მთავარი,სიახლეები

დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების ახლობლების აქცია ბათუმში

25.04.2021 • 2239
დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების ახლობლების აქცია ბათუმში

დღეს, 25 აპრილს, ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების, ასევე მათთან ერთად დაკავებული ელდარ ანთაძის ახლობლები ბათუმში აქციას მართავენ.

7 პირი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც ისინი რიონის ხეობის დამცველებთან ჩავიდნენ სოლიდარობის გამოსახატად. მათ ბრალად წარდგენილი აქვთ სხვა პირების მიმართ ჯგუფური ძალადობა – პოლიციის ინფორმაციით, ხეობიდან წამოსვლის შემდეგ, გზად, რამდენიმე ადამიანს სცემეს.

პოლიციის ვერსიას არ იზიარებენ დაკავებულების ახლობლები და აცხადებენ, რომ დაკავებულებს სახელმწიფომ პროვოკაცია მოუწყო . „უწყვეტი პროტესტი, რაც იყო აჭარაში, ამ ბიჭების მონაწილეობით იყო. ეს ბიჭები აპროტესტებდნენ, არ ჩერდებოდნენ. მათი დაკავებით ამ პროტესტის ჩაკვლა უნდათ“, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. – „პროვოკაცია მოუწყეს… რიჟვაძე რომ ამხილეს და მამამისი, იმიტომ იდევნებიან“.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთი, უფრო ხალხმრავალი აქცია დაანონსეს ხვალისთვის აჭარის მთავრობის სახლთან. „აქცია იქნება მშვიდობიანი. ამას იმიტომ ვაცხადებთ, რომ ხშირად გვიგზავნიან პროვოკატორებს“, – თქვეს აქციაზე.

„არ შეიძლება ადამიანები ასე იდევნებოდნენ ქვეყანაში“, – აცხადებენ აქციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ბრალდებულმა და ამჟამად პატიმრობაში მყოფმა მისმა [ელდარ ანთაძის] 6-მა თანამზრახველმა 2021 წლის 12 აპრილს ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

____

წულუკიძეებს და ჭელიძეებს წინასწარი პატიმრობა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 აპრილს შეუფარდა. ისინი ბათუმში 15 აპრილს დააკავე.

ელდარ ანთაძე რეზო წულუკიძესთან ერთად გასულ წელსაც მისცეს პასუხისგებაში. 2020 წლის 6 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ხულიგნობა არ დაუდასტურა, რაც პროკურატურის ვერსია იყო, მაგრამ ისინი ფიზიკური ძალადობისთვის დასაჯა.

ფირუზ წულუკიძე ევროპის ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

___

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/538007/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: