მთავარი,სიახლეები

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოში არც ნინო ინაიშვილი აღარ იქნება

16.03.2021 • 2099
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭოში არც ნინო ინაიშვილი აღარ იქნება

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლების საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. ახალი ბრძანების მიხედვით, საბჭოს შემადგენლობაში აღარ შედის „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი. ის სააგენტოს ძეგლების საბჭოს წევრია 2014 წლიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე აქტიურად მუშაობს. ნინო ინაიშვილი არის ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია “ICOMOS საქართველოს” წევრი.

შოთა გუჯაბიძის შემდეგ, ნინო ინაიშვილი კრიტიკულად განწყობილი მეორე პირია, რომელიც ამ საბჭოს წევრი აღარ იქნება. კულტურული მემკვიდრეობის აქტიური დამცველი ნინო ინაიშვილი ოპერატიულად აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას ბიზნესჯგუფების იმ პროექტების შესახებ, რასაც სააგენტო განიხილავდა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი პროექტია ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა. სწორედ ნინო ინაიშვილისგან შეიტყო საზოგადოებამ, თუ როგორ „გარდაიქმნა“ თავდაპირველად დამტკიცებული „ამბასადორი ბათუმის“ 4-სართულიანი პროექტი 16-სართულიანად.

საბჭოს განახლებულ შემადგენლობაში შედის სააგენტოს ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ვიქტორია ბერიძე. ის საბჭოს თავმჯდომარე იქნება. მოადგილის ფუნქცია კი საბჭოს ახალ წევრს, არქიტექტორ ზვიად ბურჭულაძეს ჩააბარეს.

ზვიად ბურჭულაძე პარალელურად სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრია, ძეგლების საბჭოს წევრად ის ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა წარადგინა.

განახლებული საბჭოს ახალი წევრი გიზო ფარცხალაძე იქნება. ის მშენებელ – კონსტრუქტორია და საბჭოს წევრად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა. პარალელურად ის არის სააგენტოს ზონალური საბჭოს წევრი. ეს საბჭო ითანხმებს ძეგლის დაცვის არეალში ძეგლიდან 150 მეტრში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს.

ბათუმის მერიის წარმომადგენელი საბჭოში ხელოვნებათმცოდნე სოფიო ჭანიშვილი იქნება. საბჭოში განათლების სამინისტროს წარმომადგენელი იქნება მინისტრის მოადგილე, პროფესიით მხატვარი კაკო ძნელაძეც.

საბჭოში შევა ასევე სააგენტოს დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილების სპეციალისტი მაგდა სარჯველაძე. ის კომისიის მდივანი იქნება.

განახლებულ საბჭოში არ არის არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

საბჭოს შემადგენლობის განახლების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, როცა სააგენტოს დირექტორმა მისი დაკომპლექტების წესი შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილება, თავის მხრივ, საბჭოდან შოთა გუჯაბიძის დათხოვნას უკავშირდება. სააგენტოს დირექტორმა ზაურ ახვლედიანმა მას ცოტა ხნის წინ საბჭოს დისკრედიტაციაში დასდო ბრალი. საზოგადოება „ბათომში“ კი მიაჩნიათ, რომ მისი დათხოვნა ბათუმის ბულვარში 16-სართულიან პროექტზე თანხმობასთან დაკავშირებული მწვავე კრიტიკა იყო.

ცვლილების თანახმად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლების საბჭოში მხოლოდ ერთი წევრის წარდგენის საშუალება ექნებათ. გარდა ამისა, კანდიდატს უნდა ჰქონდეს ამ სფეროში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება და უნდა იყოს დარგის სპეციალისტი.

შეიცვალა აჭარის კმდს-ს ძეგლების საბჭოს დაკომპლექტების წესი

საბჭოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი სამუშაო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: