მთავარი,სიახლეები

პატიმარი: ჩემი მხედველობა მიდის უკან-უკან

16.01.2016 • 2481
პატიმარი: ჩემი მხედველობა მიდის უკან-უკან

ბათუმის მე-3 საპყრობილეში განთავსებული პატიმრი გიორგი ქ. თავისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილობით უყვება საქართველოს პარლამენტის წევრებს, უფლებადამცველებს, მედიას. ის შიშობს, რომ თუ  ოპერაციას დროულად არ გაუკეთებენ, დაბრმავება ემუქრება.

პატიმარმა გიორგიმ თავისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერილობით აცნობა დეპუტატებს – ეკა ბესელიას, ანი მიროტაძეს, მანანა კობახიძეს, ვახტანგ ხმალაძესა და ელისო ჩაფიძეს. ის დეპუტატებს დეტალურად აცნობს თავის პრობლემებს: „მზერაში“ [ოფთალმოლოგიური კლინიკა] გამოკვლევის შემდეგ ბატონმა ჩიჩუამ მიუთითა, რომ მესაჭიროება რეფრაქციულ ქირურგთან კონსულტაცია და გადაწყვეტს ოპერაცია გამიკეთოს თუ არა და შემინარჩუნდება მხედველობა თუ არა. ჩემი მხედველობა მიდის უკან-უკან. ვხმარობ კონტაქტურ ლინზას და ახლა უკვე ამ 12%-თაც ვეღარ ვხედავ. ასევე მარჯვენა თვალის პროტეზი მაქვს შესაცვლელი“.

პატიმარი წერს, რომ კონტაქტური ლინზის შეცვლაზე არაერთი ოფთალმოლოგის რეკომენდაცია აქვს, მაგრამ დღემდე ვერ მოახერხა ამის მიღწევა, თავად კი ლინზის შეძენის საშუალება არ აქვს.

„დიდი თხოვნის და არაერთი განცხადების შემდეგ მე მარეგისტრირებენ გეგმიურ რიგში, სადაც შეიძლება გაყვანა მომიწიოს თვეების მერე… გვიანდება ჩემი გაყვანა კონსულტაციაზე და გამორიცხული არ არის, რომ აღარ გამიკეთონ ოპერაცია. მინდა დამეხმაროთ, რომ რაც შეიძლება მალე გამიყვანონ ოპერაციაზე. ასევე შემიცვალონ მარჯვენა თვალზე პროთეზი და მომცენ კონტაქტური ლინზა“, – წერს პატიმარი დეპუტატებისადმი გაგზავნილ წერილში.

პატიმარი ასევე შიშობს, რომ იღებს ისეთ წამლებს, რაც, მისი აზრით, იწვევს დაბრმავებას. „მეტზე ვერაფერზე ვფიქრობ“, – წერს პატიმარი წერილის ბოლოს.

იგეგმება თუ არა პატიმარ გიორგი ქ.-სთვის უახლეს პერიოდში ოპერაცის გაკეთება? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართა. სამინისტრომ „ბათუმელებს“ წერილობით შემდეგი აცნობა:

„გ.ქ-ს მდგომარეობასთან დაკავშირებით N3 დაწესებულების სამედიცინო პერსონალი საქმის კურსშია. ამ ეტაპზე, ოპერაციული მკურნალობის ჩატარებაზე რეკომენდაცია გაცემული არ არის. პაციენტი დარეგისტრირებული იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გამოკვლევების ჩასატარებლად შემდგომი საჭიროებების განსაზღვრის მიზნით, რაზეც მან ერთხელ უარი განაცხადა. გ.ქ-ს ხელახლა შეეთავაზა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გამოკვლევების ჩატარება, უკვე დარეგისტრირებულია და სწორედ ამ გამოკვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად განისაზღვრება რა ტიპის სამედიცინო  მომსახურება გაეწევა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: