მთავარი,სიახლეები

სასკოლო ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი: „ჭადრაკი ჩემ მებრძოლ ბუნებას გამოხატავს“

23.04.2021 • 1832
სასკოლო ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი: „ჭადრაკი ჩემ მებრძოლ ბუნებას გამოხატავს“

პირველად ჭადრაკის ჩემპიონი ცხრა წლის ასაკში გახდა. ამის შემდეგ კიდეც სამჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, ოქტომბერში კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 17 წლის კატო ფიფიამ მაღალი რეიტინგის ირანელი მოწინააღმდეგე  დაამარცხა.

მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატში 23 ქვეყნის მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ. ფინალურ ტურში 40 მონაწილე გადავიდა. კატომ ცხრა ტური ითამაშა, აქედან შვიდი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.

კატო ამბობს, რომ ჭადრაკთან პირველი შეხებისთანავე გადაწყვიტა ამ სპორტს გაყოლოდა. ეს მეორე კლასში იყო, როცა სკოლაში ჭადრაკი, როგორც საგანი შემოიტანეს.

„პირველივე გაკვეთილზე მომეწონა და გადავწყვიტე პროფესიონალურად დავუფლებოდი. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, რადგან 3 უფროსი ძმა მყავს და სამივე სპორტშია, დედას ძალიან უნდოდა რომ მუსიკას გავყოლოდი და ცეკვაზე მევლო, თუმცა მე მოჭადრეკე მინდოდა გავმხდარიყავი და გავხვდი კიდეც“, – გვეუბნება კატო.

კატოს აზრით, ჭადრაკი მის ბუნებას გამოხატავს – უსასრულო ბრძოლაში ხარ, სულ ომში ყოფნა გიწევს და გამარჯვების სურვილი გაქვს“, – გვეუბნება კატო.

რატომ მოგწონს წინააღმდეგობები – ვეკითხებით მას. კატო გვპასუხობს, რომ ბუნებით მებრძოლია – ისეთივეა ცხოვრებაშიც, როგორც ჭადრაკში.

კატო ფიფია, მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონი ჭადრაკში

მათ ვინც ჯერ კიდევ გენდერული სტერეოტიპებით იკვებება, გარკვევით პასუხობს, რომ ქალი და კაცი თანასწორია. „მეც მიგრძვნია ხოლმე დისკრიმინაცია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში მხოლოდ იმის გამო, რომ გოგო ვარ. დღეს ბევრი გოგოა დაჩაგრული და შევიწროებული იმის გამო, რომ გოგონები არიან. ყოველთვის ვცდილობ, ყველა პლატფორმა გამოვიყენო იმის სათქმელად, რომ ეს მიუღებელია.

თუკი გოგონები მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, მათ აუცილებლად უნდა ილაპარაკონ ამაზე, არ უნდა გაჩუმდნენ, რადგან გენდერული ნიშნით ჩაგვრა არასდროს დასრულდება ბრძოლის გარეშე. ჩემი აზრით, ბრძოლა ერთადერთი გამოსავალია“, – ამბობს კატო.

მისი აზრით, გენდერული სტერეოტიპები ახალ თაობაში ნაკლებადაა ფესვგადგმული და ეს კარგია. „ყოველ შემთხვევაში, იმ გარემოცვაში, ვისთანაც მე შეხება მაქვს, ქალის და კაცის თანასწორობის თემა გარკვეულია“, – გვეუბნება კატო.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, კატო ამბობს, რომ პანდემიის გამო ყველა ტურნირი გადადებულია. „ამიტომ, ამ ეტაპზე გამოკვეთილი გეგმები არ მაქვს. ჩემთვის მაინც პირდაპირ ტურნირებში გამარჯვებაა მნიშვნელოვანი და არა ონლაინში“, – გვეუბნება ის.

შავი და თეთრის კომბინაცია ახლა კატოს ცხოვრების ფიქრია. „სადაც კი შავ-თეთრ ფერებს გადავაწყდები, ჩემი ასოციაციები ყოველთვის ჭადრაკისკენ მიდის. სულ გეფიქრება ხოლმე ამ კომბინაციებზე“, – ამბობს კატო.

კვირაში მინიმუმ 3-4 გაკვეთილი აქვს, ხშირად აკვირდება ცნობილი მოჭადრაკეების სვლებს. ამბობს, რომ სხვების გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საჭადრაკო კომბინაციები ამოუწურავია და დასწავლილი დაფაზე ყოველთვის არ გამოგადგება. „საბოლოდ, ყველაფერი მაინც ჭადრაკის დაფაზე წყდება, შენით უნდა შექმნა კომბინაციები და ბრძოლა მოიგო“, – გვეუბნება კატო.

მისი აზრით, მოგებისთვის მნიშვნელოვანია სამი რამ – განწყობა, ბრძოლის უნარი და ბევრი შრომა.

გადაბეჭდვის წესი