მთავარი,სიახლეები

გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში შეუძლიათ თუ არა თქვენი ნივთების დაყადაღება? – იურისტის განმარტება

06.10.2025
გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში შეუძლიათ თუ არა თქვენი ნივთების დაყადაღება? – იურისტის განმარტება

გადაუხდელი ჯარიმის შემთხვევაში, აღმასრულებელს შეუძლია თუ არა საცხოვრებელ ადგილას მოვიდეს და ნივთები დააყადაღოს?

ამ საკითხთან დაკავშირებით იურისტმს, საიას ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ფეისბუქზე ვრცელი განმარტება გამოაქვეყნა.

„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ იურისტის განმარტებას:

  1. „შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც გასაჩივრების და განხილვის პროცედურები ამოწურულია და ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაწყებულია აღსრულება.
  2. სახლს, რომელიც თქვენს სახელზე არაა რეგისტრირებული, ვერავინ შეეხება (მაგალითად, თქვენი ოჯახის წევრის, ნათესავის თუ ასე შემდეგ).
  3. აღმასრულებელს შეუძლია აღწეროს და დააყადაღოს მოვალის (დაჯარიმებულის) საცხოვრებელ ადგილას მხოლოდ მოძრავი ნივთები, მაგალითად, ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თუმცა ეს არაა კატასტროფა და გამოსავალიც, რა თქმა უნდა, არსებობს.

რატომ იქცევა ასე აღმასრულებელი? რატომ აყადაღებს მოძრავ ნივთებს, რომლებიც თქვენი არაა?

კანონში წერია, იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის. ამიტომ აღმასრულებელი მოვალის საცხოვრებელ ადგილას მოძრავ ნივთს რასაც იპოვის, ყველაფერი შეუძლია დააყადაღოს. ეს ახლა არ მოუგონია „ოცნებას“, დიდი ხანია კანონში წერია და იყენებენ ამ ჩანაწერს.

რა ითვლება მოვალის საცხოვრებელ ადგილად?

ამას კანონი არ აკონკრეტებს და ამიტომ, აღმასრულებელს როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ მისამართზე შეუძლია ნივთების დაყადაღებისთვის მისვლა.

რა ხდება დაყადაღებისას და მიაქვთ თუ არა ნივთები სახლიდან?

ნივთებს სახლიდან არავინ წაიღებს. დგება მხოლოდ ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტი, რომლის შემდეგაც ამ ნივთების გასხვისება გეკრძალებათ, თუმცა ისინი რჩება თქვენთან და იყენებთ მათ მანამდე, სანამ აუქციონზე არ გაიყიდება.

გაითვალისწინეთ, რომ ნივთების აღწერისა და დაყადაღების აქტის ასლი აღმასრულებელს აუცილებლად გამოართვათ, ნივთებზე დავაში გამოგადგებათ. ჩაბარებით არაფერს აღიარებთ და მეტიც, ეს დოკუმენტი აუცილებლად უნდა წარუდგინოთ სასამართლოს. (ზოგადად, სირაქლემას პოზაში თავის ჩაყენებას აზრი სამართლებრივად არც აქვს.)

როგორ უნდა გავაჩეროთ აუქციონი და გადავარჩინოთ ნივთები გაყიდვისგან?

ნივთების ნამდვილმა მესაკუთრემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით, მოითხოვოს ნივთების მესაკუთრედ ცნობა და ყადაღისგან გათავისუფლება. ამავე საქმეში მოსარჩელემ უნდა მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, დავის გადაწყვეტამდე აღსრულების შეჩერების სახით, რომლის შედეგადაც სააღსრულებო ბიურო აუქციონს ვერ ჩაატარებს.

ვინ უნდა შეიტანოს სარჩელი?

სარჩელის შეტანა შეუძლია იმას, ვისაც შეუძლია დაადასტუროს, რომ ეს ნივთები ეკუთვნის მას. მაგალითად, მოსარჩელე შეიძლება იყოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელსაც მარტივად შეუძლია დაადასტუროს, რომ ბინაში არსებული ავეჯი ან ტექნიკა მას ეკუთვნის. მოსარჩელე ასევე შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი პირი, რომელსაც ეს ნივთები ეკუთვნის და ამის დადასტურება შეუძლია.

ვის წინააღმდეგ უნდა შევიდეს სარჩელი?

ამ საქმეში მოპასუხეები (კანონის მიხედვით) არიან სააღსრულებო საქმის კრედიტორი და მოვალე. მარტივად რომ გითხრათ, დაჯარიმებულის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შედის სარჩელი.

რომელ სასამართლოს უნდა მივმართოთ სარჩელით?

ეს საქმე განსჯადობით იმ სასამართლოს ეკუთვნის, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს აღსრულება.

როგორ უნდა დავარწმუნოთ სასამართლო, რომ ნივთები მოვალეს კი არა, თქვენ გეკუთვნით?

ამისთვის ნებისმიერი მტკიცებულება გამოდგება და წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს არც ერთ მათგანს. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, საგარანტიო ფურცლები, ასევე მოწმეთა ჩვენებები (მაგალითად, მეზობლების), რომლებსაც შეუძლიათ თქვენი მესაკუთრეობის დადასტურება.

აუქციონის/აღსრულების შეჩერებისთვის რა უნდა გავაკეთოთ?

აუქციონის/აღსრულების შეჩერებისთვის სასამართლოს უნდა მიმართოთ შუამდგომლობით ამ მოთხოვნით. შუამდგომლობა სარჩელთან ერთადაც შეგიძლიათ შეიტანოთ და სარჩელის აღძვრამდეც (ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სარჩელი 10 დღეში უნდა შეიტანოთ). აღსრულების შესაჩერებლად დამატებით დაგჭირდებათ ცნობა სააღსრულებო ბიუროდან, რომ აუქციონი არ გამოცხადებულა. სასურველია, ეს ცნობა ისე აიღოთ, რომ იმავე ან მომდევნო დღესვე მაინც შეიტანოთ სარჩელი/შუამდგომლობა.

რა ვადაში უნდა შეიტანოთ სარჩელი?

სარჩელი უნდა შევიდეს აუქციონის გამოცხადებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება და მერე მხოლოდ ზიანის ანაზღაურებაზე მოგიწევთ დავა. ზოგადი წესის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო აუქციონს აცხადებს ნივთებზე ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში.

სასამართლოში ბაჟი რამდენი იქნება გადასახდელი?

ამ შემთხვევაში სასამართლოში ბაჟი იქნება გადასახდელი და უფასოდ ვერ შეიტანთ სარჩელს. სადავო ნივთების ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარი იქნება სახელმწიფო ბაჟი გადასახდელი (ცალკეულ შემთხვევებში ბაჟის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს) და ამას დამატებული 50 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფისთვის (აუქციონის შესაჩერებლად)

საქმის მოგების შანსი არსებობს?

ასეთი სარჩელი საფუძვლიანია და მდიდარი სასამართლო პრაქტიკაცაა ასეთ საქმეებზე.

ეს არის ზოგადი კითხვები, რომლებზეც ინფორმაცია უნდა გქონდეთ, რომ არ დაიბნეთ და იცოდეთ, როგორ მოიქცეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ასეთ დროს ისეთი შაბლონებით, როგორსაც შსს-ს ჯარიმების შემთხვევაში გიზიარებდით ხოლმე, ცოტა გაჭირდება მოქმედება მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად ამ დოკუმენტების დაშაბლონება შესაძლებელია. ამიტომ რეკომენდაცია მექნებოდა, კონკრეტული ნაბიჯები და სხვა ტექნიკური დეტალები ადვოკატთან ერთად გაიაროთ და დაგეგმოთ“ – წერს ნიკა სიმონიშვილი.

ამავე თემაზე:

დევნილი ვარ, ბინაც კი არ მოუციათ, ახლა ბებია-ბაბუის სახლიდან მაცივარს და სკამებს მიყიდიან – აქტივისტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: