მთავარი,სიახლეები

ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სუსის ღირსეული ხელმძღვანელი, ბატონი ლილუაშვილი 

30.09.2021 • 1538
ღარიბაშვილი: ჩვენ გვყავს სუსის ღირსეული ხელმძღვანელი, ბატონი ლილუაშვილი 

დღეს, 30 სექტემბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებსა და უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. პრემიერმა თქვა, რომ სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 17 წელია მისი მეგობარია და დასძინა, რომ მასსა და ლილუაშვილს შორის დაპირისპირება არ არსებობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა სავარაუდოდ სუსიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით საუბარი სუსისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.

„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ლილუაშვილი. მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა მათი პატრიოტიზმისთვის და ჩვენი ქვეყნის სამსახურისთვის.

როცა საქმე ეხება ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტს, როგორიცაა სუსი და ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათი ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ სიმშვიდეს, პატივი უნდა ვცეთ და მადლობა უნდა გადავუხადოთ.

ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს, მოახდენს იდენტიფიცირებას რა იყო აქედან (ფარული ჩანაწერებიდან) კანონის ფარგლებში განხორციელებული მოსმენები და რა არის ფაბრიკაცია. ამის შემდეგ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

___

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში, სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი აიტვირთა. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიამ 13 სექტემბერს, ღამით მიიღეს ჰაკიმ ფაშას სახელით, სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ”.

ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: