მთავარი,სიახლეები

დადგეს შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქარტიის განცხადება

11.07.2021
დადგეს შს მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

ქარტიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს, 7 ივლისს, გარდაიცვალა ტელეკომპანია „პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ის ერთ-ერთი იყო იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. მას თავს ჯგუფურად დაესხნენ სირცხვილიას ოფისის დარბევისას. ლექსო ლაშქარავას მძიმე ტრავმები ჰქონდა სახისა და თავის არეში.

5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების ჟურნალისტებზე ორგანიზებული თავდასხმებისას  დაზარალდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის რამდენიმე მძიმედ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ძალადობის აღსაკვეთად და რიგ შემთხვევებში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების განცხადებებმა წაახალისა კიდეც ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  5 ივლისს ვერ დაიცვა ჟურნალისტები ფიზიკური ძალადობისგან, ასევე ვერ უზრუნველყო მედიის უსაფრთხო საქმიანობა. ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის ფაქტების უმრავლესობა, არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

მოძალადე ჯგუფები კვლავ განაგრძობენ მედიასთან  ორგანიზებულად სიძულვილის ენით საუბარს, რაც ახალისებს ძალადობას.

მოვითხოვთ:

  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს ორგანიზებული ძალადობა მედიაზე;
  • დაისაჯონ ძალადობრივი აქციის არამარტო მონაწილეები, არამედ  ორგანიზატორებიც;
  • ეფექტურად მოხდეს მედიაზე ორგანიზებული თავდასხმის 50-მდე ფაქტზე რეაგირება;
  • დაიწყოს მედიის მისამართით გაჟღერებულ მუქარის შემცველ შეტყობინებებზე მოკვლევა;
  • ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიძულვილის ენით საუბარი მედიასთან, დაიცვას კანონი და ჟურნალისტები;
  • დადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა.“

ტვ „პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით, მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც.

გარდაიცვალა ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: