Batumelebi | სტატუსი შეუჩერდება მოსწავლეს, რომელიც ზედიზედ 45 დღეს გააცდენს სკოლას სტატუსი შეუჩერდება მოსწავლეს, რომელიც ზედიზედ 45 დღეს გააცდენს სკოლას – Batumelebi
RU | GE  

სტატუსი შეუჩერდება მოსწავლეს, რომელიც ზედიზედ 45 დღეს გააცდენს სკოლას

განათლების მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შევიდა მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესებში. ცვლილების მიხედვით, სკოლა ვალდებულია როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს სტატუსი შეუჩეროს, თუ ის 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ გამოცხადდება სკოლაში ან არ მონაწილეობს დისტანციურ სწავლებაში და არ იღებს შეფასებას.

აქამდე მოსწავლეს სტატუსი უჩერდებოდა სკოლის ზედიზედ 90 დღის გაცდენის შემთხვევაში.

ახალი ბრძანების მიხედვით, სტატუსი ასევე უჩერდება იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და არ გადაიხადა ვაუჩერის შესაბამის თანხას სახაზინო ანგარიშზე [თუ მოსწავლე ვერ აიღებს ატესტატს და ისევ გადაწყვეტს სკოლაში სწავლის გაგრძელებას, ვაუჩერის თანხა თავად უნდა გადაიხადოს].

მოსწავლეს სტატუსი შეუჩერდება, თუკი სკოლას განცხადებით მიმართავს არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი, კანონიერი წარმომადგენელი ან სრულწლოვანი მოსწავლე. თუმცა არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, სოციალურ მუშაკთან რეფერირების გზით, დაადგინოს სტატუსის შეჩერების მოთხოვნის მიზეზები.

„სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში“, – ნათქვამია ბრძანებაში.

მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე, სკოლა ვალდებულია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები: „ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა უნდა მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის შესახებ, რომელსაც სკოლა მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს  რესურსცენტრს…

ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის  სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით, კლასის დამრიგებელთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევაში, ორი სამუშაო დღის განმავლობაში, ახორციელებს ვიზიტს ოჯახში და აფასებს გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას“, – წერია ბრძანებაში.

ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი,  რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა ან დისტანციურ სწავლებაში მონაწილეობის მიუღებლობა გამოიწვია მხოლოდ ელექტრონული სისტემით ჩატარებულმა გაკვეთილებმა,  სკოლა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუკი სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე და მშობელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.

ბრძანების მიხედვით, სკოლა ვალდებულია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს და ეს ინფორმაცია ასახოს  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com