განათლება,მთავარი,სიახლეები

ინდოელ სტუდენტებს საქართველოს მთავრობა კვლავ დისკრიმინაციულად ეპყრობა – TDI

13.09.2021 • 2977
ინდოელ სტუდენტებს საქართველოს მთავრობა კვლავ დისკრიმინაციულად ეპყრობა – TDI

საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციები ინდოელი სტუდენტების მიმართ კვლავ დისკრიმინაციულია და შეიცავს სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“.

ორგანიზაციის განცხადებით, ინდოეთის მოქალაქე სტუდენტები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, უკვე თვეებია ვერ ახერხებენ ინდოეთიდან საქართველოში დაბრუნებას. მათთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საფუძვლით დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული, არაგონივრული და დისკრიმინაციულია.

„2021 წლის 15 აპრილს პანდემიის საკითხებზე შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა ხორციელდება მხოლოდ ჩარტერული რეისებით. თუმცა 2021 წლის 15 აპრილის შემდგომ ინდოეთიდან საქართველოში ჩარტერული რეისი არ შესრულებულა.

2021 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით, ინდოეთში მყოფ სტუდენტებს აცნობეს, რომ მათთვის საქართველოში დაბრუნება კვლავ მხოლოდ ჩარტერული რეისით იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩარტერულ რეისს, საქართველოსა და ინდოეთის მთავრობების კოორდინაციის შედეგად მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით, ექსკლუზიურად მხოლოდ ავიაკომპანია GLOBENGEL-ი განახორციელებს. მგზავრობის ღირებულება სტუდენტებისთვის შეადგენს 28,000 ინდურ რუპიას, რაც დაახლოებით 380 აშშ დოლარია.

გარდა ამისა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები,  საქართველოში ვიზიტამდე ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა და  ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის მიუხედავად, ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს. საგულისხმოა, რომ სხვა არც ერთი ქვეყნის წარმომადგენელი არ ექვემდებარება მსგავს შემთხვევაში სავალდებულო კარანტინს, ვაქცინაციის სრული დოზის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში.

ამასთან, სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულია თბილისში მდებარე კონკრეტული კოვიდსასტუმროები (Just Inn, Tbilisi Inn, Appart Hotel), რომლებშიც სტუდენტებს კარანტინში დარჩენა მოუწევთ. სასტუმროებში ორადგილიანი ნომრის ჯამური ღირებულება 600 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ერთადგილიანის – 800 აშშ დოლარს. აღნიშნული ხარჯის გაღება კი სტუდენტებს ევალებათ,“ – აცხადებს TDI.

ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები დაუსაბუთებელია ასევე, არაპროპორციული და შესაბამისად, დისკრიმინაციული.

„გაურკვეველია თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება აუცილებლად ჩარტერული რეისით სტუდენტების შემოსვლის ვალდებულებასთან დაკავშირებით მთავრობის N322 დადგენილებაში არსებული რეგულაცია და რატომ არ გაუქმდა ის ამ დრომდე. ჩარტერულ ფრენასა და კოვიდ სასტუმროებთან დაკავშირებული სქემა კი სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს შეიცავს.

ამასთან ერთად, იმ ფონზე, როდესაც სტუდენტებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისით შეუძლიათ და ამ დრომდე ჯერ არცერთი ჩარტერული განხორციელებულა, რიგ შემთხვევებში საქართველოს უნივერსიტეტები ინდოელი სტუდენტებისგან ფიზიკურად გამოცხადებას მოითხოვენ. ეს ხდება მაშინ, როდესაც, სწავლება დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ არის დაშვებული.

ზოგიერთ შემთხვევაში, სტუდენტებს სტატუსი უჩერდებოდათ და არ შეეძლოთ სწავლის გაგრძელება,  თუკი საბუთებზე ხელის მოსაწერად ფიზიკურად არ გამოცხადდებოდნენ. ამგვარ პირობებს აწესებდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, ხოლო „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი„ ინდოელი სტუდენტებისგან ამ დრომდე მოითხოვს  სწავლების პრაქტიკულ კომპონენტებზე ფიზიკურად დასწრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სწავლას ვერ გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები ისედაც მძიმე ფინანსური წნეხის ქვეშ იმყოფებიან. მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ უმძიმეს ვითარებაში კი ისინი ფაქტობრივად იძულებული ხდებიან შეიძინონ ჩარტერული ფრენის ბილეთი კონკრეტულ ფიქსირებულ ფასად და დაექვემდებარონ 14-დღიან სავალდებულო კარანტინს ძვირადღირებულ სასტუმროებში“ – ამბობს TDI.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოიხსნას ინდოეთის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში დასაბრუნებლად ჩარტერულ ფრენასთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვა და მათ მიეცეთ საქართველოში რეგულარული რეისებით ჩამოსვლის საშუალება:

„გაუქმდეს ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტების მიმართ სავალდებულო 14-დღიან კარანტინთან დაკავშირებით დადგენილი დისკრიმინაციული შინაარსის რეგულაციები,“ – წერს ორგანიზაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: