მთავარი,სიახლეები

14 წლის ნინის საქმეს PHR ჩამოშორდა, რა დარღვევებზე საუბრობს ორგანიზაცია

20.04.2021 • 1441
14 წლის ნინის საქმეს PHR ჩამოშორდა, რა დარღვევებზე საუბრობს ორგანიზაცია

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR], რომელიც ქობულეთში გარდაცვლილ, 14 წლის ნინი ცეცხლაძის საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა, ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით ჩამოშორდა სისხლის სამართლის საქმეს.

ნინი ცეცხლაძის უფლებამონაცვლე მისი უფროსი დაა.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანხმობით.

საქმეში PHR-ის იურისტების ჩართვის შემდეგ ორგანიზაციამ აღმოაჩინა არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა და განახორციელა შემდეგი რეაგირება:

  • PHR-მა მოითხოვა საქმეს ჩამოშორებოდა პროკურორი, გამომძიებელი და სოციალური მუშაკი, რადგან მათ შეეძლოთ და არ მიიღეს შესაბამისი სავალდებულო ზომები ნინი ცეცხლაძის დასაცავად. აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქმე ჩამოერთვა ბათუმის რაიონულ პროკურატურას და  გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას;
  • PHR-მა რამდენჯერმე მიმართა გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა პროკურორის, გამომძიებლისა და სოციალური მუშაკის მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყება, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია;
  • PHR-მა განცხადებით მიმართა საქმისმწარმოებელ პროკურორს და მოითხოვა ნინი ცეცხლაძის მიმართ განხორციელებული ქმედების გაუპატიურებად შეფასება, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალის გამოყენებას, ამავდროულად, საქმეშია არასრულწლოვნის ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება. თუმცა PHR-ის საქმიდან ჩამოშორების დროისთვის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა არ მომხდარა;
  • PHR-ის ჩართულობით საქმეში გამოიკვეთა, რომ საჯარო სკოლამ არ მიიღო შესაბამისი ზომები ნინი ცეცხლაძის მიმართ ბულინგის პრევენციისა და საგაკვეთილო პროცესში უსაფრთხო დაბრუნების მიზნით. ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისთვის;
  • PHR, საქმეში მტკიცებულებების გათვალისწინებით, ითხოვდა ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას, ვინც რაიმე ფორმით ძალადობა განახორციელა ნინი ცეცხლაძის მიმართ. თუმცა ამ დრომდე ბრალდებულ პირთა რაოდენობა გაზრდილი არ არის.

PHR-ის შეფასებით პროკურორმა, გამომძიებელმა და სოციალურმა მუშაკმა, ნინი ცეცხლაძის დასაცავად, არ მიიღეს შემდეგი სავალდებულო ზომები:

  • არ მოხდა მტკიცებულებების საწყის ეტაპზევე შეგროვება, მათ შორის მოწმეების გამოკითხვა, ნინი ცეცხლაძის ტანსაცმლის ამოღება, გამოძიებამ არ დანიშნა ექსპერტიზა ნინი ცეცხლაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიზნით;
  • ნინი ცეცხლაძე გამოიკითხა რამდენჯერმე, ბავშვისთვის შეუსაბამო გარემოში, ადვოკატისა და ფსიქოლოგის მონაწილეობის გარეშე;
  • გამოძიებამ არ მიიღო შესაბამისი ზომები ნინი ცეცხლაძის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის დადგენის მიზნით;
  • გამოძიებამ იგნორირება მოახდინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სადაც ექსპერტები ნინი ცეცხლაძის მონათხრობზე დაყრდნობით უთითებდნენ, რომ სექსუალური აქტი განხორციელდა ფიზიკური ძალის გამოყენებით;
  • გამოძიებამ გაუმართლებლად დააყოვნა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება;
  • გამოძიებამ არ უზრუნველყო ნინი ცეცხლაძის დაცვის მიზნით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის, შემაკავებელი ორდერის სახით;
  • ნინი ცეცხლაძეს არ მიეწოდა შესაბამისი დამხმარე, სარეაბილიტაციო სერვისები სახელმწიფოსგან და სხვა.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე ცხადი დასტურია საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის სისუსტის. ის მიუთითებს არსებით, სისტემურ პრობლემებზე, რისი აღმოფხვრაც მხოლოდ სრულყოფილი რეფორმის გზით შეიძლება მოხდეს.

______________

9 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგომ, წინასწარი ინფორმაციით, თავი მოიკლა. ოჯახის თქმით, ტრაგიკულ შემთხვევას წინ უძღოდა მისი გაუპატიურება.

გოგოს დაღუპვიდან მალევე 23 წლის კაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 140-ე და 115 მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევას   წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და თვითმკვლელობამდე მიყვანას.

ამ საქმეზე 15 თებერვალს პოლიციამ ასევე დააკავა დაღუპული გოგოს ბაბუა, მუქარისა და ძალადობის ბრალდებით.

14 თებერვალს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ პოლიციამ რაც შეძლო ყველაფერი გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ 14 წლის ნინის საქმეზე გამოძიება ორი თვის წინ დაიწყო და ბრალდებული მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, როცა მოზარდმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: