ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

16 წლის ქედელი ბიჭის გამარჯვებული იდეა – ინტერნეტი მთელ სოფელს

19.08.2021 • 10370
16 წლის ქედელი ბიჭის გამარჯვებული იდეა – ინტერნეტი მთელ სოფელს

„მობილიზატორმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში 14 წლის ასაკიდან შეგვეძლო საკუთარი იდეა წარგვედგინა, რომელიც, მოსახლეობისგან მხარდაჭერის შემთხვევაში, შემდგომში დაფინანსდებოდა.

ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა სოფელში შემოგვეყვანა ინტერნეტი და შეგვეძინა WI-FI მოდემები, რომლებიც გაუნაწილდებოდა ყოველ ოჯახს სოფელ გუნდაურში, სადაც 40 მოსახლეა. ჩავთვალე, რომ ყველა ოჯახი კმაყოფილი დარჩებოდა და ჩემი იდეა დავარეგისტრირე“, – ამბობს 16 წლის ნიკუშა დიასამიძე, რომელიც ქედის სოფელ გუნდაურში ცხოვრობს.

ნიკუშას თქმით, სოფელში კენჭისყრაზე 4 იდეა იყო წარდგენილი, საიდანაც მისმა იდეამ გაიმარჯვა.

„სოფლის უმრავლესობამ დამიჭირა მხარი. 57 ადამიანი მოვიდა კენჭისყრაზე და 49-მ დაუჭირა მხარი ჩემს იდეას. ამ იდეის განხორციელებით სოფელში მივიღებთ საკმაოდ სწრაფ ინტერნეტს და ადვილად გვექნება წვდომა სხვადასხვა, თუნდაც სარგებლიან პროექტებზე“, – ამბობს ნიკუშა.

ნიკუშა დიასამიძე / გამარჯვებული იდეის ავტორი

ნიკუშას იდეის განსახორციელებლად, როგორც ქედის მერიაში გვითხრეს, უკვე დაასრულეს ბაზრის მოკვლევა, დაზუსტდება შესყიდვის ღირებულება და მოდემების შესაძენად ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. ეს პროექტი მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

ქედის მუნიციპალიტეტის დაბასა და სოფლებში ამ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ ჯამში 200-ზე მეტი იდეა დაარეგისტრირა, კენჭისყრაზე კი, 175 გავიდა.

კენჭისყრის შედეგად დაბა ქედასა და მუნიციპალიტეტის 64 სოფელში ჯამში 81 პროექტი განხორციელდება. სწორედ ამდენ იდეას დაუჭირა მხარი კენჭისყრაზე მისული მოსახლეობის უმეტესობამ. კენჭისყრაში 4 823 ადამიანი მონაწილეობდა.

იდეების კენჭისყრაზე მისული მოქალაქეები ქედაში

მოსახლეობის მიერ დარეგისტრირებული და მათ მიერვე კენჭისყრით გამარჯვებულად გამოვლენილ იდეებზე დაყრდნობით მუშავდება შესაბამისი პროექტები, რომლებიც ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელსვე დაფინანსდება და განხორციელდება. ამ პროგრამისთვის კი, ბიუჯეტში 900 ათასი ლარია გამოყოფილი.

„მოსახლეობის აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. სტანდარტით, მინიმუმ მოსახლეობის 20% უნდა მისულიყო კენჭისყრაზე, რომ გამარჯვებული იდეა გამოვლენილიყო. თითქმის 2-ჯერ მეტი მოვიდა და ამისთვის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მადლობას ვუხდი. მათი ჩართულობის გარეშე ეს პროგრამა ვერ განხორციელდებოდა. მომსახურებისა და საქონლის შესასყიდად შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია“, – ამბობს ჯემალ ტაკიძე, ქედის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი.

იდეების კენჭისყრა ქედაში

ქედაში მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ დაფინანსებული პროექტი „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის კონკურსი გამოაცხადა და 15 თემის მობილიზატორი შეარჩია, რომლებმაც დაბასა და სოფლებში საინფორმაციო კამპანია აწარმოეს როგორც კარდაკარის პრინციპით, ასევე, საჯარო შეხვედრებით.

მობილიზატორებს ევალებოდათ მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში, იდეების პროექტის სახით ჩამოყალიბებასა და ონლაინრეგისტრაციის პროცესში; ასევე, ჩართული იყვნენ კენჭისყრის ტექნიკურ უზრუნველყოფაში, აკვირდებოდნენ მიმდინარე პროცესებს და ამზადებდნენ ყოველკვირეულ ანგარიშებს.

„ამ პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მუნიციპალიტეტის მხრიდან მონაწილეობითი დემოკრატიის თვალსაზრისით და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს და მოსახლეობას, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის“, – ამბობს ჯემალ ტაკიძე.

მისივე თქმით, დაჯგუფდა ერთნაირი ტიპის პროექტები – გარეგანათებები, გზების რეაბილიტაცია, სხვადასხვა ტიპის საქონელი, რომლებიც შესასყიდია და მიმდინარე წელსვე ყველა პროექტი განხორციელდება:

„ზოგან განათების სამუშაოები დაიწყო კიდეც, ზოგან ტენდერი მიმდინარეობს ან დასრულდა, მუშავდება დეტალური პროექტები და აგვისტოს ბოლომდე ამ პროცედურებს მთლიანად დავასრულებთ. ზოგიერთ სოფელში 2, ზოგან 3 პროექტი განხორციელდება“.

„2022 წლისთვის მონაწილეობითი პროგრამის დაფინანსება მინიმუმ 100 ათასი ლარით გაიზრდება და 1 მილიონი ლარი იქნება. დაემატება ასევე მართვის ხარჯებიც, რაც პროგრამის განსახორციელებლად მომავალ წელს ტექნიკურ სამუშაოებს დასჭირდება. თუმცა, ბიუჯეტის დამტკიცება ახალარჩეულ საკრებულოს მოუწევს, ამიტომ ამ ეტაპზე პროგრამის ფინანსურ მხარეზე დეტალურად საუბარი ცოტა ადრეა…

რაც შეეხება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს, მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას სამომავლოდაც ვაპირებთ. ეს ორგანიზაციები წარმომადგენლები იქნებიან კომისიებში, გაგვიწევენ კონსულტაციებს“, – ამბობს ჯემალ ტაკიძე.

იდეების კენჭისყრა ქედაში

„მიზანი, რომ მოსახლეობა კარგად ყოფილიყო ინფორმირებული პროგრამის შესახებ და ჩართულიყო აქტიურად მის განხორციელებაში, შესრულებულია. ეს დაადასტურა იდეების რაოდენობამ, რომელიც მოქალაქეებმა წარმოადგინეს და კენჭისყრის პროცესმაც, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდა.

ამჯერად ვაფასებთ და ვაანალიზებთ მთელ ამ პროცესს, ვმუშაობთ რეკომენდაციებზე [თუ რა ცვლილებები უნდა შევიდეს, რა უნდა დაიხვეწოს პროგრამის განხორციელების პროცესში – განსაკუთრებით მოსახლეობის ინფორმირების კუთხით], რადგან ანალოგიური პროგრამა მომავალშიც უნდა განხორციელდეს. ვაგრძელებთ მოსახლეობის გამოკითხვას, გამოვკითხეთ გამარჯვებული იდეების ავტორები, ასევე ყველა ის ავტორი, რომელმაც დაარეგისტრირა თავისი იდეა, მაგრამ კენჭისყრით ვერ გაიმარჯვა“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

იდეების კენჭისყრა ქედაში

ამავე თემაზე:

 


მასალა მომზადებულია პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციურ დონეზე დანერგვის ხელშეწყობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs goal 16) შესაბამისად“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: