მთავარი,სიახლეები

ჩამონგრეული კორპუსის მეზობლად მდებარე შენობას გამაგრება სჭირდება – ბათუმის მერია

19.10.2021
ჩამონგრეული კორპუსის მეზობლად მდებარე შენობას გამაგრება სჭირდება – ბათუმის მერია

ბათუმში, მემედ აბაშიძის #56 ში მდებარე შენობას გამაგრება სჭირდება და საჭიროა გადაუდებელი სამუშაოები –  ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ განაცხადა დღეს, 19 ოქტომბერს.

ლელა სურმანიძის თქმით, სამუშაოების დასრულებამდე მოსახლეობის ალტერნატიულ სივრცეში ცხოვრების ხარჯებს მერია დაფარავს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსში  მცხოვრები ოჯახები სასტუმროებში 16 ოქტომბერს გადაიყვანეს. ევაკუაცია გვიან საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ საფრთხეს შეიცავს ცხოვრება ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელ კორპუსშიც.

მერიამ 40-მდე ოჯახი მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანა. როგორც მაშინ განმარტეს, მიმდინარეობდა ექსპერტიზა, პირველადი კვლევების შემდეგ ექსპერტებმა პრევენციის მიზნით მოსახლეობის კორპუსიდან გაყვანა მოითხოვეს.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი ნაკვეთური  ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, კვლევით ნაწილში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით,“ – განაცხადა ლელა სურმანიძემ.

რაც შეეხება მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 26 მაისის ქუჩაზე გამავალ ნაკვეთურს, მერიის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მისი ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია.

„აღნიშნული ნაკვეთური დღეის მდგომარეობით გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაკვეთური საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროებს აღმოფხვრას.“

ლელა სურმანიძემ განმარტა ასევე, რომ მიმდინარე სამუშაოები მერიასთან შეთანხმებულ პროექტთან შეუსაბამო იყო, რაზეც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

მერიის ინფორმაციით, გამაგრებით სამუშაოებს დაზიანებული ფართობის მეპატრონე ჩაატარებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: