მთავარი,სიახლეები

ვაქცინაციის მობილური ჯგუფები სოფლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის

18.08.2021 • 1657
ვაქცინაციის მობილური ჯგუფები სოფლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის

როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აჭარის მთაში და აქვთ თუ არა წვდომა ადამიანებს ინფორმაციაზე, თუ როგორ და სად შეუძლიათ ვაქცინაცია?

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურებულია და აჭარაში ჩატარებული ვაქცინაციის 8 პროცენტი სწორედ მაღალმთიან აჭარაზე მოდის.

შავიშვილის თქმით, რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია შეუძლიათ მოქალაქეებს „ევექსის“ კლინიკებში, რომლებიც ყველა მუნიციპალიტეტის ცენტრშია.

„ვაქცინაციის პროცესი გამარტივდა იმ თვალსაზრისით, რომ წინასწარი რეგისტრაცია აღარ არის საჭირო. რამდენიმე პირობაა მხოლოდ გასათვალისწინებელი. პირველი ის, რომ თუ პირს კორონავირუსი გადატანილი აქვს, ვაქცინაცია შესაძლებელია მხოლოდ 31-ე დღეს; თუ კოვიდინფიცირებულის კონტაქტია, ამ შემთხვევაში გასული უნდა იყოს თვითიზოლაციის ვადა – 12 დღე და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ვაქცინაცია. მთავარია, მოქალაქემ მიაკითხოს ამცრელ დაწესებულებებს“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

მას ვკითხეთ, მიუწვდება თუ არა ყველა მოქალაქეს მთაში ამ ინფორმაციაზე ხელი? რუსუდან შავიშვილის თქმით, ინტერნეტზე შესაძლოა ყველა ადამიანს არ ჰქონდეს წვდომა, თუმცა დღეს სხვა რესურსებიც არსებობს.

ჯანდაცვის უწყებებმა არაერთხელ გააჟღერეს ინფორმაცია, რომ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებისთვის საჭირო იყო სოფლებში მობილური ჯგუფების ჩასვლა, ყველა მოქალაქეს რომ შესძლებოდა ვაქცინაცია ადგილზე.

რუსუდან შავიშვილის თქმით, მობილური ჯგუფების პროექტი ერთი კვირაა რაც ამოქმედდა და მხოლოდ ბათუმშია ჯერ ხელმისაწვდომი. მაღალმთიან სოფლებში მობილური ჯგუფები ამ ეტაპზე არ მუშაობს.

„მობილური ჯგუფი მიდის იმ პირებთან, ვინც გარკვეული მიზეზით ვერ ახერხებს კლინიკაში მისვლას ვაქცინაციისთვის. თუ ადამიანი არის შშმ პირი, ან მარტოხელა მოხუცი, ან რაიმე მიზეზით არ შეუძლია გადაადგილება, როცა ამის შესახებ მოგვაწვდის ინფორმაციას, ჩვენ ვაგზავნით ჯგუფს მასთან ასაცრელად.

რაც შეეხება სოფლებს, როგორც ვიცით, მაღალმთიან სოფლებში თითქმის არ გვყავს მარტოხელა მოხუცები, სოფლის ექიმებს ყველა ადამიანის სამედიცინო საქმე აქვთ და ინფორმირებული არიან ყველა პირის შესახებ. ამასთან, სოფლები რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს ოჯახში, ამიტომ ვერ დარჩებიან ადამიანები ინფორმაციის გარეშე. მით უმეტეს, როცა დღეს ყველა კოვიდზე და ვაქცინაციაზე ლაპარაკობს.

გარდა ამისა, ყველა სოფელს ჰყავს გამგებელი, სოფლის ექიმი, ისინი ვალდებულნი არიან მიაწოდონ ინფორმაცია ყველა ოჯახს და სურვილის შემთხვევაში, ადამიანები აიცრებიან“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი სოფელში ვაქცინაციის მსურველი ბევრი აღმოჩნდება, მერია ვალდებულია მათი ტრანსპორტირება უზრუნველყოს ამცრელ პუნქტამდე.

რაც შეეხება ცნობიერების გაზრდას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რუსუდან შავიშვილი ამბობს, რომ „იუნისეფი“ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხვდება ადამიანებს, რომლებიც კომპეტენტური პირებისგან ისმენენ ამომწურავ პასუხებს იმ კითხვებზე, რაც ვაქცინაციასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით უჩნდებათ.

„ასეთი შეხვედრების შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი აიცრა, გაზრდილია ვაქცინირებული პედაგოგების რიცხვიც.

ასევე გადამზადებული არიან სოფლის ექიმები, ექთნები, ყველა ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი და ეხმარებიან ადამიანებს“, – გვეუბნება რუსუდან შავიშვილი.

მისი თქმით, აჭარაში კორონავირუსზე ტესტირება და ვაქცინაცია შესაძლებელია ყოველ დღე. „გამოსასვლელი დღე არ გვაქვს“, – ამბობს რუსუდან შავიშვილი.

18 აგვისტოს მდგომარეობით კორონავირუსზე აჭარაში სრულად ანუ 2 დოზით აცრილია 27 500 ადამიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: