მთავარი,სიახლეები

სოფელ მარადიდში უძველესი მარანი აღმოაჩინეს [ფოტო]

24.04.2021
სოფელ მარადიდში უძველესი მარანი აღმოაჩინეს [ფოტო]

„სახლთან, ფერდობზე ვენახი უნდა ჩამეყარა და ორმოებს ვამზადებდი, შემთხვევით ძველი ქვევრი ვიპოვე.  შემდეგ სადღაც 2 მეტრში მეორეც და ასე სულ ექვსი ქვევრი აღმოვაჩინე, ფოტო გადავუღე და სპეციალისტებს გავუგზავნეთ. გუშინ იყვნენ მოსულები ბათუმის მუზეუმიდან და შესწავლა დაიწყეს. ამბობენ, რომ შეიძლება მეათე საუკუნის ან უფრო ძველი იყოს.“ – გვიყვება  სოფელ მარადიდის მკვიდრი მურად გოგიძე.

ის მარადიდის თემის სოფელ ძაბლავეთში ცხოვრობს და ქვევრებიც სწორედ აქ, საკუთარ სახლთან იპოვა.

მურად გოგიძის სახლი და ადგილი სადაც ქვევრები აღმოაჩინეს

მარადიდში აღმოჩენილი ქვევრის ნაშთები

აღმოჩენილი ნაშთების შეისწავლის მიზნით მარადიდში აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის სამსახურის უფროსი,  არქეოლოგი იზოლდა დუმბაძე ჩავიდა. სპეციალისტის განმარტებით ზედაპირული დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სასოფლო სამუშაოების დროს შემთხვევით გამოვლინილი 6 ცალი ქვევრი ღია ტიპის მარნის კომპლექსს წარმოადგენდა.

„სხვადასხვა ზომისა და შემკულობის ქვევრების მიხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ მარანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფუნქციონირებდა. ამ ეტაპზე აღმოჩენილია ექვსი ქვევრის ნაშთები, ექვსივე არის სხვადასხვა ფორმისა და შემკულობის, სხვადასხვა აღწერილობის, ანუ ერთი ტიპი არ არის. როგორც ჩანს მარანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფუნქციონირებდა რადგან დაფლობის დონეებიც სხვადასხვაა. თავის დროზე ეს იქნებოდა ღია ტიპის მარანი.  ვიმედოვნებთ ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა სხვა დასკვნების შესაძლებლობასაც მოგვცემს.“ – ამბობს იზოლდა დუმბაძე.

ფოტო: აჭარის არქეოლოგიური მუზეუმი

მურად გოგიძემ სპეციალისტების მითითებით ვენახის გაშენება შეაჩერა, თავადაც დაინტერესებულია, თუ რას დაადგენენ სპეციალისტები და რომელი საუკუნით დაათარიღებენ მის აღმოჩენას.
„გამიგია რომ მარადიდი, ეს სახელიც მარნებიდან მომდინარეობს, წლების წინ ამ სოფელში ბევრი მარანი ყოფილა და მარან დიდს ეძახდნენ, აქედან მომდინარეობსო სახელი მარადიდი. ეს ყველაფერი მტკიცდება.“ – ამბობს მურად გოგიძე.
ის საკუთარი აღმოჩენით აღფრთოვანებულია, რასაც ვერ მალავს. უკვე გეგმავს იმასაც, რომ ეს ადგილი მომავალში სოფელში შემოსული ტურისტებისთვის სანახაობად აქციოს, მაშინ როცა მათ სოფლის ისტორიაზე მოუყვება: „ ძველები ძლიერები ყოფილან ასეთ ფერდობზე და თიხიან მიწაში რომ ქვევრები ჩაალაგეს. “
იზოლდა დუმბაძის თქმით სასურველია ჩატარდეს ამ ტერიტორიის გათხრები, რაც აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია:
„მარადიდი უძველესი მეღვინეობის სოფელია. ყველა მოგზაურს, თედო სახოკიას, ზაქარია ჭიჭინაძეს და სხვებს, ვისაც აჭარაში უმოგზაურია ყველას აქვს მარადიდზე ცნობები დაცული, ამიტომ საინტერესოა თუ შევისწავლით ამ ტერიტორიას, გვერდით არის ასევე ვანახნარი ტოპონიმი შემორჩენილი – ეს ადგილიც საინტერესოა.“

მარადიდში აღმოჩენილი მარნის ნაშთები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.