიზნესინტერესებს,  რუსულ ინტერესებს…

თუმცა მე მაინც იმედიანად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ერთობა, ჩვენი ელექტორატი იმაზე მეტად შესაძლოა დაწინაურდეს ცოტა ხანში, ვიდრე მე და თქვენ ეს წარმოგვიდგენია.

  • თქვენი დაკვირვებით, რა მოხდა მეორე ტურზე, ვისი ხმები მიემატა „ოცნებას“ და ვისი ხმა დააკლდა ოპოზიციას? 

უპირველესად ოპოზიციამ უნდა გაანალიზოს შეცდომები, რამაც შესაძლოა ობიექტურადაც დააკლო ხმები. ასეთი შეცდომებიც იყო. ოპოზიციას ასევე მართებს ოპოზიციური მუხტის შენარჩუნება და ისევ კოალიციური მთავრობის იდეის გაძლიერება, მეტი პოლიტიკური ძალის შემოკრება.

რაც მთავარია, ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ელექტორატის იმ ნაწილთან, რომელიც ვერ გამოვიყვანეთ დღემდე არჩევნებზე, რომელიც დუმს და ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენს უწერს საქართველოს.

წარმოუდგენელია, თუნდაც ბოლო ერთი თვე უსმენდე ღარიბაშვილის გამოსვლებს და ამბობდე, ნეიტრალური ვარო. ჩემთვის ნებისმიერი არგუმენტი მიუღებელია ე.წ. ნეიტრალობაზე. ჩემთვის ეს არის სამოქალაქო კუთხით ჩადენილი დანაშაული.

  • ამ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გარდა, ვისი ხმები მიემატა, თქვენი აზრით, „ქართულ ოცნებას“? 

ასე ჩანს, რომ ეს იყო გახარიას ელექტორატი.

ზუსტად იმ დღეს, როდესაც გიორგი გახარიამ თქვა, ოპოზიციაში მივდივარო, მე ვთქვი, რომ ეს იყო ნაბიჯი უკან – ორი ნაბიჯი წინ. გახარია გადადიოდა ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ საჭირო დროს ის იქნებოდა „ოცნების“ ყულაბაში ჩადებული ხმები. მე ასე ვხედავ.

ჩემი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ რიგებშიც აქტუალურია რიგგარეშე არჩევნების იდეა. როგორც ჩანს, ლიდერების ნაწილი თვლის, რომ ამ ტალღაზე უფრო მეტი შანსია გაიმარჯვონ და ძალაუფლება 2024 წლამდე კი არა, უფრო მეტი ვადით გაიხანგრძლივონ.

თუკი ასეთ არჩევნებს ჩაგვიტარებენ, როგორც ახლა იყო, მაშინ რა გვრჩება ნახევარ საქართველოს? ვფიქრობ, რომ ამ პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ტალღა საქართველოში, რასაც ვერ გაუძლებს ივანიშვილიზმი, ეს ყველაზე არასასურველი სცენარია. მირჩევნია, არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება.

თუმცა, როდესაც არჩევანის უფლებას ართმევ ადამიანებს, რაღაც დროის შემდეგ რევოლუციური სცენარი მაინც დგება დღის წესრიგში, გინდა ეს თუ არა. მე ეს ყველაზე ნაკლებად მინდა ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ სცენარს ვეღარ გამორიცხავ.

ჩვენ ივანიშვილიზმს და მის დაჯგუფებას არ უნდა დავუპირისპიროთ შიშველი ემოციები. გვმართებს, რომ აქტიური ძალისხმევით,  კეთილგონივრული ნაბიჯებით და დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებით, ასევე ელექტორატის იმ ნაწილთან, რომელიც ნეიტრალურ პოზიციაშია, აქტიური მუშაობით, გავზარდოთ მხარდამჭერების რაოდენობა.

ნუ გვექნება ილუზია, რომ ჩვენს ნაცვლად ამას ვინმე სხვა გააკეთებს, ნუ გვექნება ილუზია, რომ დასავლეთიდან შეგვიცვლის ვინმე ამ ხელისუფლებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: