მთავარი,სიახლეები

ესპანეთში დაკავებული მეზღვაურების ოჯახები ღარიბაშვილს დახმარებას სთხოვენ

23.06.2021 • 2323
ესპანეთში დაკავებული მეზღვაურების ოჯახები ღარიბაშვილს დახმარებას სთხოვენ

ესპანეთში დაკავებული ოთხი მეზღვაურის მშობლები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. მშობლები ამბობენ, რომ შვილებთან კომუნიკაცია უკვე ერთი კვირა არ ჰქონიათ. ოთხი მეზღვაური ესპანეთში ხუთი თვის წინ დააკავეს. ასევე დაკავებულია 5 თურქი მეზღვაური.

გავრცელებული ინფორმაციით, გემს, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, 3000 კილოგრამი კოკაინი გადაჰქონდა.

მშობლები აცხადებენ, რომ მათი შვილები რიგითი მეზღვაურები არიან და არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტვირთი გადაჰქონდათ გემით.

„ვთხოვთ საქართველოს პრემიერს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს, რომ დაგვეხმარონ. იქ ჩვენს შვილებს დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატები, რომლებიც, ფაქტობრივად, ვერაფერს აკეთებენ. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ იქ ადვოკატი დავიქირავოთ, ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული,“ – ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის დედა ხათუნა დავითაძე.

ერთ-ერთი მშობლის თქმით, დაკავებულ მეზღვაურებს დამქირავებელმა კომპანიამ ციხეში დარჩენის სანაცვლოდ 500 ევრო შესთავაზა.

„კომპანიამ გაუშვა თავისი ადვოკატი და შესთავაზა 500 ევრო და 4 წელი ესპანეთში, ციხეში დაჯდომა, ოთხი საქართველოში – ასეთ შემთხვევაში გაგიყვანთ აქედანო. თუ დამნაშავეები არიან, თანხა რატომ შესთავაზა კომპანიამ. ტვირთის მეპატრონე ჰყავთ დაკავებული, მეტი რაღა ფაქტი უნდათ. ამიტომ ვითხოვთ, ან ადვოკატი დაიქირავონ, ან თავიანთი მოქალაქე დაიცვან. ჩვენ მეტი არაფერი გვინდა, გადაამოწმონ, როგორი კანონმორჩილია ჩემი შვილი, პატრულს მისთვის ჯარიმაც კი არასდროს დაუწერია. რომც დაენახათ ჩვენს შვილებს, რომ ნარკოტიკი ჩატვირთეს, შუა ზღვაში რა უნდა  გაეკეთებინა უბრალო მატროსს? – ტელეფონები ჩამორთმეული ჰქონდათ“,  – ამბობს მარად ცეცხლაძე, ერთ-ერთი დაკავებულის მამა.

დაკავებული მეზღვაურების მშობლებმა დღეს, 23 ივნისს, ბრიფინგი „ლელოს“ ოფისში, პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, ირაკლი კუპრაძესთან ერთად გამართეს.

როგორც ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე გააჟღერა, „ლელო“ მეზღვაურების გასათავისუფლებლად პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის  მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჩართვას ითხოვს.

მეზღვაურების მშობლების მოთხოვნაზე „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზეც გაახმოვანა და მოითხოვა საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: