მთავარი,სიახლეები

ვაქცინაციის შემდეგ – რას ჰყვებიან კოვიდზე აცრილები

05.04.2021 • 3206
ვაქცინაციის შემდეგ – რას ჰყვებიან კოვიდზე აცრილები

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 284 061 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა  275 024. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე 3 822 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ სტატისტიკის ფონზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, იმუნიზაციის ცენტრებში.

მიუხედავად იმისა, რომ აცრამდე იმუნიზაციის ცენტრში მისულ მოქალაქეს ანამნეზს სრულად ეკითხებიან, მაინც თითქმის შეუძლებელი ზუსტი გამოთვლა, თუ ვის რა ტიპის გვერდითი მოვლენა შეიძლება განუვითარდეს. თუმცა აცრის დროსვე ყველას აფრთხილებენ, რომ ტემპერატურის დროებით მატება და სახსრების ტკივილი აცრის შემდეგ მოსალოდნელია, მაგრამ გაივლის. ისეც ხდება, რომ ყველას ეს ნიშნებიც არ აქვს.

  • ნური სალაძე, პენსიონერი

72 წლის ვარ, 30 მარტს ავიცერი ფაიზერით ბათუმის რესპუბლიკურში. გვერდითი მოვლენები არ მქონია. გრიპის აცრას ყოველ წელს ვიკეთებ და ამ აცრისაც არ შემშინებია. ტესტირება 4-ჯერ გავიკეთე და პასუხი ოთხჯერვე უარყოფითი იყო. მაგრამ მაინც გული საგულეს რომ მქონოდა, აცრა დროულად გავიკეთე.

ოთხმა ძმამ ავიცერით ერთად და ახლა მეორე დოზას ველოდებით 20 აპრილს.

სიცხე, თავის ტკივილი და ასეთები არ ყოფილა აცრის მერე, სახსრები კი მტკივა, მაგრამ ასაკში ვარ და არცაა გასაკვირი.

სანამ ავიცრებოდი, რამდენიმე კითხვა დამისვეს, ჩემს ექიმთან მქონდა შეთანხმება, მითხრა პარკინსონის მედიკამენტი, რასაც სვამ, ეგ აცრაში ხელს არ შეგიშლისო. ჯერ კიდევ ბევრს არ აქვს გაკეთებული ვაქცინა და მიკვირს. ხომ თქვა პაატა იმნაძემ, ვაქცინა ეპიდემიის დასასრულის დასაწყისიაო? აცრამ გადაარჩინა ხალხი „ისპანკისგან“, გრიპებისგან, ათასი რამისგან, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.

ქოლერის ეპიდემია მახსოვს. სტუდენტი ვიყავი, თბილისიდან ბათუმში მოვდიოდით და ვაგონებში ვიყავით შეყუჟული. გარეთ ვერ გამოვდიოდით. მაშინაც იყო შიშის გრძნობა, კუპედან გამოსვლაც კი არ შეიძლებოდა ბათუმში ჩასვლამდე.

60, 70-იანი წლები იყო ეს. ქოლერის საშინლად ეშინოდა ხალხს, მაგრამ გადაიარა.

 

  • გურამ მაჩიტაძე, კარდიოლოგი. 32 წლის

ერთ საღამოს, აცრის დღეს, მქონდა სიცხე მხოლოდ, პარაცეტამოლი დავლიე და დილით უკვე მშვენივრად ვიყავი. სხვა არანაირი გართულება არ მქონია. შიში ხალხში ალბათ ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. რისკი ყველა ვაქცინას ახლავს თან, მაგრამ კოვიდი გაცილებით სარისკოა, ამ ვირუსს ბევრად მეტი რისკები აქვს, ვიდრე მის ვაქცინას. ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. 17 მარტს ავიცერი. სიცხე – თანმდევი გრიპოზული მოვლენებით და სახსრების ოდნავი ტკივილი – ერთ საღამოში ალაგდა ეს ყველაფერი.

ყველას ვურჩევდი ვაქცინაციას, სხვა გზა არ არსებობს პანდემიის დასასრულებლად.

 

  • ნუგზარ როყვა, პენსიონერი

ცოტა გვერდითი მოვლენები მაქვს, სიცხე მაქვს ყოველდღე 37 და 3, 5 ხაზი, სახსრების ტკივილიც მაქვს და მოდუნებული ვარ. წნევა წესრიგშია. 37 და 7 ხაზი იყო ყველაზე მაღალი ტემპერატურა. აცრის მეორე დღესვე დამეწყო სიცხე. უფრო დღის მეორე ნახევარში იწევს ტემპერატურა მაღლა. ამის შესახებ გამაფრთხილეს კიდეც. 3 დღე შეიძლება იყოს სიცხე, კიდურების, სახსრების ტკივილი და შემდეგ თავისთავად გავაო.

ჯერჯერობით არაფერი ისეთი გვერდითი მოვლენა არ მქონია, რის შესახებაც გაფრთხილებული არ ვიყავი. 67 წლის ვარ, ფაიზერით ავიცერი ბათუმში. მეორე დოზა 23 აპრილს მიწევს.

რომ გითხრათ არ მეშინოდა-მეთქი, ტყუილი იქნება, მაგრამ ანალიზები გავიკეთე და მომზადებული მივედი. თანმდევი დაავადებები არ მაქვს, სისხლის საერთო ანალიზი გავიკეთე, არაფერი ცუდი არ გამოჩენილა, ჰემოგლობინისა და პროთრომბინის ანალიზებიც მქონდა თან, ასე მივედი.

აცრამდე ბევრი კითხვა დამისვეს: წამლების შესახებ, ვსვამდი თუ არა რაიმეს, სისხლის გამათხელებლებს ხომ არ ვიღებდი, კუჭის წყლული ხომ არ მქონდა, გული ხომ არ მაწუხებდა ან დიაბეტი და ა.შ. ანალიზსაც ჩახედეს რაც მივიტანე.

ბევრმა მითხრა არ უნდა აგეცრა, გედროვებინა ჯერ სხვებისთვისო.

 

დეა ქაჯაია, მედცენტრის დირექტორი

მე ასტრაზენეკა გავიკეთე მარტის ბოლოს. ჩემი შვილიც აიცრა – 23 წლისაა. საერთოდ არ ჰქონია მას არანაირი გვერდითი მოვლენა. მე მქონდა სიცხე მეორე დღეს, ამისთვის მზად ვიყავი – რეაქცია სიცხის სახით 10, 12 საათის შემდეგ მოსალოდნელია, ვიცოდი ეს.

მედცენტრი, სადაც მე ვმუშაობ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო. ჩვენთან არც ერთი ალერგიული გართულება არ ყოფილა ჯერჯერობით. ვინც ავცერით, არავის მოუმართავს მწვავე გვერდითი მოვლენებით, ყოველ დილას ვკითხულობთ ემერჯენსში, ვინმეს ხომ არ მოუმართავს ჩივილებით აცრის შემდეგ და ასეთი ჯერ არავინ ყოფილა.

ყველა ვაქცინას შესაძლოა ჰქონდეს ალერგიული ტიპის გართულება. ეს ცნობილია და შესაძლებელია ამ ვაქცინასაც ჰქონდეს უიშვიათეს შემთხვევაში გართულებები. ეს შიში ადამიანებში ალბათ განპირობებულია იმით, რომ დაავადებაც ახალია და ვაქცინებიც.

უნდა ავწონოთ სარგებელი: რას მოიტანს აცრა და რას მოიტანს აუცრელობა. ჩვენი, ყველას მოვალეობაა ვაქცინაციაში ჩართვა. ცხადია, ზოგი ვერ გაიკეთებს, ვისაც ანამნეზი აქვს აცრისთვის შეუთავსებელი, მაგრამ მასობრივად 70, 80 % მოსახლეობის უნდა აიცრას, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ვირუსის დამარცხებას.

___

საქართველოში ამჯერად ორი ვაქცინით, „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ მიმდინარეობს ვაქცინაცია. პირველ ეტაპზე მედპერსონალი და 55 წელს გადაცილებული მოქალაქეები იცრებიან. ვაქცინაციის მსურველებს ხშირად უჩნდებათ კითხვა, თუ რა სახის გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: