მთავარი,სიახლეები

პენსია სესხად: 1080 ლარი გამოვიტანე და 2681-ს მთხოვენ, პირობები უჩემოდ შეცვალეს

14.07.2021 • 4105
პენსია სესხად: 1080 ლარი გამოვიტანე და 2681-ს მთხოვენ, პირობები უჩემოდ შეცვალეს

„საპენსიო სესხი გამოვიტანე 1080 ლარი და 2681 ლარს მახდევინებენ.

ხელშეკრულება პანდემიის დროს ისე შემიცვალეს, ბანკიდან არაფერი მკითხეს, ჩემი ხელმოწერაც არ დასჭირდათ და 47 თვის ნაცვლად 80 თვე მექნება სესხი გადასახდელი,“ – გვიყვება ბადრი ჯინჭარაძე. ის პენსიონერია, ქობულეთში ცხოვრობს და საპენსიო სესხი 2019 წლის ნოემბერში აიღო.

ბადრი ჯინჭარაძის საპენსიო სესხი, როგორც ყველა პენსიონერის ამ ქვეყანაში, მაღალპროცენტიანია. მას „ლიბერთი ბანკმა“ სესხი 35 %-ად მისცა.

ბადრი ჯინჭარაძესთან 2019 წელს  გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მას სესხი 47 თვეში უნდა გადაეხადა და ყოველთვიურად საპენსიო ბარათიდან 40 ლარს აჭრიდნენ. 4 წლის თავზე პენსიონერი ჯამში თავდაპირველი 1080 ლარის სანაცვლოდ 1858 ლარს გადაიხდიდა, საიდანაც 778.66 ლარი სესხის პროცენტია.

„პენსიაზე ავტომატურად მაჭრიდნენ 40 ლარს, მაგრამ 2020 წლის აპრილში, როცა პანდემია გამოცხადდა, ეს ფული აღარ ჩამომაჭრეს,“ – გვიყვება პენსიონერი, – „მითხრეს, რომ სამ თვეს გადასახადი აღარ მექნებოდა. სამი თვის შემდეგ კი, ისევ ჩამომაჭრეს სესხის ფული ცოტათი უფრო ნაკლები, მაგრამ არ მიმიქცევია ყურადღება.

ერთი თვის წინ შევიარე ბანკში, მოვიკითხე ჩემი სესხის ამბავი და მითხრეს, თქვენი სესხი 47 თვეში კი არა, 80 თვეში დაიფარება, შეიცვალა პირობებიო,“ – ამბობს ბადრი ჯინჭარაძე.

პენსიონერის თქმით, მისთვის ბანკიდან არავის შეუტყობინებია ის, რომ როცა სესხის გადახდა სამი თვით პანდემიის მიზეზით გადაუვადეს, ამ დროს ხელშეკრულების პირობა შეიცვალა. იგი ამბობს, რომ მას ხელი არაფერზე მოუწერია. ერთი თვის წინ, როცა ბადრი ჯინჭარაძემ გაიგო, რომ მისი სესხი 4 წლიდან თითქმის 7 წლამდე გაუზრდიათ,  ბანკიდან მხოლოდ სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი გამოატანეს.

„ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, ბადრი ჯინჭარაძის სესხი მართლაც 80 თვემდეა გაზრდილი. მას ამჯერად 1858 ლარის ნაცვლად, უკვე 2681 ლარის დაფარვას სთხოვენ. თუკი ხელშეკრულების თავდაპირველი პირობის მიხედვით პენსიონერის სესხის პროცენტი 778 ლარი უნდა გადაეხადა, ახლა მას მხოლოდ პროცენტში – 1460 ლარი დასჭირდება.

პენსიონერს ერთადერთი შეღავათი დაუტოვეს – მას ყოველთვიურად 40 ლარის ნაცვლად, საშუალოდ 36 ლარს და 32 თეთრს ჩამოაჭრიან.

„ბანკში მითხრეს, მთავრობა დაგეხმარათ და ამიტომ მოხდა ასეო, პანდემიის დროს ხომ გქონდათ შეღავათიო. დახმარება რა არის, თუ მე სესხს გამიზრდი და 4 წლის ნაცვლად 7 წელს მახდევინებ?“ – კითხულობს პენსიონერი.

ბადრი ჯინჭარაძის თქმით, მას ბანკისთვის ასევე მოუთხოვია პასუხი, რა უფლებით და რომელი სამართლის მიხედვით არ დასჭირდათ მისი თანხმობა, როცა 1080 ლარი სესხის სანაცვლოდ უკვე 2681 ლარს სთხოვენ?

„მითხრეს, სმს მოგივიდოდათო. არ ვიცი მე სმს-ები, არ ვკითხულობ. ხომ უნდა დაერეკა ვინმეს,“ – ამბობს პენსიონერი.

რატომ გაუზარდეს პენსიონერს სესხი და ჰქონდა თუ არა ბანკს კლიენტის თანხმობა, როცა 47-თვიანი სესხი 80 თვემდე გაზარდა? – კითხვებით „ლიბერთი ბანკის“ პრესცენტრს მივმართეთ, მაგრამ აქ კონფიდენციალობის მიზეზით პასუხზე უარი გვითხრეს.

ბანკში დაგვპირდნენ საკითხის გარკვევას და გვითხრეს, რომ თავად დაუკავშირდებოდნენ პენსიონერს.

ბადრი ჯინჭარაძის თქმით, მისთვის ამ დრომდე [14 ივლისი] არავის დაურეკავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: