მთავარი,სიახლეები

მაუწყებელი ვალდებულია არ განათავსოს ომის პროპაგანდის შემცველი პოლიტიკური რეკლამა – მედიაომბუდსმენი

19.10.2024 •
მაუწყებელი ვალდებულია არ განათავსოს ომის პროპაგანდის შემცველი პოლიტიკური რეკლამა – მედიაომბუდსმენი

შეუძლია თუ არა მაუწყებელს უარი თქვას პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე  – ამ საკითხზე „მედიაომბუდსმენის“ დირექტორს, ნათია კაპანაძეს ვკითხეთ. მისი განმარტებით, კანონმდებლობის და პრაქტიკის კიდევ ერთხელ შესწავლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიგ შემთხვევებში მაუწყებელი ვალდებულიც კი არის არ განათავსოს პოლიტიკური რეკლამა.

მმართველი პარტიის ვიდეორგოლებთან დაკავშირებული საკითხი „მედიაომბუდსმენმა“ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით დეტალურად გამოიკვლია „შეუძლია თუ არა მაუწყებელს უარი თქვას პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე“.

 როგორც უზენაესი სასამართლო აჭარის მაუწყებლის საქმეში უთითებს:

„ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. შესაბამისად, მაუწყებელმა რეკლამის, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებამდე მხედველობაში უნდა მიიღოს ზემოაღნიშნული ზოგადი დანაწესები“. 

ნათია კაპანაძის განმარტებით, სამართლებრივი ანალიზის პროცესში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა, როგორ ხდება ძალაუფლების გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ: 

„ვიდეორგოლი არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საქართველოს საარჩევნო კოდექსს. არ არის თანხვედრაში „მაუწყებლობის შესახებ“ და „რეკლამის შესახებ“ კანონების მოთხოვნებთან. თუმცა კომუნიკაციების კომისია და სასამართლო ახერხებს გაამართლოს მმართველი პარტიის მოთხოვნა. ამ პროცესში კომისია არასწორად და არასათანადოდ განმარტავს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებას“. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამი მაუწყებლის დასჯისას, კომუნიკაციების კომისიის განმარტებები მისსავე შედგენილ გზამკვლევსაც ეწინააღმდეგება:

მართალია, საარჩევნო სუბიექტი პოლიტიკურ რეკლამას, როგორც წესი, თავისი შეხედულებისამებრ ქმნის და იგი არ არის მომზადებული მაუწყებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის ფარგლებში, მაგრამ მაუწყებელმა ნებისმიერი რეკლამის გავრცელებამდე უნდა შეაფასოს მისი შესაბამისობა კონსტიტუციით დადგენილ ზოგად მოთხოვნებთან და პრინციპებთან, როგორც ეს არის მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში. იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ საარჩევნო სუბიექტის დამზადებული და მაუწყებლისათვის წარდგენილი რეკლამა კანონშეუსაბამოა, მაუწყებელმა იგი ეთერში არ უნდა განათავსოს – მითითებულია მარეგულირებელი კომისიის მიერ 2024 წლის 16 აგვისტოს გამოქვეყნებულ სარეკომენდაციო დოკუმენტში“.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაუწყებლების საჩივარი განიხილა და 19 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის თქმის შესახებ.   „საჩივარში მოხსენიებული საარჩევნო სუბიექტის მიერ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული ვიდეორგოლის შესწავლის შედეგად არ იკვეთება საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა“.

ნათია კაპანაძის შეფასებით: „კრიტიკული მედიის დასასჯელად „ქართული ოცნების“ მოთხოვნასა და ჯერ კომუნიკაციების კომისიის, შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიასა და სასამართლოს გადაწყვეტილებების თანხვედრა ნათლად ჩანს კოორდინირებული მოქმედების ნიშნები. “


საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა საარჩევნო ბანერები, სადაც „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

ბანერების ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქები, ეკლესიები, საავადმყოფოები და თეატრებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის ვიდეორგოლი.

პროპაგანდისტულ ბანერებსა და ვიდეორგოლს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მათ “კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული” და სამარცხვინო უწოდა. საკითხს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: