განათლება,მთავარი,სიახლეები

რა ტოპათეულში მოხვდა საქართველო განათლების კუთხით ევროპაში? – სპეციალისტის შეფასება

23.06.2021 •
რა ტოპათეულში მოხვდა საქართველო განათლების კუთხით ევროპაში? – სპეციალისტის შეფასება

საქართველო განათლების მდგრადი განვითარების მაჩვენებლით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ტოპათეულშია, ხოლო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობით უსწრებს აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და ასე შემდეგ – ამის შესახებ ინფორმაციას პროსახელისუფლებო მედია ავრცელებს. განათლების კოალიციის პოლიტიკის ადვოკატირების ოფიცერი, განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია უკიდურესად შეურაცხმყოფელია, რადგან შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება.

  • ბატონო რევაზ, განათლების სამინისტრო საუბრობს, რომ წამყვანი ქვეყნების ტოპათეულში ვართ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებით. რა კვლევაზეა საუბარი თუ იცით და რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?

მდგრადი განვითარების მიზნები ეს არის გლობალური მიზნები, რომლებსაც ძალიან ბევრი ქვეყანა ისახავს მიზნად. ყველა ქვეყანა ამოდის მისი კონკრეტული საჭიროებიდან და შემდეგ აქედან აკეთებენ ეროვნულ მიზნებს, რისი მიღწევაც სურთ გარკვეული დროის შემდეგ.

მაგალითად, განათლების სამინისტრო ამ მიზნებში წერს, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა იციან ბავშვებმა. აქ მინიმუმ იმაზე მაინც უნდა ყოფილიყო საუბარი, რომ წაკითხულის გააზრება შეუძლიათ ბავშვებს, ან საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებში აქვთ მიღწევები.

შესაძლოა, რომელიმე განუვითარებელი ქვეყნისთვის ეს იყოს მდგრადი მიზანი, რომ წერა-კითხვა და არითმეტიკა იცოდნენ ბავშვებმა, მაგრამ საქართველოსთვის ეს საკითხი ვერ იქნება აქტუალური.

სამინისტროს მდგრადი განვითარების მიზნებში ასევე წერია, რომ „არსებული მდგომარეობა უკეთესია“,  – რაც ალოგიკურია. გამოდის, ჩვენ იმაზე დავსახეთ მიზანი, რისი შედეგიც უკვე გვაქვს?  იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მიზნებს აფასებენ, თავშიც კი არ მოუვათ აზრად, რომ შენ ატყუებ ან თავს იტყუება, რადგან მდგრადი განვითარების მიზნების დასახვა რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება. ამას არავინ გახვევს თავს, ქვეყნები თვითონ ასახელებენ საკუთარ მიზნებს საკუთარი საჭიროებებიდან.

  • განათლების სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გვითხრა, რომ აქვთ შიდა შეფასებები, რომლებითაც განსაზღვრავენ განვითარებას… 

რას ნიშნავს შიდა შეფასებები. ან ეს დახურულობა და კრიტიკის მიუღებლობა, ინფორმაციის დამალვა რას ნიშნავს. რამე სადაზვერვო დაწესებულებაა განათლების სამინისტრო, თუ რა საქმიანობას ეწევიან. რას ნიშნავს შიდა მოხმარების დოკუმენტები და შიდა შეფასებები, რატომ არ არის საჯარო, ჩვენ ხომ ვუხდით ფულს მათ, რატომ არ გვაბარებენ ანგარიშს, თუ რა შედეგებზე გადიან. ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ რეალური მიზნები დავისახოთ და მივაღწიოთ.

ან როგორ ვამბობთ, რომ კარგი შედეგები გვაქვს?  საერთაშორისო კვლევებს რომ თავი დავანებოთ, შეხედონ ეროვნულ შეფასებას, გაიხედონ აქეთ-იქეთ, ამ პლანეტაზე ხომ ცხოვრობენ ეს ადამიანები? სწორედ ამიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში, რომ ხელისუფლებას პრობლემებზე ლაპარაკი არ უნდა. ჩვენ ხომ ვიცით, რომ გაკვეთილი ნორმალურად არ ტარდება, სასწავლო პროცესი მოშლილია, ბავშვებს ელემენტარული ცოდნა არ აქვთ და ამ დროს გვეუბნებიან, რომ მდგრად მიზნებში წარმატებული ვართ. უთავმოყვარეობაა სხვა თუ არაფერი.

  • განათლების სამინისტრო ამბობს, რომ წარმატებული რეფორმები აქვს ზოგადი განათლების, პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეზე. თქვენ ასე არ ფიქრობთ?

რა რეფორმებზე ლაპარაკობს სამინისტრო, „ახალი სკოლის მოდელზეა“ საუბარი? რომლის არანაირი შედეგი არ ვიცით. ჯერ ერთი, ეს მოდელი არ ვრცელდება ყველა სკოლაზე, მხოლოდ სკოლების ნაწილშია შესული და აქაც მხოლოდ მასწავლებლების ნაწილია ჩართული. აქედანაც, ნაწილი აკეთებს რაღაცას და არც ის ვიცით, რა ხარისხით.

არც პილოტირების შეფასებები გაუკეთებიათ, არც მიმდინარე პროცესის შეფასება აქვთ. არც ის ვიცით, ექსპერტებს რა ნიშნით არჩევენ, როცა არავის არ ჰქონია მანამდე ამ მოდელის გამოცდილება. როგორ ჩამოაყალიბეს ექსპერტთა ჯგუფები, როცა ამ ექსპერტებს პრაქტიკულ დონეზე ეს არ განუხორციელებიათ, რა კონსულტაციას უწევენ მასწავლებლებს? და ამ რეფორმაზეა ლაპარაკი, რომ წარმატებულია?

სად არის მასწავლებლების როტაციის პროგრამა? რატომ გაჩერდა, იქნებ ახლაც სურთ პენსიონერ მასწავლებლებს ჯილდოს სანაცვლოდ სისტემიდან გასვლა და ვინც გამოცდა ჩააბარა, ის უფრო არ იმსახურებს ჯილდოს?

რატომ გააჩერეს დეცენტრალიზაციის პროგრამა, რატომ არ აქვთ სერვისები გატანილი და რატომ არის „მასწავლებლის სახლი“ მონოპოლისტი?

რატომ არის, რომ ერთკრედიტიანი მასწავლებლები, რომლებმაც საკუთარი საგანი და პედაგოგიური უნარები მინიმალური ზღვარით იციან, ყველაზე დაწინაურებული მასწავლებლები გახდნენ? მათ შორის მენტორებში რატომ გვყავს ასეთი ადამიანები, ვისაც ერთი კრედიტი აქვს აღებული?

  • ბევრი მასწავლებელი ამბობს, რომ სადოქტოროს იცავს და ამის გამო ენიჭება სტატუსები.

გინდ სადოქტორო დაიცვან და გინდ სხვა რამ. როგორ შეიძლება საკუთარ საგანში და პროფესიაში გამოცდას ვერ აბარებდე და წამყვანი გახდე. მაშინ ის დისერტაციაც გადასახედია, თუ აქვს დაწერილი.

  • თქვენი აზრით, რა მიზნები უნდა დაესახა საქართველოს, რას გვინდა მივაღწიოთ 2030 წლისთვის განათლებაში?

რაშიც გვაქვს პრობლემა, იმაზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტი. თუნდაც ის, რომ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში გვქონდეს მიღწევები, რომ გვაქვს ამბიცია იმაზე, რომ მაღალი კოგნიტური უნარების განვითარება შეგვიძლია, რომ ბავშვებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლიათ, რომ უცხო ენები კარგად იცოდნენ, კარგად ფლობდნენ ტექნოლოგიებს, რომ მაღალი კომპეტენციები გვქონდეს ამ სფეროებში და არა ის, რაზეც სამინისტრო საუბრობს: წერა-კითხვა გვცოდნია და 100-ის ფარგლებში მიმატება-გამოკლება. ეს არ არის ჩვენი მიზანი.

მაგალითად, სამინისტრო ამ მიზნებში წერს, რომ ყველა მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საუნივერსიტეტო განათლება ან რაიმე პროფესიული გადამზადება. საქართველოში კი მასწავლებლების 100 პროცენტს აქვს უმაღლესი განათლებაო. რა არის ეს? ანუ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ყველა მასწავლებელს დიპლომი აქვს? ოდესღაც რომ ვიღაცას პუშკინის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, ჩვენ ეს რას გვაძლევს. ან ტრენინგი თუ აქვს გავლილი, ეს რას გვეუბნება. შედეგი ხომ მაინც არ გვაქვს.

ფურცლებზეა ყველაფერი მხოლოდ, ამიტომ ვემსგავსებით ბრეჟნევის პერიოდს, როცა გეგმის შესასრულებლად წყალს ვურევდით ღვინოში.

ახლაც გავაზავეთ ეს ყველაფერი სისულელეებით, დავსახეთ ისეთი მიზნები, რომლებიც, ფაქტობრივად, შესრულებული გვაქვს და ასი ლიტრის ნაცვლად მივიღეთ 1000 ლიტრი ღვინო. მაგრამ რომ დავლიეთ, ხომ მივხვდით, რომ მთხლე იყო შიგნით.

  • გამოდის, განათლების სამინისტროს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, როცა ავრცელებს ინფორმაციას, რომ წარმატებულია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში?

ის, რაზეც სამინისტრო საუბრობს, რომ წარმატებული პოზიცია გვაქვს მდგრად განვითარებაში, აბსოლუტურად დამახინჯებული ინფორმაციაა, რომელსაც თვითონ უნდა ებრძოდეს განათლების სამინისტრო, უნდა ასწავლიდეს მედიაწიგნიერებაში ყალბი ინფორმაციის ამოცნობას ადამიანებს და ახლა თვითონ არის ასეთი ინფორმაციის გამავრცელებელი.

განათლების მინისტრმა, რომელიც გამოვიდა ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე, ერთი პრობლემა არ დაასახელა, ისე ილაპარაკა. მიღწევები და წარმატებები გვაქვსო, მარტო ამას იძახდა.

ბოლონიის პროცესი რომ დაიწყო, ერთიანი საუნივერსიტეტო სივრცის შექმნა, საქართველო პირველი იყო ყველა მონაცემებით, მაგრამ უმაღლესი განათლების სისტემით პირველი ვართ? კემბრიჯში ვერც კი წარმოიდგენენ, რომ ჩვენ რაღაც მონაცემების მანიპულირებით ვცდილობთ მიზნების დამახინჯებას, რომ კარგად წარმოვაჩინოთ თავი. ეს მიზნები იმისთვის არის, რომ ქვეყნები განვითარდეს. მაგრამ ჩვენ მთავრობას, სამწუხაროდ, ქვეყნის განვითარება არ აინტერესებს, მხოლოდ მოჩვენებითი თავის მოწონება, რომ თავისი უმაქნისობა გაამართლოს. ეს არის დანაშაული ქვეყნის და მომავალი თაობის წინაშე, რადგან ჩვენი შვილების გაჭირვება და სიღარიბე ასეთი დამოკიდებულების ბრალია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: