მთავარი,სიახლეები

ღოღობერიძის თქმით, მას მუშკუდიანი „აკაჩავებდა“, ჩემს ბიზნესებს რატომ ასაჯაროებო – ადვოკატი

19.08.2021 •
ღოღობერიძის თქმით, მას მუშკუდიანი „აკაჩავებდა“, ჩემს ბიზნესებს რატომ ასაჯაროებო – ადვოკატი

ადვოკატი ზაზა პაპიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, მერაბ ღოღობერიძის დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ადვოკატი აცხადებს, რომ ფინანსური პოლიციის გამომძიებელმა, ერეკლე ჩხენკელმა განზრახ დაარღვია კანონი და დაკავებულთან ადვოკატი ერთი საათის განმავლობაში არ შეუშვა.

ზაზა პაპიძე

ზაზა პაპიძემ დაკავებული მერაბ ღოღობერიძის მონახულების შემდეგ „ბათუმელებს“ უთხრა, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განუცხადა.

„მერაბ ღოღობერიძე მომიყვა, რომ დაკავების შემდეგ ფინანსური პოლიციის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი გიორგი მუშკუდიანი „აკაჩავებდა“, ჩემს ბიზნესებს რატომ ასაჯაროებ, ეგ ჩემი ძმის ბიზნესებიაო“, – უთხრა „ბათუმელებს“ ზაზა პაპიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძეს ბრალს სამი მუხლით წარუდგენენ: 1. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა 2. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და 3. დოკუმენტების გაყალბება.

დღეს ადვოკატმა ზაზა პაპიძემ თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც რამდენიმე ფეისბუქლაივი ჩართო. ზაზა პაპიძე პირდაპირ ჩართვაში ჰყვებოდა გამომძიებელ ერეკლე ჩხენკელის „ახირებაზე“ – არ დაეშვა ადვოკატი დაკავებულთან.

„დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მერაბ ღოღობერიძე. გამომძიებელმა ერეკლე ჩხენკელმა თქვა, რომ როცა დამიშვებს, მაშინ ვნახავ დაკავებულს. ის ჩადის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – საადვოკატო საქმიანობის ხელშეშლისთვის უკვე მივმართე შესაბამის სამსახურებს.

იმედია, ერთხელ მაინც დასჯიან გამომძიებელს, რომელიც პირადი ახირების გამო ბედავს და კანონს არღვევს, ხელს უშლის ადვოკატს პროფესიული ვალდებულების შესრულებაში“, – აცხადებს ზაზა პაპიძე.

რაც შეეხება მერაბ ღოღობერიძეს, ის „ბათუმელებთან“ გასულ თვეში ამბობდა, რომ  აიძულებენ ბიზნესის დათმობას ზეწოლისა და მუქარის გზით. მერაბ ღოღობერიძე ასევე ამბობდა, რომ ამაში მონაწილეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი.

მაშინ მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვაც სცადა და კლინიკაში გადაიყვანეს.

საგამოძიებო სამსახური თავის მხრივ ირწმუნებოდა, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, როცა უკანონოდ მოიპოვეს მილიონზე მეტი ლარის ღირებულების ქვიშა-ხრეში და გაყიდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: