მთავარი,სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელს სამსახურში კოვიდპასპორტის წარდგენა დაევალა

28.08.2021
სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელს სამსახურში კოვიდპასპორტის წარდგენა დაევალა

ომბუდსმენმა სახალხო დამცველის აპარატში მომუშავეებს კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულება დააკისრა. შესაბამის ბრძანებას ნინო ლომჯარიამ ხელი 26 აგვისტოს მოაწერა.

ამ ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია სამსახურში წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

„კოვიდ საბუთის გარეშე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს გარეთ (გარდა დისტანციურად მუშაობისა); ხოლო, გამოუცხადებლობა ანდა სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არასაპატიოდ,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა გამოაქვეყნა.

რაც შეეხება იმ თანამშრომლებს რომლებიც ვაქცინაციას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ იტარებენ, მათ ევალებათ სამსახურში წარადგინონ ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც ეწერება, რომ არ შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება.

„თანამშრომლებმა, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აქვთ ვაქცინაზე სამედიცინო უკუჩვენება ან დროებითი უკუჩვენება (მათ შორის, Covid-19-ით ავადობის შემდგომი პერიოდი), უნდა წარადგინონ ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი (ცნობა, ფორმა N100 ან მსგავსი ტიპის სხვა დოკუმენტი), რომელშიც პირდაპირ იქნება მითითება ვაქცინაციის ჩატარების შეუძლებლობის ან/და კონკრეტულ დროის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატი, თანამშრომლის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკიდან და სახალხო დამცველის აპარატის საჭიროებებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია იმსჯელოს ამ თანამშრომლისათვის განსხვავებული სამუშაო რეჟიმის დადგენის შესახებ ან/და დროებითი უკუჩვენების პერიოდში, აპარატის ხარჯით PCR ტესტის ჩატარების თაობაზე,“ – ნათქვამია ბრძანებაში.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით,  27 აგვისტოს მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/560519/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: