მთავარი,სიახლეები

„ბათუმელი მეზობლები მეუბნებიან, რამე რომ მოხდეს, სპეცსამსახურებს შენ თავს არ გავატანთო“ 

18.08.2021 • 17498
„ბათუმელი მეზობლები მეუბნებიან, რამე რომ მოხდეს, სპეცსამსახურებს შენ თავს არ გავატანთო“ 
ალექსანდრე დ. ბელარუსიდან ბათუმში სამი თვის წინ, მაისში ჩამოვიდა. როგორც ის ამბობს, სხვა გზა მას, უბრალოდ, აღარ ჰქონდა.

ალექსანდრე ვებდიზაინერია და მუშაობს ევროპული და ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც მთელ მსოფლიოში ყიდიან აპლიკაციებს. სხვადასხვა კომპანიის დაკვეთით ამზადებს რეკლამებს სოცქსელებისთვის.

ალექსანდრე ლუკაშენკოს სასტიკ რეჟიმს გამოექცა საქართველოში. როგორც ის გვეუბნება, ბათუმი ბელარუსების დიდი დიასპორაა, მათ შორის არიან პროგრამისტები, ბლოგერები, მუსიკოსები, ექიმები და ა.შ.

ალექსანდრე საუბრობს ბელარუსის ამჟამინდელ მდგომარეობაზე, მის დამოკიდებულებებზე რეჟმის მიმართ და სამომავლო გეგმებზე.

„მე აქ კარგად ვცხოვრობ, კარგად გამოვიმუშავებ დისტანციური სამსახურით და ამ მხრივ პრობლემები არ მაქვს, ასეა აქ ბევრი ბელარუსი. ჩვენ სხვა პრობლემა გვაქვს – ჩვენი ქვეყანაა უზურპატორის ხელში და საკუთარ სამშობლოში არ დაგვედგომება. ვერ აღვწერ ეს რა ტკივილია. ჩვენ ჩვენივე ქვეყნიდან გაგვაქციეს. ვერ წარმოიდგენთ, ისე მენატრება ბელარუსი.

2020 წლის აგვისტოში ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებელი ვიყავი. ყველა ბელარუსმა იცის, რომ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მისცა ხმა, მაგრამ მათ ეს ხმა მოპარეს. არც კი დაუთვლიათ ხმები არჩევნებზე, ხომ 100 % უნდა იყოს ბოლოს დასათვლელი ხმების და აღმოჩნდებოდა, რომ ჩაყრილი ბიულეტენებით ეს მაჩვენებელი იყო 145, 140 %. მერე როცა აღარ იცოდნენ რა მოეხერხებინათ ამ რიცხვებისთვის, ბიულეტენები დაწვეს, შემდეგ კი ამ ყველაფრის მოწინააღმდეგე ხალხის ცემა დაიწყეს.

  • „არ შეიძლება არ შეიმჩნიო ჰიტლერი ცხვირწინ“

ასეთი ინტერვიუსთვის შეუძლიათ მომისაჯონ 7 წელი ბელარუსში. შესაძლოა ამის გამო ბელარუსის სპეცსამსახურებმა საქართველოს სუსს სთხოვოს მინსკისთვის ჩემი გადაცემა – მხოლოდ და მხოლოდ ამ ინტერვიუსთვის. მაგრამ ჩემი ამოცანაა არ გავჩუმდე, რომ ქართველებმა იცოდნენ ყველაფერი, რაც ბელარუსში ხდება. არ შეიძლება არ შეიმჩნიო, როცა ჰიტლერი გყავს ცხვირწინ, მთელმა ევროპამ იცის, რომ ლუკაშენკო ფაშისტია.

ბელარუსებმა არჩევანი სვეტლანა ტიხანოვსკაიას სასარგებლოდ გააკეთეს, რეალურად ხალხმა ხმა ლუკაშენკოს წინააღმდეგ მისცა.

ახლა ბელარუსები პატივისცემით არიან განწყობილი ტიხანოვსკაიას მიმართ, ჩვენ ვთვლით, რომ რეალურად ის არის ჩვენი პრეზიდენტი.

პირველად როცა ჩამოვედი საქართველოში, ბევრს მესაუბრებოდნენ ტაქსის მძღოლები. ლუკაშენკო მაგარიაო, მეუბნებოდნენ. ასე ამბობდა ბათუმში ტაქსის მძღოლების უმრავლესობა. ისურვებდით თქვენ ხელისუფლებაში გყოლოდათ შეურაცხადი ბაბუა 26 წელი? ვისაც თქვენ მიმართ ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც ბარონს გლეხებისადმი, როცა ადამიანის სიცოცხლე მისთვის ღირებული არ არის.

ხალხი აპელირებს იმაზე, რომ ყაირათიანია ლუკაშენკო, იქ რაღაც ააშენა, თითქოს ყველაფერი გადაარჩინა. ამ მომენტისთვის და ერთი წლის წინაც უკვე ქარხნების დიდი უმრავლესობა აღარ მუშაობდა, საწარმოების დიდი ნაწილი აღარ მუშაობს, ლუკაშენკო უკვე შიშველი მეფეა.

  • „პროპაგანდისტულმა მედიამ შექმნა „იუდას ორდენი“. ამ გადაცემაში ცნობილ ადამიანებს „მოღალატეებად“ შერაცხულებს აჩვენებენ სახრჩობელას ფონზე. მერე ამ ხალხს იჭერენ“

ეს ბელარუსის ისტორიული დროშაა, ამ ნიშნით რომ გახვიდეთ მინსკის ქუჩებში, ექსტრემისტად შეგრაცხავენ. წარმოიდგინეთ წუთით, რომ არ შეგეძლოთ გამოხვიდეთ ქუჩაში და უბრალოდ თქვათ, რომ ვიღაც არ მოგწონთ. ასეთი უკმაყოფილებისთვის პირველ ჯერზე სულ მცირე ერთი თვით აღმოჩნდებით ბელარუსის ციხეში, მეორე ჯერზე 3, 4, 8 წლით დაგაპატიმრებენ.

რაც შეეხება მედიას: ყველა დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტი, ვინც გადამოწმებულ ფაქტებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, ციხეშია ან გაქცეულია ქვეყნიდან, გაქცეულია ყველა ბლოგერი ბელარუსიდან, დარჩა მხოლოდ სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია.

თუ არ აქებ ლუკაშენკოს, აღმოჩნდები ციხეში.

პროპაგანდისტული ტელემედია პირდაპირ მოუწოდებს მოსახლეობას, თუ სადმე არის ბელარუსის ისტორიული დროშა, ესროლონ ქვები, რადგან ეს „ექსტრემისტების“, ლუკაშენკოს რეჟიმის მოწინააღმდეგეების დროშადაა მიჩნეული.

სახელმწიფო პროპაგანდისტულ ტელევიზიას აქვს ასეთი რუბრიკა – „იუდას ორდენი“, სადაც ცნობილ ადამიანებს „მოღალატეებად“ რაცხავენ, აჩვენებენ სახრჩობელას ფონზე, ემუქრებიან და ამუნათებენ მათი საქმიანობის, ძალაუფლების მფლობელებისთვის მიუღებელ თემებზე მუშაობის, საუბრის გამო. მერე ამ ხალხს, როგორც წესი, ციხეში სვამენ. ეს ტელევიზიის საშუალებით ხდება. დაუჯერებელი ამბავია.

მაგალითად, ამ წლის მაისში ინტერნეტგამოცემა TUT.BY – ის ჟურნალისტები აღმოჩნდნენ ამ რუბრიკის მსხვერპლნი. მათგან უმრავლესობა ახლა ციხეში ზის. ზოგმა მოახერხა გაქცევა.

  • „ჩემს ქვეყანაში ჰიტლერია ხელისუფლებაში ლუკაშენკოს სახით“

 ბათუმში ცოტა მოვეშვი. პირველ ხანებში აქ ავტობუსების მეშინოდა.

ყველა ბელარუსმა იცის, რა არის ბუსოფობია, რადგან ასეთი დაბურულმინებიანი მიკროავტობუსებით დადის ბელარუსის ქუჩებში „ომონი“, გადმოდის 10 თანამშრომელი ნიღბით და იარაღებით, გაგდებენ ამ ავტობუსში და ეს ნიშნავს, რომ დიდი ხნით ვეღარ დაბრუნდები სახლში.

თუ ბელარუსში ორმა ასეთმა ჩაგიარა, ეს ნიშნავს, რომ პრობლემები გექნება.

ბევრი ჩემი აქაური მეზობელი მეუბნება, თქვენ გვერდით ვართ ქართველებიო, მოსულან ქართველები და უთქვამთ: რამე რომ მოხდეს, სპეცსამსახურებს შენ თავს არ გავატანთო. რატომღაც მე მათი მჯერა, რადგან თუ 50 ქართველი იდგება სადმე ერთად, იქ სხვა ძალა ვერაფერს იზამს, რატომღაც ასე მჯერა.

ყველა ქვეყნის საჰაერო სივრცე ბელარუსისთვის უკვე შეუღწევადია. რუსეთი, საქართველო, ეგვიპტე და თურქეთი – მხოლოდ ამ ქვეყნების საზღვრებია გახსნილი ჩვენთვის. გასაგებია, რომ საქართველოს ეკონომიკური გაძლიერება სჭირდება, ბევრი მოდის ბელარუსიდან ბათუმსა და თბილისში.

გამორბიან ექიმები, პროგრამისტები, რეკლამის სპეციალისტები, ისინი დისტანციურად მუშაობენ ამერიკული, ევროპული კომპანიებისთვის და გამომუშვებულ ხელფასს საქართველოში ხარჯავენ. ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება რატომ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ბელარუსთან დაკავშირებით, გასაგებია. მაგრამ არსებობს კიდევ ადამიანური ფაქტორი: ჩემს ქვეყანაში ახლა ბოროტებას აქვს ხელისუფლება, ჩემს ქვეყანაშიც ჰიტლერია ხელისუფლებაში ლუკაშენკოს სახით, ეს უტრირებულად ნათქვამი მოსაზრება არაა, ფაქტია.

  • „თუ 26 წელი აცლით ხელისუფლებას, მერე უკვე გესვრიან, თუ იგივე ადამიანი აღარ მოგწონთ“

მე მესმის საქართველოსი, რომ არ გამოდის ლუკაშენკოს არც მომხრედ, არც მოწინააღმდეგედ, მაგრამ უმჯობესია საქართველოს ჰქონდეს უფრო მკვეთრი პოზიცია, რაც აქ მყოფ ბელარუსებს გაგვიადვილებდა სამომავლოდ ორიენტაციას.

საქართველოს სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ დიასპორაში ბევრი საუბარია იმაზე, რომ თუ რამე მოხდება, ყველანი წავალთ საქართველოდან, სიცოცხლე ძვირფასია. აქ ბევრია ოჯახით, ბავშვებით. მიგვიღებს პოლონეთი, ევროპის ქვეყნები. ჩვენ აქაც მოგვწონს. დავქორწინდი სიღნაღში, ჩემთვის ეს ახლობელი ქვეყანაა, რომელთანაც ემოციური კავშირები მაქვს. ჩემს ქვეყანაში უზურპირებულია ძალაუფლება. ეპოლეტებიანი ხალხი განაგებს ეკონომიკას, ხელოვნებას და ეს ძალიან უცნაური ეკონომიკა და ხელოვნებაა, მათ ერთადერთი ამოცანა აქვთ – ყველა უკმაყოფილო ადამიანი დააპატიმრონ ან გააგდონ ქვეყნიდან.

ძალაუფლება ნარკოტიკია, ის უნდა ჰქონდეს ისეთ ადამიანს, რომელსაც ეს ნარკოტიკი არ სჭირდება, ძალაუფლება ნიშნავს გქონდეს ერთი, ორი, ოთხი წელი იმისთვის, რომ რაღაც ააშენო, ყველაფერი ხალხისთვის, მერე გადის 4, 8 წელი… თუ 26 წელს აცდით ხელისუფლებას, მერე უკვე გესვრიან, თუ ეს ადამიანი აღარ მოგწონთ.

ჩვენ არ გვინდოდა სისხლიანი გადატრიალება, ჩვენს მიტინგებზე, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი იყო, ხალხი ერთმანეთს წყალს, ყვავილებს აწვდიდა, მიგვაჩნდა, რომ ძმები ვიყავით ყველანი, მაგრამ მაშინაც კი, როცა იმ მხარეს 50 ათასია და აქეთ ნახევარი მილიონი, იარაღი, ყუმბარები მათ აქვთ და შენ ვერაფერს იზამ.

თუმცა მე მგონია, რომ შესაძლებელია მშვიდობიანი გზით ამ გესტაპოს მოშორება. ძალიან სახიფათოა, როცა ადამიანები თავს აიგივებენ ძალაუფლებასთან. როცა ადამიანი დიდხანსაა ხელისუფლებაში, წარმოიდგენს თავს მეფედ, მამასახლისად, დიდებულად და სხვა დანარჩენი მისთვის მონაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: