მთავარი,სიახლეები

მოგონებები გამქრალ სივრცეებზე | ბარი ვინილი

25.10.2021 • 2479
მოგონებები გამქრალ სივრცეებზე | ბარი ვინილი

შესავლის მაგივრად

დილით გაღვიძება ყოველთვის მიჭირდა. განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, როცა ზამთარი იდგა და მაშინ თენდებოდა, როცა უკვე პირველ გაკვეთილზე ვისხედით. მაშინ ერთადერთი რაც ამ დროს ჩემში აღტაცებას იწვევდა, იყო სკოლის ფანჯრიდან დანახული ზღვის ჰორიზონტზე გაწოლილი თოვლიანი კავკასიონი, რომელსაც ამომავალი მზე ალისფერს აძლევდა.

მერვე კლასში ვიქნებოდი ალბათ, როცა სანაპიროზე, ჩემი სკოლის უბანში პირველი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რამაც ეს ზამთრის ხედი ძალიან მალე დაფარა. მაშინ ვერ მივხვდი ზუსტად რა მეწყინა, რა გამომეცალა სამუდამოდ ხელიდან. ახლა უფრო და უფრო ცხადია, რომ საზოგადოდ ბევრი რამ გამოგვეცალა, რაღაც ისეთი რამეები, რაც ყოფით პრობლემებს ცოტა ხნით მაინც გვავიწყებდა: ცა, ხედები, მზე, საჯარო სივრცეები, შეკრების ადგილები, სიწყნარე, ჰორიზონტი, კიდევ ალბათ, ბევრი ჯერ კიდევ უცნობი რამ, რაც მოგვიანებით აუცილებლად შეგვახსენებს თავს.

ვინილი (ანუ ვაინილი, როგორც ამას უცხოელები ეძახდნენ)

ბოლო რამდენიმე წელია ვინილს ვემშვიდობებით. მორჩა, ზაფხული რომ გავა, სამუდამოდ დაიკეტებაო და იმდენჯერ გავიდა ასეთი შიშიანი ზაფხული, რომ ახლა ნამდვილად აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ვნახე კარ-ფანჯარა გამოცილილი, ვინილებაყრილი “ვინილი”, ბოლოს გარედან ფანერიც ააკრეს და ასე დასრულდა რამდენიმე დღის წინ ვინილის არსებობა.

2010 წელს, როცა გაიხსნა, ვინილი იმაზე ბევრად პატარა იყო, ვიდრე ბოლოს. 5-6 მაგიდა იდგა, მათ შორის ერთი შავი ტელეფონისთვის (რომელიც არსად რეკავდა) და კიდევ მარცხენა კედელზე ჩამოკიდებული იყო პატარა კარდონზე მიკრული ჩარლზ ბუკოვსკის ლექსი “სტილი”, რომელმაც, ალბათ, იქონია გავლენა ჩემს სამომავლო გემოვნებაზე პოეზიაში. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი ვინილში და ახლა ყველას ერთი კითხვა გვაქვს, აწი სად უნდა წავიდეთ, სად უნდა ვნახოთ ისეთმა ნაცნობებმა ერთმანეთი, რომლებიც მხოლოდ ვინილის შიგნით და ირგვლივ ვიკრიბებოდით? სწორედ ამ კითხვამ გააჩინა ამ ტექსტის დაწერის სურვილიც.

2014 წელი

ვინილის გაქრობამ ყველას გაგვიჩინა იმის შიში, რომ ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები გადაჭარბებული შეიძლება იყოს, მაგრამ ასე თუ ისე, გამოხატავს ქალაქში ურბანიზაციის ამ ტალღით გამოწვეულ დაშორებებს. რაღაცებმა ზღვასთან დაგვაშორა, რაღაცებმა მიწასთან, რაღაცებმაც ერთმანეთთან. ქალაქი კი იცვლება. ქარავანი, ასე ვთქვათ, მიდის.

„ბათუმელების“ მკითხველს ვთხოვეთ, გამოეგზავნათ ფოტოები, რომელიც ვინილში ჰქონდათ სხვადასხვა დროს გადაღებული, ამით ვეცადეთ შეგვეგროვებინა მეხსიერება, რომელიც რჩება ხოლმე დაკიდებული გამქრალი სივრცეების თავზე და იქ გავლისას ჟღარუნით გვახსენებს წარსულს:

“ვინილში პირველად 2011 წელს ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა. იმის მერე ეს ადგილი ჩემთვის ბათუმის განუყრელი ნაწილი გახდა, თუ ბათუმში ჩავდიოდი და “ვინილში” ვერ ვახერხებდი მისვლას, აღარ იყო ჩემი ბათუმში ჩასვლა სრულყოფილი. მეგობრები დამყავდა, მარტო გარეთ ჩამოჯდომაც მიყვარდა. ბევრი მოგონება არ მაკავშირებს ამ ადგილთან, მაგრამ რაც იყო სულ სიხარულით ვიხსენებ. ძალიან დამწყდა გული, რომ ბათუმს აღარ აქვს ეს სივრცე, რომელიც ნამდვილად ძვირფასი იყო ბათუმლებისთვის. ბევრად უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი კაფე”, – გვწერს ლეილა მაჭავარიანი.

მოგვაწოდა ლეილა მაჭავარიანმა

“ჩემი 4 წლიანი ბათუმში ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო ვინილი. ჯერ კვამლიანი, მერე გარეთ მოწევით. ბევრი რამ დამამახსოვრდა, თუმცა ჭადრაკის პარტიები დაუვიწყარია. განსაკუთრებით ნუკრისთან, ვისაც ვერასდროს ვუგებდი, მაგრამ არ ვაღიარებდი” – იხსენებს გიორგი ნადირაშვილი.

მოგვაწოდა გიორგი ნადირაშვილმა

მოგვაწოდა მაშო სამადაშვილმა

“2018 წელი, მე და ანი იმნაძე ვართ ვინილში, მოდის უსაყვარლესი კაცი და გვჩუქნის წიგნს. ბევრი საყვარელი მოგონება გვაკავშირებს ამ ადგილთან”, – წერს სალო დეკანაძე.

მოგვაწოდა სალო დეკანაძემ

მოგვაწოდა სალომე მიქელაძემ

სოციალური ქსელით მოწოდებული ფოტოები

“გუკამ (შეყვარებული) პირველად რომ ჩამომაკითხა ბათუმში 2017 წელს, ეგრევე აქ წავიყვანე” – ნინო ბოლქვაძე.

მოგვაწოდა ნინო ბოლქვაძემ

“ეს ანა და ილია არიან. მათ ერთმანეთი ვინილში გაიცნეს. ახლა ერთად არიან, ოჯახი შექმნეს”, – გვწერს ფოტოს ავტორი მარიამ ათაბაგი.

ფოტო მოგვაწოდა მარიამ ათაბაგმა

ბოლო ზაფხული ვინილში, მოგვაწოდა ნინო მახაძემ

“ეს ფოტო ვინილის ბოლო დღეს გადავიღეთ, იმედია, ხეს მაინც არ მოჭრიან” – ამბობს ჯემალ კახიძე.

აზა და ჯემალი

___

 

დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის აშენებას არჩილ ხაბაძის მეგობრის კომპანია გეგმავს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: