მთავარი,სიახლეები

რას ამბობს იუსტიციის საბჭოს წევრი, ვის შვილსაც მოსამართლეობა სურს

19.05.2021 • 1702
რას ამბობს იუსტიციის საბჭოს წევრი, ვის შვილსაც მოსამართლეობა სურს

„აქ შვილი გამოყენებულია საშუალებად ჩემ წინააღდეგ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან გზირიშვილი. მისი შვილი ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლეობას აპირებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი, მოსამართლეებს არჩევს.

ლევან გზირიშვილი ვერ ასაბუთებს, ვინ მუშაობს მის წინააღმდეგ ან რატომ არის „პერსონალური თავდასხმა“ მოცემულობა, როცა ლევან გზირიშვილის შვილის მაინცადამაინც ახლა მოუნდა მოსამართლეობა? ფაქტობრივი ვითარება ასეთია: ლევან გზირიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017 წელს გახდა, 2018 წელს კი, ლევან გზირიშვილის შვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი ხდება და თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელი. 2021 წლის ივნისში ლევან გზირიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ეწურება, მანამდე კი, საბჭომ მოსამართლეები უნდა შეარჩიოს. მოსამართლეობის კანდიდატებს შორისაა ალექსანდრე გზირიშვილი.

„33 წლის კაცია, ცოლშვილიანი, ცალკე ოჯახად ცხოვრობს… ასე რომ ავუკრძალო, რატომ უნდა ავუკრძალო? ან მე რა ბერკეტები მაქვს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ვარ, მე მოსამართლეებთან შეხება საერთოდ არ მაქვს, სხდომის დროს ვხდები მხოლოდ,“ – ირწმუნება ლევან გზირიშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სცადა აეხსნა „ბათუმელებისთვის“, რატომ არ გაუჩნდა მის შვილს მოსამართლეობის სურვილი აქამდე, ან რატომ მოუნდა მაინცადამაინც მოსამართლეობა, თუკი მას წარმატებული იურისტის ბიოგრაფია უკვე აქვს.

„მანამდე იყო არჩეული წევრი საკრებულოში, მაჟორიტარი იყო, დამოუკიდებელი, დეპუტატობას ვერ მიატოვებდა, ვადა უნდა გასვლოდა…“ – გვითხრა ლევან გზირიშვილმა.

რომელი საკრებულოს წევრობას ვერ შეელია თქვენი შვილი? – ვკითხეთ ისევ იუსტიციის საბჭოს წევრს.

„კასპის საკრებულოს,“ – გვიპასუხა ლევან გზირიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ მას ამ ფორმით იმიტომ ესხმიან თავს, რომ თავის დროზე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს დაუჭირა მხარი.

„რატომ იყო თქვენი ეს გადაწყვეტილება სწორი, მიიჩნევთ, რომ სასამართლო კლანი არ არსებობს?“ – ესეც ვკითხეთ ლევან გზირიშვილს.

„იცით, როგორ არის? უნდა შეცვლილიყო მოსამართლეთა შემადგენლობა, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო და მერე კიდევ შეცვალეს, ან ძველი შემადგენლობისთვის მიეცათ დამოუკიდებლობა და ახლა ნუ, ამბობენ, რომ ადრე ცუდ გადაწყვეტილებას იღებდნენ და ახლა არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს… თქვენ რას ფიქრობთ, მოსამართლეებს არ სურთ დამოუკიდებლობა?“ – კითხვა აქვს ლევან გზირიშვილს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თქმით, დასაბუთება სჭირდება კლანის არსებობას სასამართლოში, რის საფუძველსაც სასამართლო საქმეები არ იძლევა. ლევან გზირიშვილს შევახსენეთ, მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, სადაც წერია, რომ „სასამართლო და პროკურატურა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან,“ – ლევან გზირიშვილისგან ის პასუხი მივიღეთ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან გვესმის.

„აქაური ორგანიზაციები აწვდიან ძირითადად ამ მონაცემებს, როგორც ამბობენ თავად, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია,“ – დასძინა ლევან გზირიშვილმა.

ლევან გზირიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნამდე აჭარის მთავარი პროკურორი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: