Batumelebi | სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს აღარ მიიღებს სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს აღარ მიიღებს – Batumelebi
RU | GE  

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტებს აღარ მიიღებს

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში სტუდენტების მიღებას წყვეტს. 2021 სასწავლო წელს სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში ახალ სტუდენტებს აღარ მიიღებს. ყველა ჩვენი პროგრამა გადაეცა ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებს: თსუ-ს, ილიას სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებს“, – ეს შეტყობინება ერთ-ერთმა დაინტერესებულმა პირმა სან დიეგოს უნივერსიტეტიდან მას შემდეგ მიიღო, რაც ის დაინტერესდა, აგრძელებდა თუ არა ამერიკული უნივერსიტეტი აბიტურიენტების მიღებას.

„ბათუმელები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის განვითარების უფროსს, ირმა გრძელიძეს ესაუბრა. ის ადასტურებს, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტმა წელს მიღება შეწყვიტა და ამერიკულ დიპლომს მხოლოდ ის სტუდენტები მიიღებენ, ვინც ამჟამად სწავლობენ უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის გასვლა ამ ვადაში თავიდანვე იყო განსაზღვრული.

„წელს სან დიეგომ მიღება არ გამოაცხადა და ეს წინდაწინ სწორედ ასე იყო გამიზნული, რომ ეს პროცესი დასრულდებოდა და ამ პროგრამებს გადაიბარებდნენ ის ინსტიტუციები, რომლებთანაც სან დიეგოს ჰქონდა მჭიდრო კავშირი.

რეალურად, სან დიეგოს უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი მხარდამჭერი ღონისძიება განახორციელა ამ მიმართულებით, ისინი ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროცესში, რის შემდეგაც ჩვენმა ორმა პროგრამამ – კომპიუტერულმა მეცნიერებამ და ელექტრულმა ინჟინერიამ საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET) მიიღო. ეს თავისთავად ნიშნავს პროგრამების მაღალ ხარისხს. ეს აკრედიტაცია 2026 სასწავლო წლამდე გვაქვს მიღებული“, – ამბობს ირმა გრძელიძე.

თუმცა, აკრედიტაციის მიუხედავად, თსუ-ს აღნიშნულ პროგრამებზე ვინც ჩააბარებს და დაასრულებს, მიიღებს ქართულ ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს და არა სან დიეგოს ამერიკულ დიპლომს.

„ეს არის თსუ-ს პროგრამა, მაგრამ ზუსტად იგივე აკრედიტაცია და რესურსები რაც ჰქონდა სან დიეგოს უნივერსიტეტს. აკადემიური პერსონალიც არის სან დიეგოს მხარდაჭერით გადამზადებული“, – ამბობს ირმა გრძელიძე.

სან დიეგომ საქართველოში სამ უნივერსიტეტში შექმნა თავისი პროგრამებისთვის ბაზები, ეს ბაზები დარჩება ზემოთ დასახელებულ სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში და მსურველები შეძლებენ საერთაშორისო (ABET) დონის პროგრამების გავლას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული უნივერსიტეტების დიპლომს მიიღებენ.

სან დიეგოს უნივერსიტეტი საქართველოში შვიდი წლის წინ შემოვიდა და 2016 წლისთვის უკვე 217 ქართველი სტუდენტი იღებდა ამერიკულ განათლებას.

სან დიეგოს უნივერსიტეტი ამერიკაში ყოველწლიურად, კვლევითი გრანტების სახით, 115 მილიონ დოლარს ხარჯავს.

უნივერსიტეტის მიზანი იყო ხელი შეეწყო საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – ელექტრონული ინჟინერიის, ბიოქიმიის, კომპიუტერული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლა-განვითარებისთვის. 2017 წლიდან კი ამ პროგრამებს სამოქალაქო და სამშენებლო ინჟინერიის სპეციალობებიც დაემატა.

______________________

მთავარი ფოტო: სან დიეგოს უნივერსიტეტის ბაზა ილიაუნში

აქ წაიკითხეთ რას ამბობდა მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, სან დიეგოს უნივერსიტეტის გახსნის წინ.

ამერიკული უნივერისტეტი საქართველოში

ამავე თემაზე:

ოთხი ბათუმელი ამერიკული დიპლომით – სან დიეგოს უნივერსიტეტის პირველი ბაკალავრების გეგმები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com