მთავარი,სიახლეები

„აღმზრდელის ხელფასი 380 ლარია“ – რატომ არ ზრდის შუახევის მერია ბაღებში ანაზღაურებას

23.04.2021
„აღმზრდელის ხელფასი 380 ლარია“ – რატომ არ ზრდის შუახევის მერია ბაღებში ანაზღაურებას

შუახევის საბავშვო ბაღების თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ისევ ელოდებიან. მათი ხელფასების ზრდა ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსდა, თუმცა საბავშვო ბაღებში გაზრდილი ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ისევ არ მოგვემატა ხელფასი“ – ამბობენ ისინი „ბათუმელებთან“. მათი თქმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღების ბიუჯეტი გაიზარდა და ეს გაზრდილი ბიუჯეტი ბაღების თანამშრომლების ხელფასებზე უნდა დახარჯულიყო. ამ საკითხის მოკვლევის მიზნით, გამგეობის თანამშრომლები საბავშვო ბაღებშიც იმყოფებოდნენ, თუმცა ხელფასი მაინც არ გაუზრდიათ.

„ეტყობა ჩათვალეს, რომ კარგი ხელფასები გვაქვს და არ დაგვიმატეს,“ – ხუმრობენ ერთ-ერთ ბაღში.

სხვა წყაროს ინფორმაციით, ბაღის თანამშრომლებს გამგეობაში ისიც უთხრეს, რომ ფული არ აქვთ, ამიტომაც ვერ გასცემენ მომატებულ ხელფასებს. „ცენტრალური ხელისუფლებისგან არ წამოვიდა თანხა, ჩვენ არ გვაქვს და ვერ გირიცხავთო“.

ამ დროისთვის საბავშვო ბაღებში ყველაზე მაღალი ხელფასი (მენეჯერის) 435 ლარია (ხელზე აღებით), ყველაზე დაბალი კი – 240 ლარი (დამლაგებლის), ძიძა 315 ლარს იღებს, აღმზრდელი – 380 ლარს, ბაღის ფსიქოლოგი კი  – 290 ლარს.

„ბათუმელები“ შუახევის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ მოემატათ ხელფასი საბავშვო ბაღების თანამშრომლებს. მერიის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ხელფასებს აუცილებლად გაუზრდიან, თუმცა როდის, დაზუსტებით არ იციან.

„თვეს ვერ დაგისახელებთ, თუმცა ყველას ეზრდება 100-120 ლარის ფარგლებში, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

ბაღების თანამშრომლებმა კი გვითხრეს, რომ გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, ყოველ თვეში, ზუსტად მსგავს დაპირებებს თავადაც იღებენ შუახევის მერიიდან.

კითხვაზე – რა პროცედურების გავლას ელოდება მერია? მერიაში გვპასუხობენ, რომ „მუნიციპალიტეტი კომუნიკაციაშია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან“.

განმარტებისთვის „ბათუმელებმა“ მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაც, სადაც ასევე გვეუბნებიან, რომ  ხელფასების ზრდა იგეგმება, „დაახლოებით 100 ლარით, თუმცა რა ფორმით მოხდება ეს და როდის დასრულდება მოლაპარაკებსი პროცესი, ამაზე მიდის საუბარი“-გვეუბნებიან სამინისტროს პრესსამსახურში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: