მთავარი,სიახლეები

რა ფასად შეძლებთ ბეშუმში დასვენებას

07.07.2021
რა ფასად შეძლებთ ბეშუმში დასვენებას

„ბეშუმში პანდემია არ ვიცით,“ – ამბობენ ადამიანები, რომლებსაც ბეშუმში სახლები აქვთ. მათი თქმით, ფასები იგივეა, რადგან პანდემია გასულ წელსაც არ იგრძნობოდა. ზოგიერთის თქმით კი, ბეშუმში დასვენება გაძვირდა, რადგან „ყველაფერი ძვირდება“.

„ახლა ამოვედი ბეშუმში და სახლს ვალაგებ. უკვე გავაქირავე სახლი და ველოდები სტუმრებს. 20 დღით ვაქირავებ 700 ლარად,“ – გვითხრა ლელა თურმანიძემ. მას 4 ადამიანის ერთდროულად განთავსება შეუძლია ძველ სახლში, რომელიც წლების წინ გაარემონტა. ლელა ამბობს, რომ სახლში სველი წერტილებიც აქვს.

„შუქი არის, წყალი, ცხელი წყალიც მაქვს, კომფორტული ბინები უფრო ძვირი ღირს, ბევრად უფრო ძვირი, ჩემზე იაფადაც არის სახლები, მაგრამ იშვიათად, ახლა გავიგე, ჩემს ახლობელს გაუქირავებია სახლი 500 ლარად, მაგრამ იმას ცხელი წყალი არ აქვს, მაგალითად,“ – გვიყვება ლელა თურმანიძე.

ლელას თქმით, ბეშუმში სახლების ნაწილი უკვე გაქირავებულია, თუმცა აქ ძირითადად დამსვენებლებს 15 – 20 ივლისიდან ელიან.

„გასულ წელსაც ეს ფასები იყო, რა ვიცი, ბეშუმში პანდემია არ არის,“ – ამბობს ლელა თურმანიძე, თუმცა კითხვაზე, რამდენ ლარად გააქირავა გასულ წელს სახლი, გვპასუხობს, 500 ლარადო.

„ახლობელი იყო და მაგიტომ დავუკელი ფასი, პანდემია არაფერ შუაშია,“ – დასძინა მან.

კოტეჯი აქვს და სასტუმროც ბეშუმში თამაზ შანთაძეს. მასთანაც ყველა ოთახი 10 აგვისტოს ჩათვლით უკვე დაჯავშნილია.

„10 ლარით გავზარდეთ ფასი შარშანდელთან შედარებით, ყველაფრის ფასმა მოიმატა,“ – ამბობს თამაზ შანთაძე. კოტეჯს, სადაც 6 ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი, ის ღამეში 100 ლარად აქირავებს, აგვისტოში – 150 ლარად. სასტუმროში კი ერთი ღამის ფასი 60 ლარია.

„ადრე კვებაც მქონდა, მაგრამ გასულ წელს გაგვაფრთხილეს, დიდი დარბაზი გახდა საჭირო და მასეთი არ მაქვს. ამიტომ კვება აღარ არის,“ – დასძინა თამაზ შანთაძემ.

გამქირავებლების თქმით, ბეშუმში უკვე ამუშავდა სუპერმარკეტები და სამედიცინო პუნქტი. მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტიც – ბათუმი ბეშუმი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: