განათლება,მთავარი,სიახლეები

საზღვაო აკადემია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს

19.10.2021 • 2842
საზღვაო აკადემია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს

ბათუმის საზღვაო აკადემია უარს ამბობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღადგინოს შესაბამის თანამდებობაზე აკადემიის ყოფილი პროფესორი ვაჟა ანანიძე. დღეს, 19 ოქტომბერს, ვაჟა ანანიძემ საზღვაო აკადემიისგან რექტორის ხელმოწერილი ოფიციალური განცხადება მიიღო, რომელშიც წერია: „სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაჟა ანანიძის დაუყოვნებლივი აღდგენის შესახებ ვერ განვახორციელებთ შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო“.

აკადემიიდან გათავისუფლების დროს ვაჟა ანანიძე აკადემიის ბიბლიოთეკის კოორდინატორის პოზიციაზე მუშაობდა და სწორედ ამ პოზიციაზე უნდა აღედგინათ ის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

ვაჟა ანანიძის უფლებებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის იურისტის, ანა ბერძენიშვილის თქმით, საზღვაო აკადემიის გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან ის უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ დღეს, სამუშაო საათების დასრულებამდე, მივმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოვითხოვოთ ამ საქმის გადაგზავნა პროკურატურაში. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაში ხელშეშლა ან სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, მით უფრო საზღვაო აკადემიის მხრიდან, სისხლის სამართლის დანაშაულია. ამაზე შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეს საქართველოს პროკურატურას“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

მისი თქმით, განხილვის დროს სასამართლო კვლევის საგანი არ ყოფილა, რამდენად აქვს საზღვაო აკადემიას ვაკანტური პოზიცია, ან შესაფერისი პოზიცია თუნდაც თანამდებობრივი თვალსაზრისით, ან გასამრჯელოს ანაზღაურების კუთხით. „სასამართლოს ეს მსჯელობა ნიშნავს იმას, რომ საზღვაო აკადემიამ დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს გადაწყვეტილება და ვაჟა ანანიძე აღადგინოს ტოლფას თანამდებობაზე.

არაერთ გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა იმას ნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ, თუ არ გააჩნია ტოლფასი თანამდებობა, უნდა უზრუნველყოს ტოლფასი თანამდებობის შექმნა. ამას რა პროცედურით და საშუალებით მოახდენს, ეს დამოკიდებულია მოპასუხეზე“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

იურისტის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შრომით დავებში ეს იქნება ნონსენსი, რადგან ყველა გათავისუფლებული – საჯარო მოხელე იქნება თუ კერძო ორგანიზაციაში დასაქმებული, სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში ვერ დაბრუნდება სამსახურში. „როგორც წესი, მეორე ან მესამე დღეს ხდება ან შტატის გაუქმება, ან შტატისთვის სახელის გადარქმევა. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება მოგების მიუხედავად ვერასდროს აღსრულდება“, – ამბობს ბერძენიშვილი.

ანა ბერძენიშვილის თქმით, აკადემიამ სასამართლო გადაწყვეტილების კიდევ ერთი მუხლი არ აღასრულა: კერძოდ, ვაჟა ანანიძეს დღემდე არ ჩარიცხვია განაცდური ხელფასი – რაც ასევე სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფაა.

ვაჟა ანანიძის სარჩელი სასამართლომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიხედვით, აკადემიამ არა მხოლოდ უნდა აღადგინოს ანანიძე სამსახურში, არამედ ორი წლის ნაცდური ხელფასი და ასევე მორალური კომპენსაცია – 25 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს.

„ეს ყველაფერი მიუთითებს საზღვაო აკადემიის უკანონო ქმედებებზე, რადგან სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ, მიუხედავად იმისა, აკადემია მომავალში გააგრძელებს თუ არა სასამართლო დავას სააპელაციო სასამართლოში.

შრომის დავების შემთხვევაში არის ასეთი ლოგიკა, რომ დაზარალებულ, უკანონოდ გათავისუფლებულ და შემდგომში კომპენსაციამიღებულ მოქალაქეს არ უნდა მოუწიოს წლობით ლოდინი, როგორც სამსახურში აღდგენაზე, ასევე ხელფასის მიღებაზე“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი.

„ბათუმელები“ კომენტარისთვის დაუკავშირდა საზღვაო აკადემიას. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ კომენტარს შეუთანხმებდნენ აკადემიის იურიდიულ სამსახურს. მოგვიანებით კი გვითხრეს, რომ „რადგან შეეხება კონკრეტულ პირებს, ეს არის პერსონალური ინფორმაცია“ და დამატებით ინფორმაციას ამ საკითხზე ვერ მოგვაწვდიდნენ.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: