მთავარი,სიახლეები

ხალხმრავლობა და დაუცველი დისტანცია ქუთაისში “კარფურის” გახსნაზე

25.08.2021 • 2507
ხალხმრავლობა და დაუცველი დისტანცია ქუთაისში “კარფურის” გახსნაზე

დღეს, 25 აგვისტოს, ქუთაისში მასშტაბური და ხალხმრავალი ღონისძიება კანონდარღვევით გაიმართა. სავაჭრო ცენტრ „ვესთ ფოინთში“, რომელშიც 44 ობიექტია თავმოყრილი, საზეიმოდ გაიხსნა ჰიპერმარკეტი „კარფური“.

ვიდეოკადრებში, რომელიც გახსნის ცერემონიალზეა გადაღებული, ჩანს ათობით ადამიანი, დისტანციის დაცვის გარეშე. მოქალაქეები შეკრებილები არიან როგორც სავაჭრო ცენტრის წინ, გარე ტერიტორიაზე, ისე სავაჭრო ცენტრის შიგნით.

სავაჭრო ცენტრი „ვესთ ფოინთის“ და ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ფილიალის გახსნას ესწრებოდა ქუთაისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე.

პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში დაწესებული აკრძალვების ფონზე, როდესაც მასობრივი თავყრილობების მოწყობა დაუშვებელია, რატომ მონაწილეობდა სახელმწიფო რწმუნებული მსგავს ღონისძიებაში? – „ბათუმელებმა“ ოფიციალური კომენტარისთვის იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესცენტრს მიმართა.

„ჩვენ აღნიშნულ ღონისძიებაზე ვიყავით სტუმრის სტატუსით. დავათვალიერეთ ობიექტი. ჩვენი მხრიდან ყველა რეგულაცია იყო დაცული. ღონისძიების სხვა დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ იყო,“ – განმარტეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურში.

ჰიპერმარკეტ „კარფურის“ პიარმენეჯერის თქმით, მათ წესები არ დაურღვევიათ. მისი მტკიცებით, “კომპანიამ მხოლოდ ლენტი გაჭრა და მომხმარებელი შეუშვა ჰიპერმარკეტში”. შენობის წინ გამართული საზეიმო ღონისძიება კი მათი პასუხისმგებლობა არ არის.

„დღეს გავხსენით კარფურის 50-ე ფილიალი. ჩვენი მხრიდან არანაირ მასობრივ თავშეყრას არ ჰქონია ადგილი. მუსიკის თანხლებით მოხდა ლენტის გაჭრა სავაჭრო ცენტრის შიდა ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნა კარფურის ჰიპერმარკეტის კარი საყიდლებზე მოსული მომხმარებლებისათვის,“ – განმარტა კარფურის პიარმენეჯერმა „ბათუმელებთან“.

რადგან გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ღონისძიება სავაჭრო ცენტრის შიდა ტერიტორიაზეც ტარდება, „ბათუმელებმა“ არაერთგზის სცადა შრომის ინსპექციასთან დაკავშირება. გვაინტერესებდა, შეისწავლა თუ არა ეს ფაქტი უწყებამ და გამოიყენა თუ არა სანქციის რაიმე ფორმა კომპანიის მიმართ. შრომის ინსპექციაში ჩვენს ზარებს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხეს.

„ბათუმელები“ ასევე შეეცადა სავაჭრო ცენტრ „ვესთ ფოინთის“ ადმინისტრაციასთან დაკავშირებას, თუმცა უშედეგოდ.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო კორონავირუსით გარდაიცვალა 58 ადამიანი.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 14 აგვისტოდან აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების, კონცერტების და ფესტივალების ჩატარება.

ქვეყნის მასშტაბით აკრძალული ღონისძიებების ჩატარების გამო შრომის ინსპექციის მიერ 14 აგვისტოდან დღემდე არაერთი ობიექტია დაჯარიმებული და დალუქული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: