მთავარი,სიახლეები

ორი მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე

24.01.2021
ორი მუხლით დაიწყო გამოძიება ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 23 იანვარს მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს „ალტერნატივას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ევროპის მოედანზე ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი გადააყარა.

გუშინ, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილს ეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ის მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებთან“ გუშინვე განაცხადა, რომ მომხდარის გამო არ აპირებს პოლიციას მიმართოს. ჩავლეიშვილი დღეს, 24 იანვარს, უკვე გამოკითხა პოლიციამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე და 239-ე მუხლებით.

156-ე მუხლი გულისხმობს დევნას – „ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

239-ე მუხლი კი გულისხმობს ხულიგნობას – „ხულიგნობა, ესე იგი, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.

გუშინ ამ ფაქტს გამოეხმაურნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. მაგალითად, ნიკა მელიამ თქვა, რომ „არ იყო სასიამოვნო საყურებელი… მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ“. სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ კი ფაქტს „სამარცხვინო“ უწოდეს.

ირაკლი ჩავლეიშვილზე თავდასხმის ვიდეო თავად „ალტერნატივამ“ გადაიღო და გაავრცელა. ეს ვიდეო თავის გვერდზე გააზიარა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/513856/?fbclid=IwAR12poEmyyms_ukbiHiv5l-oz1QgOAW1v5ORSD8i4AVYFWTyRJv8CbMEFak

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: