მთავარი,სიახლეები

რატომ არის მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარი

14.10.2021 • 1898
რატომ არის მინიმალური ხელფასი კვლავ 20 ლარი

კანონმდებლობით საქართველოში მინიმალური ხელფასი 1999 წლის შემდეგ არ შეცვლილა და იგი დღემდე 20 ლარს შეადგენს. ამავდროულად საარსებო მინიმუმი საქართველოში 221.1 ლარია.

ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და  კავკასიის კვლევითი რესურსცენტრის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით სამი მეოთხედი მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის არსებობას. რესპონდენტების მიერ დასახელებული გონივრული მინიმალური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 854.1 ლარია.

საქართველოში მინიმალური ხელფასი არ შესწორებულა არც სამომხმარებლო ფასების ცვლილების, არც ყოველთვიური საშუალო ხელფასის და არც ზოგადად, საქართველოში ცხოვრების დონის შესაბამისად.

ერთადერთი ცვლილება, რაც ამ მხრივ კანონში აისახა, საჯარო მოხელეების მინიმალურ ხელფასს უკავშირდება, რომელიც 2005 წელს 135 ლარით განისაზღვრა.

ეკონომისტი ზურაბ კუკულაძე ამბობს, რომ მინიმალური ხელფასის ცნებისადმი წლების განმავლობაში ასეთი ინდიფერენტული მიდგომა, როგორც მთავრობის, ისე არასამთავრობო და მედიაელიტის მხრიდან, პირველ რიგში, იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში მშრომელთა უფლებები არ აინტერესებთ.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არავინ უყურებს მინიმალური ხელფასის ცნებას. მიიჩნევენ, რომ ეს უნდა გადაწყდეს თავისუფალ კონკურენციაში. გასაგებია, კონკურენცია მუშაობს, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული ტიპის სახელმწიფოებრივი ასახვა,“ – ამბობს ის.

გასული წლის სექტემბერში კანონპროექტი, რომელიც  საქართველოში თვიური მინიმალური ხელფასის 20 ლარიდან 500 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ჩააგდო.

მინიმალური ხელფასის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება დამსაქმებლებისთვის დამატებით თავისტკივილია და კიდევ უფრო გაზრდის უმუშევრობის დონეს ქვეყანაში.

მაგალითად, საქართველოსა და კავკასიის უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი აკაკი ცომაია ამბობს, რომ

„მინიმალური ხელფასის შემოღების შედეგად უმუშევრობის დონე კიდევ უფრო იზრდება იმ ადამიანების ხარჯზე, რომელთა ხელფასიც იზრდება და რომლებიც ახერხებენ და ინარჩუნებენ თავიანთ სამუშაოს…. ასეთ საკანონმდებლო ინიციატივებზე საწარმოების, კომპანიების პასუხი არის ის, რომ ისინი ამცირებენ მოთხოვნას სამუშაო ძალაზე.

შესაბამისად, ვინც შეინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს, მისი ხელფასი შეიძლება მცირედით გაიზარდოს, მაგრამ ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ვიღაცები დაკარგავენ სამსახურს და უმუშევრობის დონე აიწევს“. 

მინიმალური ხელფასის გაზრდის მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოში ღარიბი დასაქმებულების რიცხვს შეამცირებს.

„ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში და საზოგადოებაში, რომლის წევრობაზეც ჩვენ გვაქვს პრეტენზია, მინიმალური ხელფასის ცნება არსებობს და ეს არის საკმაოდ შინაარსიანი პოზიცია ეკონომიკური პოლიტიკის, თუ როგორ უდგება სახელმწიფო დასაქმებულებს. მაგრამ ჩვენთან, ჩვენს ეკონომიკურ ვითარებაში, დასაქმებულებს პრაქტიკულად არ აღიარებენ და თუ საუბარია იმაზე – ვის დავეხმაროთ, ვის ინტერესებს გავუწიოთ ერთგვარი ლობირება, პასუხი ყოველთვის არის – ბიზნესი,” – ამბობს ზურაბ კუკულაძე.

კვლევა: ღირსეული მინიმალური ხელფასის ოდენობა განსხვავებულია სოციო-დემოგრაფიული ჯგუფების მიხედვით. კაცები, თბილისელები და ქართველები უფრო მაღალ რაოდენობებს ასახელებენ, ვიდრე – ქალები, სოფლის მცხოვრებლები და ეთნიკური უმცირესობები.

დასაქმებული რესპონდენტები საკუთარი პროფესიისთვის საშუალო ღირსეულ ანაზღაურებად 1 457 ლარს მიიჩნევენ. უმუშევრებისთვის ეს მაჩვენებელი 1 288 ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ სხვაობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით არ ფიქსირდება.

წყარო: პროფკავშირი

„რაც შეეხება მინიმალური ხელფასის ცნებას ჩვენს ქვეყანაში, არ მაქვს ილუზია, რომ არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაში სერიოზული ნაბიჯების გადადგმას უნდა ველოდოთ.

მაგრამ ზოგადად ამას, პირველ რიგში, აქვს სიმბოლური დატვირთვა. ბევრი იტყვის იმას, რომ ახალი რეგულაცია და ახალი შეზღუდვა დამსაქმებლისთვის გააუარესებს საინვესტიციო გარემოს/პირობებს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომელიმე სერიოზული ინვესტორი რომ უყურებდეს – 20 ლარი იქნება მინიმალური ხელფასი თუ 200 ლარი. თუ ასეთი ტიპის ინვესტორებზეა საუბარი, არ გვინდა ასეთი ინვესტორი. ესე იგი,  ის საერთოდ არ ფიქრობს თავის დასაქმებულზე და რად გვინდა ასეთი ინვესტიცია, თუ ქვეყანაში არ გააუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას,” – ამბობს ზურაბ კუკულაძე.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი 1328.0 ლარია, თუმცა საქართველოში მშრომელთა საკმაოდ დიდ ნაწილს გაცილებით უფრო დაბალი ხელფასი აქვს, მაგალითად, სანიტრებსა და ექთნებს, რომელთა ხელფასიც ხშირად 300-800 ლარია.

„რეალურად არავინ საუბრობს ევროკავშირის დადებით ფაქტორებზე, შედეგებსა და მაღალი სოციალური დაცვის პაკეტებზე. სანამ მსგავსი სერიოზული საკითხებით არ დაინტერესდება ქართული ეკონომიკური მმართველი ელიტა, თუნდაც არასამთავრობო და მედიაელიტა, სანამ არ ვისწავლით მომხმარებელთა უფლებების დაცვას, იმავე დასაქმებულების უფლებების დაცვას, არა მარტო მინიმალური ხელფასის კონტექსტში, არამედ სხვადასხვა მიმართულებით, იგივე შრომითი უსაფრთხოების ნაწილში, რაზეც ჯერაც ვერ ვსაუბრობთ ჯეროვნად და ადეკვატურად, ევროკავშირი მანამდე იქნება რაღაც ვირტუალური ოცნება ჩვენი საზოგადოებისთვის,“ – ამბობს  ზურაბ კუკულაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: