სიახლეები

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია ბათუმელ სტუდენტებს

31.01.2016 • 3665
ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია ბათუმელ სტუდენტებს

„ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისათვის“ ქვეპროგრამას ბათუმის მერია განახორციელებს. სტიპენდია გაიცემა წელიწადში ორჯერ. ამჯერად, 2015-2016 სასწავლო წლის პირველი და მეორე სემესტრის 50-50  ფრიადოსან სტუდენტზე. ქვეპროგრამასთან დაკავშირებით მერია საინფორმაციო-სარეკლამო რგოლსაც  ამზადებს.

როგორც ქვეპროგრამაშია აღნიშნული, სტიპენდია გაიცემა იმ საუკეთესო 50 სტუდენტზე, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არიან ჩარიცხულნი და რომლებიც  უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის მომენტისათვის რეგისტრირებულნი არიან ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ამასთან მიღებული აქვთ დადებითი შეფასება  (A) -ფრიადი (91 ქულა და მეტი) 2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად .

სტიპენდია გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებებზე/დარგებზე: ინჟინერია, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირება, ეკოლოგია/ გარემოსმცოდნეობა, საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია/გემის მექანიკა/გემის ელექტრომექანიკა), განათლების მეცნიერებები და მასწავლებლის განათლება.  ბიოლოგია, კულტურული მემკვიდრეობა, ხელოვნება, ხელოვნებათმცოდნეობა, რესტავრაცია/ -კონსერვაცია და არქეოლოგია.

სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით. კონკურსის ჩატარების წესსა და სხვა დამატებით პირობებს განსაზღვრავს ქ. ბათუმის მერი. ქვეპროგრამისთვის ბათუმის ბიუჯეტში 101 ათასი ლარია გათვალისწინებული.

ამ ქვეპროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაცვით ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე ჩარიცხული საუკეთესო 50 სტუდენტი, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა არის 91 და მეტი, მიიღებს ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდიას 200 ლარის ოდენობით.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ თუ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის უმაღლეს საგანამანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ ორ ან მეტ სტუდენტს მიღებული აქვს თანაბარი ქულა, თანხა გაიცემა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე რეიტინგის მიხედვით. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ორ ან მეტ სტუდენტს მიღებული აქვს თანაბარი აბსოლუტური ქულების ჯამი, სტიპენდია გაიცემა შემდეგი თანმიმდევრობის დაცვით:

ა) ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად; ბ)  ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად; გ)  ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უცხოური ენის გამოცდაში მიღებული უფრო მაღალი სკალირებული ქულის შესაბამისად.

ქვეპროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა სემესტრებში ერთხელ. 2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით სტიპენდია გაიცემა არაუგვიანეს 2016 წლის მაისის თვისა და ერთობლივად მოიცავს 4 სასწავლო თვეს.

თუკი სტუდენტი  შეინარჩუნებს დადებით შეფაესებას 2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრისათვის, ის ავტომატურად ხდება პრეტენდენტი სტიპენდიის მიღებაზე.

2015-2016 სასწავლო წლის მეორე  სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით, სტიპენდია გაიცემა არაუგვიანეს 2016 წლის ნოემბრისა და ერთობლივად მოიცავს  6 სასწავლო თვეს.

სტიპენდიის მისაღებად სტუდენტი განცხადებით მიმართავს ბათუმის მერიას [გასულ წელს პირველი სემესტრის სტიპენდიებთან დაკავშირებით განცხადებების მიღება მერიაში თებერვლიდან აპრილის თვის ჩათვლით პერიოდში მიმდინარეობდა].

რაც შეეხება საინფორმაციო რგოლს [ქრონომეტრაჟით 50-90 წმ], მერიამ მის დამზადებაზე გამარტივებული ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელშიც ორი პრეტენდენტი მონაწილეობდა: შპს „ბათუმი 2014“ [საბოლოო შეთავაზება  790 ლარი] და  შპს „სამეურვეო ტიხტიხი“ [საბოლოო შეთავაზება 789 ლარი]. საინფორმაციო რგოლის დასამზადებლად მერიას 1000 ლარი აქვს ბიუჯეტში.

გამარჯვებულმა კომპანიამ  მომსახურება უნდა განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: