მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა დაემალა ჟურნალისტებს, რომლებიც სხდომაზე საპროტესტო პერფორმანსს გეგმავდნენ

14.07.2021 • 3642
აჭარის მთავრობა დაემალა ჟურნალისტებს, რომლებიც სხდომაზე საპროტესტო პერფორმანსს გეგმავდნენ

დღეს, 14 ივლისს, აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა ხელვაჩაურში გაიმართა, თუმცა სხდომა მხოლოდ აჭარის ტელევიზიამ და „მაესტრომ“ გააშუქა – ჟურნალისტებისთვის ბათუმში მთავრობის სხდომის შესახებ მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როცა მთავრობის სხდომის პირდაპირი ეთერი ჩაირთო.

ბოლო წლების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის მთავრობა სხდომის შესახებ არ ატყობინებს ჟურნალისტებს.

გასვლით სხდომებს აჭარის მთავრობა საკმაოდ ხშირად მართავს და აქამდე არსებული პრაქტიკით, ჟურნალისტებს ყოველთვის წინასწარ აყენებს საქმის კურსში.

რა გახდა იმის მიზეზი, რომ დღეს აჭარის მთავრობა ფაქტობრივად დაემალა ჟურნალისტებს? – მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს და სმს შეტყობინებებს არ უპასუხეს.

ნატო გოგელია, „TV პირველის“ ჟურნალისტი აჭარაში, მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ბოლო დღეების მოვლენებია, 5 ივლისის აქცია, როცა ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტები დაარბიეს და 11 ივლისს აქციაზე სასტიკად ნაცემი „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი, რასაც მთელს ქვეყანაში ჟურნალისტების მასობრივი პროტესტი, აქციების სერია და ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა მოჰყვა.

„მთავრობის სხდომების შესახებ ყოველთვის ვიცოდით, როგორც სპეციალური ჩატით, ასევე სატელეფონო ზარით გვატყობინებდნენ. დღეს, სხვათა შორის, კითხვაც კი დავსვი, როდის იყო მთავრობის სხდომა და პასუხი ვერ მივიღე.

ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ბოლო დღეების მოვლენები.

ნატო გოგელია, ჟურნალისტი

აჭარაში ჟურნალისტებს დაგეგმილი გვქონდა პერფორმანსი. როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია მივიდა მთავრობასთან. ძალიან ცნობილი ამბავია, რომ ხელისუფლება დაკავებულია ჩვენი მესიჯების კითხვით, ამას არც უარყოფენ. სავარაუდოდ, ეს გაიგეს და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, ჩუმად ჩაეტარებინათ სხდომა.

როგორც ჩანს, ჟურნალისტების გაერთიანებამ ძალიან შეაშინა ხელისუფლება. მათ არ უნდათ, რომ დისკომფორტში იყვნენ, მაგრამ ვფიქრობ, უარესი გააკეთეს ამით. არ იფიქროს ვინმემ, რომ თუ სხდომებს დაგვიმალავენ, შეხვედრებზე არ მიგვიწვევენ, ამით რაიმე შეიცვლება.

აჭარის მთავრობა დაემალა მედიაკორპუსს, შემიძლია თამამად ვთქვა. 

მაგრამ გამორიცხულია კითხვებს დაემალონ. ამ კითხვებს ყოველთვის დავსვამთ.

დავსვამთ იმ კითხვასაც, რომ გუშინ, როდესაც ლექსოს დაკრძალვის დღე იყო და მას მიწას აყრიდნენ, ვგულისხმობ 3-დან 4 საათამდე შუალედს, როცა უამრავი ადამიანი აცილებდა ლექსოს, ქართული ოცნების აქტივისტები ფეისბუქში, ის ადამიანები, რომლებიც ასრულებენ პარტიულ დავალებებს და ვიცით მათი სახელები და გვარები, ფეისბუქზე მიცვალებულის დისკრედიტაციას ახდენდნენ. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს არ იყო სახელისუფლებო დავალება. მერე რამდენიმემ წაშალა სტატუსი, როგორც ჩანს, პრობლემები შეექმნათ“, – ამბობს ნატო გოგელია.

მან გვითხრა ისიც, რომ საგანგებოდ გადაამოწმა, ვინ იყო მთავრობის სხდომაზე:

„ერთადერთი, ვისაც შეატყობინეს, ეს იყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაესტროს“ ჰქონდა ლაივი. როგორც აგვიხსნეს, ეს თვითონ მიაწოდეს. სხვა არც ერთი მედიასაშუალება იქ არ ყოფილა, არც „იმედი,“ არც „პოსტტივი“, ის მედიები, რომელთაც ვიღაცები განიხილავენ სახელისუფლებოდ. ანუ იმდენად მომზადებული იყვნენ, იცოდნენ ყველა ჟურნალისტის პოზიცია“.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს აჭარის მთავრობის სხდომის გასაიდუმლოებას მარიკო კეკელიძეც, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი აჭარაში.

„ალბათ ცდილობს ადგილობრივი მთავრობა, რომ თავი აარიდოს კითხვებს. თითქმის ათი წელია ვმუშაობ და ასეთი ფაქტი, რომ მთავრობის სხდომის შესახებ არ ეთქვათ, არ მახსოვს.

სამწუხაროა, რომ ვერ დავესწარით დღეს სხდომას, ალბათ მათთვის სასურველ მედიასაშუალებას შეატყობინეს მხოლოდ. ამ დრომდე ვცდილობთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია მთავრობის პრესსამსახურისგან“, – გვითხრა მარიკო კეკელიძემ.

სულხან მესხიძე, TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მთავრობას არც კრიტიკული კითხვების მოსმენა სურდა დღეს და არც ჟურნალისტების სოლიდარობის და პროტესტის პერფორმანსის ნახვა.

„მათ არ სურთ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა. დღის წესრიგში ახლა არის ჩვენი კოლეგის გარდაცვალების საკითხი და ამის შესახებ ჩვენ გვექნებოდა კითხვები, დავინტერესდებოდით მთავრობის თავმჯდომარის პოზიციითაც. გარდა ამისა, გვექნებოდა ერთგვარი პერფორმანსი, ამის ორგანიზებას ვაპირებდით ჟურნალისტები და სავარაუდოდ ინფორმაციამ გაჟონა ჯგუფიდან“, – ამბობს სულხან მესხიძე.

სულხან მესხიძე

მართალია, მესხიძე მთავრობის სხდომას ვერ დაესწრო, თუმცა კითხვებზე პასუხების მისაღებად მივიდა ხელვაჩაურში იმ ადგილას, სადაც სხდომა იმართებოდა.

„პირდაპირ ეთერში როცა ვნახეთ ეს სხდომა, ათ წუთში გამოვედით ტელევიზიიდან და 40 წუთში ვიყავით რესტორანში, სადაც მთავრობის სხდომა გაიმართა.

როგორც კი დაგვინახეს, დაიკეტა კარი, დაიწყეს ფარდების ჩამოფარება, რომ კადრები არ გადაგვეღო გარედან. ავტოპარკზე იყო აჭარის მთავრობის ავტომანქანები, ველოდებოდით დაახლოებით 2 საათი მათ გამოსვლას.

თორნიკე რიჟვაძე გააპარეს ავტომანქანით, რომელიც იყო დაბურული და სანომრე ნიშნების მიხედვით, სავარაუდოდ ძალოვანი უწყების ავტომანქანა იყო. გადავიღეთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რომელიც გაგვექცა და ჩვენს კითხვებს არ უპასუხა,

ჩვენ გასაუბრების საშუალება მოგვეცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატთან დავით თედორაძესთან, რომელმაც დაადასტურა, რომ მთავრობის სხდომა იყო, რის შემდეგ ბანკეტი გაიმართა, დალიეს, თუმცა რატომ არ იყო მედია ინფორმირებული, ამის შესახებ ვერ მან ვერ გვიპასუხა.

რესტორანში დავინახეთ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხელვაჩაურის მერი, რომელთანაც გვინდოდა გასაუბრება, მაგრამ ის არ გამოვიდა ჩვენი თხოვნის მიუხედავად გარე პერიმეტრზე.

ადგილიდან ჩავერთე და როცა პირდაპირ ეთერში ვყვებოდი რა ხდებოდა, მაშინ რამდენიმე მინისტრი გააპარეს, მე ვხედავდი ამას, უბრალოდ, ვეღარ მოვახერხე კამერის მიტრიალება“, – ამბობს სულხან მესხიძე.

კოლეგების მსგავსად, იგი დარწმუნებულია, რომ აჭარის მთავრობა კითხვებს ვერ დაემალება.

მედია არ იღლება, მედია ამას მიჩვეულია.

თემა არის დღის წესრიგში, ერთი კვირა გავა თუ ერთი თვე, ვპირდებით მთავრობას, აუცილებლად დავსვამთ კრიტიკულ კითხვებს“, – ამბობს TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

____________

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: