მთავარი,სიახლეები

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა სააპელაციო სასამართლომ არ შეაჩერა

23.06.2021 •
ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა სააპელაციო სასამართლომ არ შეაჩერა

ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმის“  მიმდინარე მშენებლობის შეჩერებაზე მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა. ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის შეჩერებას „ბათომი“ ითხოვდა. მის ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.

„ბათომმა“ ძველ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა გაასაჩივრა და მშენებლობის შეჩერებას დავის დასრულებამდე ითხოვდა.

თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 აპრილის განჩინება.

სასამართლო დავების პარალელურად მშენებლობა ბულვარში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ამ დროისთვის კომპანიას უკვე მე-14 სართულს აშენებს.

„ბათომი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა და შეუქცევად ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ბათუმის ბულვარს.

შპს „ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა. ეს ნებართვა მაშინ 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა.

2019 წლის დასაწყისში კომპანიამ თავისი ტერიტორიის ბულვარის საზღვრებიდან ამოღება სცადა, რაზეც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ უარი უთხრა.

2019 წლიდან „ამბასადორი“ ორჯერ დაჯარიმდა პროექტის დარღვევით მშენებლობისთვის, კერძოდ, მაღლივი შენობისთვის განკუთვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლების მოწყობისთვის, რაც იმთავითვე აჩვენებდა კომპანიის განზრახვას შენობის საძირკველი, სათანადო ნებართვის არქონის მიუხედავად მაღლივი შენობისთვის მოემზადებინა. იმის შესახებ, რომ კომპანიას სხვა გაზრახვა ჰქონდა, მუდმივად ვრცელდებოდა მოსაზრებები, თუმცა ამ საკითხზე კომპანიაში კითხვებს არ პასუხობდნენ.

2019 წლის ბოლოს, „ამბასადორი ბათუმმა“ სანებართვო პირობებში ცვლილების შეტანა და ოთხსართულიანი კონსტრუქციის 15 სართულამდე გაზრდა მოითხოვა. სააგენტომ ძეგლის ინტერესების გათვალისწინებით კომპანიას პროექტის შეცვლაზე უარი უთხრა, თუმცა, სააგენტომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა 2021 წლის 21 იანვარს და „ამბასადორს“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე 19-სართულიანი [აქედან, 3 სართული განლაგდება მიწის ქვემოთ] სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება მისცა არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით.

„ამბასადორის“ განცხადება სააგენტომ განიხილა, როგორც არსებულ საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა, მაშინ როდესაც პროექტი არსებითად შეიცვალა და ის ახალ ნებართვას საჭიროებდა.

ფულის ძალა – „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობა ბათუმის ბულვარში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: