მთავარი,სიახლეები

საქართველოში ბუნებრივი საფრთხეების რუკას ქმნიან ევროპის ქვეყნების დახმარებით

20.10.2021 • 2080
საქართველოში ბუნებრივი საფრთხეების რუკას ქმნიან ევროპის ქვეყნების დახმარებით

ბუნებრივი კატასტროფების შემცირების მიზნით, საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით  დაინერგება მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემა, რომლის ფარგლებშიც უნდა მომზადდეს ბუნებრივი საფრთხეების რუკა. ეს შესაძლებლობას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დანაკარგები. პროექტს გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.

„ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს დავით ჭიჭინაძეს, რომელიც აღნიშნული პროგრამების კოორდინატორია. მისი თქმით, აღნიშნული სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს კატასტროფების, რისკებისა და მოწყვლადობის შეფასებას, შეაგროვებს კლიმატის შესახებ სრულ ინფორმაციას, კარტოგრაფირების მეთოდებისა და ტექნოლოგიების ჩათვლით.

„ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ადამიანები და მნიშვნელოვნად შევამციროთ კატასტროფების შედეგად მიღებული დანაკარგები, თუ ვიმოქმედებთ მანამდე, სანამ საფრთხე კრიზისში გადაიზრდება. ამაში კი დაგვეხმარება საფრთხეების რუკები, რის შექმნაზეც ვმუშაობთ“, – გვეუბნება დავით ჭიჭინაძე.

ძირითადი აქცენტი კეთდება ისეთ ბუნებრივ კატასტროფებზე, როგორებიცაა წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, სეტყვა და გვალვა. პროექტისთვის სხვადასხვა დაფინანსებაა გამოყოფილი, შვეიცარიის მხრიდან კი პროექტი დაფინანსდება 7 100 000 შვეიცარიული ფრანკით.

როგორც დავით ჭიჭინაძე გვეუბნება, საფრთხეების რუკები გაკეთდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ურბანულ, ასევე მუნიციპალურ დონეზე პრევენციული ღონისძიებებისთვის.

„მეთოდოლოგიის პირველი დრაფტები უკვე არსებობს და ამის მიხედვით გაკეთდება რუკები ქვეყნის მასშტაბით. ასეთი რუკები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს ინფრასტრუქტურული პროექტები.

მაგალითად, თუ მე მინდა სახლის აშენება რომელიმე კონკრეტულ ადგილას, ამ შემთხვევაში საფრთხეების რუკა დამეხმარება განვსაზღვრო, ხომ არ არის ეს ტერიტორია მაღალი ან საშუალო რისკის ზონაში და რა ზომები შეიძლება გავატარო ამ რისკების თავიდან ასაცილებლად.

თუ მაღალი რისკის ზონაა, შეიძლება მითხრან, რომ პირველი სართული არ უნდა იყოს ერთ მეტრზე დაბლა და ასე შემდეგ.  მშენებლობების პროცესში აუცილებელია  საფრთხეების რუკების გამოყენება“, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

მას მაგალითისთვის მოჰყავს თბილისში 2012 წელს მომხდარი წყალდიდობა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. „ამ ადამიანებს რომ ჰქონოდათ თავის დროზე საფრთხეების რუკა, ვერეს ხეობაში იმ ტერიტორიაზე რომელიც დაიტბორა, არავინ ააშენებდა საცხოვრებელ სახლს. ამ ინფორმაციის არქონის გამო გაიცა ნებართვები ისეთ ადგილებზე, სადაც ძალიან მაღალი იყო ბუნებრივი კატასტროფის რისკი.

ასეთი საფრთხეების შეუფასებლობა, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ბევრად უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე ამ სისტემის შექმნა, რომელიც გვაძლევს საშუალებას წინასწარ შევისწავლოთ ასეთი საფრთხეები“, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.

ის ასევე იხსენებს თბილისში, ვაშლიჯვრის თავზე, მთის ფერდზე გაჩენილ ნაპრალებს, რომელიც ახალი გზის გაყვანის შედეგად გაჩნდა. „ზუსტად ამისთვის არის საფრთხეების რუკები აუცილებელი, რომ დროულად შევისწავლოთ. არაერთი შემთხვევაა საქართველოში, როცა გაიყვანენ გზას, შემდეგ მთა ჩამოინგრევა და უფრო დიდი პრობლემები იქმნება. ამიტომ უნდა შევისწავლოთ კარგად, ფუჭად რომ არ დაიხარჯოს თანხები და არც ეკოლოგიას მიადგეს ზიანი“, – გვეუბნება დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, როცა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, წინასწარ ექნება ინფორმაცია საფრთხეების რუკების მეშვეობით, ეს თავიდან აგვარიდებს მოსალოდნელ კატასტროფებს.

დღეს, ძირითადად დიდ ქალაქებში, აქტიურად აშენებენ საცხოვრებელ კორპუსებს და სხვა ობიექტებს. მაგალითად, თბილისში ფერდობის ჩამონგრევის არაერთი შემთხვევაც იყო. თუ ამ რუკების დასრულების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ბევრი სახლი დგას საფრთხის შემცველ ადგილებზე, როგორ შეიძლება განვითარდეს ამბავი? – ვკითხეთ დავით ჭიჭინაძეს.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ მოითხოვს სისტემის შექმნა საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რადგან ეს პროცესები კანონით უნდა დარეგულირდეს.

„მაგალითად, შვეიცარიაში საფრთხეების რუკის გარეშე არცერთი მშენებლობა არ მიმდინარეობს. მთელი ქვეყანა დაფარულია რუკებით. რუკებამდე აშენებული სახლების დანგრევა არავის უბრძანებია, თუმცა მეპატრონეებს დაევალათ დამცავი ღონისძიებების გატარება.  ჩვენთან რა მოხდება ვერ გეტყვით.

ჩვენ გვაქვს იმის მაგალითები, როცა ღვარცოფმა დაანგრია სახლი, მეპატრონემ აიღო კომპენსაცია და შემდეგ ისევ იმავე ადგილზე ააშენა სახლი. შვეიცარიაში ამის უფლებას არ აძლევენ“, – ამბობს ის.

მეწყერების მხრივ აჭარა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეგიონია. არაერთ სოფელს თუ დასახლებას ექმნება ძლიერი წვიმების დროს საფრთხე. დავით ჭიჭინაძის თქმით, საფრთხეების რუკები შესაძლებლობას მისცემს ადამიანებს დროულად განსაზღვრონ მეწყრების რისკები ასეთ ზონებში.

ბუნებრივი კატასტროფების თავიდან არიდების სისტემის შექმნაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტებიც. სისტემის შექმნა 2018 წელს დაიწყო, თუმცა საბოლოოდ 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს.

პროექტი მოიცავს საგანმანათლებლო კომპონენტსაც. ჭიჭინაძის თქმით, ამ პროცესში ჩართულია ჟენევის უნივერსიტეტი, რომელმაც „მდგრადი კავკასია“-სთან“ ერთად საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში დანერგა საგანგებო სიტუაციების მართვის საუნივერსიტეტო ონლაინკურსი.

„ეს კომპონენტი რეგიონულია და მოიცავს როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთსაც. კურსი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მომზადდეს შესაბამისი სპეციალისტები, რადგან ბუნებრივი კატასტროფების მართვა ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოსთვის. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ამ კუთხით განათლებული და ექნება ცოდნა, მეტად წაადგება ქვეყანასაც.

რამდენად გამოსადეგი იქნება საფრთხეების რუკები ჰესების მშენებლობების დროს?

როგორც დავით ჭიჭინაძე ამბობს, ჰესების შემთხვევაში კვლევები აუცილებელია და უფრო სიღრმისეული შესწავლაც საჭიროა, რომ ვიცოდეთ ლოკალურ დონეზე რომელმა პროექტმა რა საფრთხე შეიძლება გამოიწვიოს.

„საერთოდ, ბუნებაში ნებისმიერი სახით ჩარევა იწვევს ნეგატიურ შედეგს. გზაც რომ გაგვყავს, ესეც კი უქმნის საფრთხეს გარკვეულ ცხოველებს, რადგან ესა თუ ის ცხოველი ამ კონკრეტულ მონაკვეთში გადაადგილდებოდა, გზის გაჭრის შემდეგ შეიძლება მათ მანქანა დაეჯახოს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ნეგატივის ზემოქმედების შემცირება. ფატალური და დიდი კატასტროფები არ უნდა გამოიწვიოს ჩვენმა ქმედებებმა და ჩარევამ ბუნებაში“, – ამბობს ის.

რამდენად ხელმისაწვდომი იქნება საფრთხეების რუკა მოქალაქეებისთვის. შეეძლებათ თუ არა მათ, ელექტრონულად გადაამოწმონ მათთვის საინტერესო ტერიტორია ხომ არ არის მოქცეული კატასტროფის ზონაში?

დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ სისტემის შექმნის მიზანი სწორედ ის არის, რომ ადამიანებმა მიიღონ ინფორმაცია. „როგორც საკადასტრო რუკაა ხელმისაწვდომი, აქვე შეიძლება დაემატოს საფრთხეების რისკის შრეც, სადაც შევა დაინტერესებული პირი და მოიპოვებს ინფორმაციას“, – ამბობს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, პროექტის ეს კომპონენტიც კანონმდებლობის ჩამოყალიბების დროს უნდა განისაზღვროს.

_________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: