მთავარი,სიახლეები

საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია – კულუმბეგოვი

18.08.2021 • 4624
საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია – კულუმბეგოვი

ცნობილი ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელიც აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ცნობიერების ამაღლების პროცესში, საპატრიარქოს სთხოვს აღკვეთოს მისი და მისი კოლეგების წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელსაც რადიკალური სასულიერო პირები აწარმოებენ.

„სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის, იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს.

როგორც ბევრჯერ მოგვისმენია, თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში!“ – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

რადიკალური შეხედულებების სასულიერო პირების ჯგუფმა ექიმის საწინააღმდეგო ვიდეო გუშინ გაავრცელა. ერთ-ერთი სასულიერი პირი, დეკანოზი დავით ისაკაძე ამბობს, რომ ნაცისტი ექიმი იოზეფ მენგელი უფლებააყრილ ადამიანებზე მათი ნების საწინააღმდეგოდ ახორციელებდა ექსპერიმენტებს „აცრის სახით“. ისაკაძე ექიმებს უწოდებს „იგივე ფაშისტებს“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად სიკვდილიანობა ძალიან მაღალია, დღეში 40-50 ადამიანი კვდება, საქართველოს საპატრიარქო არ მოუწოდებს თავის მრევლს ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. ცალკეული სასულიერო პირები კი, ძალიან ხშირად ანტივაქსერული განცხადებების ავრცელებენ თუ ქადაგებენ ამბიონებიდან.

საქართველოში ინფიცირების შემთხვევების მატების გამო რამდენიმე ადგილზე უკვე მოაწყვეს საველე ჰოსპიტლებიც, სადაც პაციენტების გადაყვანა ხვალიდან დაიწყება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: