განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წიგნები, ფილმები და ადამიანები | არჩილ ქიქოძე

25.08.2021 • 1437
წიგნები, ფილმები და ადამიანები | არჩილ ქიქოძე

ავტორი: არჩილ ქიქოძე, მწერალი

___

ერთხელ მამაჩემმა წიგნი მაჩუქა. წიგნს ერქვა „მხედარი და ცხენი“. ადამიანის მიერ ცხენის მოშინაურებასა და მის გამოყენებას ეხებოდა. იმ ასაკში ასეთი ლიტერატურის, სამეცნიერო წიგნის წაკითხვა ადრე იყო ჩემთვის. წიგნი გადავდე და მერე გაქრა.

მერე გავიზარდე, წიგნი არ ჩანდა და ალბათ არასოდეს მოვისაკლისებდი – თავიც სულ სხვა რამეებით მქონდა დაკავებული, ის სხვა რამეები ძალიან შორს იყო მეცნიერებიდან.

მამაჩემს კი მუდამ ახსოვდა დაკარგული წიგნი და როდესაც გამიბრაზდებოდა, მეუბნებოდა: სად რის Всадник и конь? აზრზე არ ვიყავი, სად იყო. ვფიქრობდი, რომ ალბათ მართლა იშვიათი წიგნია, რადგან ასე კითხულობს და ასე მიბრაზდება მისი დაკარგვის გამო-მეთქი. არადა, სახლიდან არ გამიტანია, გარშემოც არავინ მყავდა იმის წამკითხველი.

მერე მე კიდევ უფრო გავიზარდე. მერე ცოლი მოვიყვანე, ცალკე წავედი საცხოვრებლად. მე თვითონ მამა გავხდი. მამაჩემი დაიღუპა და მისი გარდაცვალებიდან ცოტა ხნის მერე ბიძაჩემს, დედაჩემის ძმას უთქვამს, თქვენი წიგნია ჩემთანო. ის აღმოჩნდა – „ცხენი და მხედარი“.

წამოვიღე და მაშინვე წავიკითხე, საინტერესო წიგნი აღმოჩნდა. მაგრამ მთავარი წიგნის შინაარსი არ იყო. მთავარი იყო წარწერა, რომელიც მამაჩემს გაეკეთებინა პირველ გვერდზე  და მომმართავდა, როგორც „ჩვენს ჭკვიან ბიჭს“. იმედი ჩანდა იმ წარწერაში, იმის იმედი, რომ ამ წიგნსაც წავიკითხავდი და კიდევ სხვა წიგნებს. წიგნზე მეტად ის სამახსოვრო წარწერა ენანებოდა დასაკარგად და ალბათ სწორედ მაშინ ახსენდებოდა, როდესაც განსაკუთრებით უიმედო ვჩანდი.

მერე კიდევ გავიდა წლები და მე ჩემი პირველი რომანის წერა დავიწყე. მაშინ დავუბრუნდი სამეცნიერო წიგნს – „მხედარი და ცხენი“. არ ვიცოდი, შიგნით რას ვეძებდი, მაგრამ იმედით დავუბრუნდი, რომ შიგნით რაღაცას, სულ პატარა რაღაცას მაინც ვიპოვიდი ისეთს, რაც გამომადგებოდა და… ვიპოვე – ერთი სცენა წინასიტყვაობაში, რომელმაც ჩემს რომანში დაიდო ბინა და დღესაც იქ ცხოვრობს.

ეს ერთი ამბავი წიგნთან დაკავშირებული…

მეორე ამბავი სულ ამასწინათ მოხდა – გასულ ზამთარს, როდესაც ორი კვირა თბილისის მწერალთა სახლში ვიცხოვრე. ამ ორ ამბავს სულ არაფერი აკავშირებს. უფრო სწორედ, მხოლოდ ის აკავშირებს, რომ ზამთარშიც წიგნს ვწერდი და სანამ ვწერდი, ვერც პანდემია მაკლებდა რამეს და ვერც პოლიტიკა. ჰოდა, ვცხოვრობდი მწერალთა სახლში, სადაც გამოჩენილ მწერალთა სახელობის ოთახებია. იმ დიდ მწერალთა, რომელთაც ჩვენს პატარა ქვეყანასთან ჰქონდათ კავშირი. მე ამერიკელი ჯონ სტაინბეკის ოთახში ვცხოვრობდი. ეს კაცი იყო ნობელის პრემიის ლაურეატი, დიდი მწერალი, რომელიც 1947 წელს მეორე დიდ კაცთან, ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად ეწვია საქართველოს. ამ ვიზიტის შესახებ დაწერა კიდეც წიგნში, რომელსაც „რუსული დღიური“ ჰქვია.

ჩემი თაობის ბიჭებისთვის (რომლებიც უკვე დიდი ხანია „ბიჭები“ აღარ ვართ) სტაინბეკი, პირველ რიგში, ავტორია ერთი პატარა, ხულიგნური და ყველაზე ადამიანური წიგნისა, რომელსაც „ტორტილა ფლეტის უბანი“ ჰქვია და რომელიც სიცოცხლის ჰიმნია ნამდვილი.

სტაინბეკის ოთახში, რა თქმა უნდა, ეკიდა მწერლის პორტრეტი და, რა თქმა უნდა, რობერტ კაპას გადაღებული. ოღონდ ის პორტრეტი ისეთია, რომ კაპაც ჩანს შიგნით. სარკეშია გადაღებული. სარკის წინ, ღონიერი, ულვაშებიანი კაცი ზის და ობიექტივში, უფრო სწორედ კი, სარკეში იყურება გამჭოლი მზერით. მის უკან პირშისიგარეტგაჩრილი რობერტ კაპა ჩასცქერის ფართოფირიან აპარატს.

ეგეთი აპარატი ჩვენც გვქონდა – გერმანული „როლიფლექსი“, ზევიდან ჩასახედი, საოცარი ლინზებით და გამოსახულებით. ის აპარატი ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში მამაჩემს მოპარეს კიდევ სხვა აპარატთან, ბოთლ „ჯონი ვოკერთან“ და გასაოცარ ავღანურ დანასთან ერთად, ერევანი-თბილისის მატარებელში. სადგურიდან სახლში წამოსულმა გზად თონის პური იყიდა, ხელცარიელი რომ არ დაბრუნებულიყო შინ…

მწერალთა სახლში კარგად ვმუშაობდი. როდესაც განსაკუთრებული გამომდიოდა რამე, სტეინბეკს ვუკრავდი თვალს. ერთი-ორჯერ მისთვის ცხვირში წკიპურტის მირტყმაც კი მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე. მის უკან ფოტოაპარატმომარჯვებულ გამხდარ და შავგრემან კაპას ყურადღებას არ ვაქცევდი.

მერე ფილმი ჩავირთე. არის მრავალჯერ ნანახი ფილმები, რომელთა ყურებას დაღლილზე არაფერი სჯობს. ზეპირად იცი, მაგრამ მაინც კარგია, მომაჯადოებელი. ის, რომ ზეპირად იცი, კარგიც კია, შეიძლება ჩაგეძინოს და არ დაგენანოს. უბრალოდ, ნაცნობი სურათი გჭირდება, რომ თვალი და გონება ოდნავ გადართო სხვა რამეზე… ჩავირთე ჰიჩკოკის „ფანჯარა ეზოს მხარეს“ და არ დამეძინა. ყურებისას გამახსენდა, რომ რაღაც იმაზე მეტი ვიცოდი ამ ფილმზე, ვიდრე მახსოვდა. რაღაც ვიცოდი – ვიღაცის ნაამბობი…

ფილმის მთავარი გმირი ცნობილი ფოტორეპორტიორია, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი, ამიტომ ინდოჩინეთში ომის გადასაღებად ვერ მიდის და მეზობლების ფანჯრებს აკვირდება. ეჭვი აქვს, რომ მოპირდაპირე ბინაში მკვლელობა მოხდა, ფეხმოტეხილს კი მხოლოდ ის შეუძლია, რომ უთვალთვალოს.

მერე იწყება თავბრუდამხვევი ამბავი, ძალიან მაგარი გადაღებული. ამ ამბის მოყოლას არ ვაპირებ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ ფოტოგრაფს ჰყავს შეყვარებული, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ლამაზი ქალი, მოდის ჟურნალებზე გამოსახული. გოგოს ის თავდავიწყებით უყვარს, ფოტოგრაფს კი არ უნდა საკუთარი მოხეტიალე ცხოვრების წესის შეცვლა.

ცვლილებები აშინებს.

სადღაც ფილმის შუაში გამახსენდა, რაც ოდესღაც მომიყვნენ, ოღონდ ვინ მომიყვა, ის კი ვერაფრით გავიხსენე. ალფრედ ჰიჩკოკმა ეს ფილმი რობერტ კაპას და მსახიობ ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო ამბავზე გადაიღო, ყოველ შემთხვევაში, მათი ისტორია გახდა მისი შთაგონება. და მერე…? ფილმში ფოტოგრაფს კაპაზე ბევრად სიმპათიური ჯეიმს სტიუარტი თამაშობს, ქალს კი – გრეის კელი, რომელიც მალე მონაკოს პრინცესა უნდა გახდეს და კინომატოგრაფს სამუდამოდ დაანებოს თავი. ცხოვრებაში კაპა და ინგრიდ ბერგმანი ცოტა ხანს იყვნენ ერთად. მალევე დაშორდნენ, კაპა ინდოჩინეთში (დღევანდელი ვიეტნამი) მორიგი ომის გადასაღებად გაემართა და იქ ნაღმზე აფეთქდა. ასე დაიღუპა ეს კაცი, ალბათ ყველაზე ცნობილი ომის ფოტოგრაფი და არაჩვეულებრივი ბედის ადამიანი.

ფილმში კი… ფილმში ფოტოგრაფი ფეხმოტეხილი წევს და ომში ვერ მიდის. ვერ გავძელი და ინტერნეტში ჩავწერე რობერტ კაპას სახელი და ჰიჩკოკის ფილმის სათაური. 1954 წელი… ამ წელს დაიღუპა ფოტოგრაფი და ამ წელს გადაიღო რეჟისორმა თავისი საოცარი ფილმი. ჰოდა, არ ვიცი, დამთხვევაა ეს თუ არა, მაგრამ ასე ვიფიქრე, რომ ალფრედ ჰიჩკოკმა რობერტ კაპა გადაარჩინა. ამ ფილმით ალტერნატიული ისტორია დაწერა, უფრო კი გადაიღო.

სულ არ არის საჭირო, რომ ეს ჩემი მიგნება ნამდვილი იყოს. მთავარი აქ ისაა, როგორ წამოვდექი ფეხზე, როგორ მივედი სტეინბეკის პორტრეტთან და დიდხანს როგორ ვათვალიერე მეორე კაცი მის უკან და ახლა მას ჩავუკარი თვალი.

მწერალთა სახლში გატარებული ორი კვირიდან სწორედ ეს წამი მახსოვს ყველაზე უკეთ.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: