Batumelebi | „განკერძოება“ და უფასო აბანო ღარიბებისთვის – როგორ ებრძოდნენ შავ ჭირს „განკერძოება“ და უფასო აბანო ღარიბებისთვის – როგორ ებრძოდნენ შავ ჭირს – Batumelebi
RU | GE  

„განკერძოება“ და უფასო აბანო ღარიბებისთვის – როგორ ებრძოდნენ შავ ჭირს

„წარსული დღის განმავლობაში შავი ჭირით ავათ არავინ გამხდარა“ – იტყობინება გაზეთი „ბათომის ფურცელი“ 1920 წელს.

ამ დროს საქართველოში შავი ჭირის მესამე ეპიდემიიდან უკვე 70 წელზე მეტია გასული, თუმცა ამდენი ხნის შემდეგაც აქა-იქ მაინც იფეთქებს ხოლმე საშინელი სენი და თუ დღე ისე ჩაივლის, ჭირი ვინმეს არ შეეყაროს, პრესა სწორედ ამას მიიჩნევს მკითხველისთვის საცნობ ამბად.

გაზეთი ,,ბათომის ფურცელი”/1920 წ.

საქართველოში 1803 წლიდან მოყოლებული შავი ჭირის ეპიდემია სამჯერ იყო. ბოლო, მესამე ტალღა 1843 წლის ბოლომდე გაგრძელებულა. გასულია მესამე ტალღის შემდეგ კარგა ბევრი წელი, მაგრამ 1897 წელს ავჭალის ქუჩის უფასო სასადილოში ექიმი ხუდადოვი „შავის ჭირის და იმის თავიდგან ასაცილებელ ღონისძიებათა შესახებ ლექციას კითხულობს უსასყიდვლოდ“.

ეპიდემიები ჩავლილია, მაგრამ ჭირის აჩრდილი საქართველოს თავს არ ანებებს. მეტიც, 1897 წელს ტფილისის საბჭოს 7 თებერვლის კრებაზე განიხილავენ რამდენი ფერშალი და ექიმი უნდა დაიქირაონ საყასბოებისა და ბაზრების ზედამხედველებად, „საცა საშიშარი მდგომარეობაა“ მსჯელობენ, რამდენი ექიმი უნდა „სინჯავდეს და სწამლობდეს ავადმყოფებს და ვინ უნდა შეამოწმოს სანოვაგეთა ავ-კარგიანობა, ქალაქის სისუფთავე“, რამდენი უნდა დაიხარჯოს ქალაქის ხაზინიდან სადეზინფექციო მასალისთვის და სხვა.

გაზეთი „ივერია“ 1897 წლის 28 იანვარი

ტფილისის საბჭო მთელ რიგ ცვლილებებს გეგმავს შავი ჭირის ხელახალი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად. საშიშროება კი დიდია: მე-19 საუკუნის ბოლოს სენი ქართული პრესის ცნობით „ნოვოროსიისკიდგან მოკიდებულია შავის ზღვის ნაპირებს“.

შავი ჭირის წინააღმდეგ მებრძოლი კომისიის თავმჯდომარე პრინცი ოლდენბურგია. ის კავკასიის მთავარმმართებელს დეპეშას უგზავნის და აცნობებს, რომ მწვანე ჩაით დატვირთული ყველა ვაგონი დეზინფექციაში უნდა გაატარონ. უნდა შეჩერდეს მწვანე ჩაის დაცლა ბათუმში, ხოლო რაც უკვე ჩამოცლილია, ცალკე უნდა დააწყონ და დარაჯები მიუჩინონ.

თუ ვინმე ამ ჩაის შეეხო, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს 6 დღე, ხოლო თუ ასეთ კაცს რამე შეაწუხებს, „მაშინვე უნდა განკერძოვდეს, სანამ გამოირკვევა რა სენიცა აქვს“. ოლდენბურგისვე დეპეშაშია მითითებული, რომ  „განკერძოებულ“ კაცს, ცხადია, მუშაობის სახსარი მოესპობა და ამიტომ აუცილებელია შეივსოს მისი ზარალი.

ტფილისის საბჭო ყველაფერს ცდილობს ხელახალი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, კერძოდ:

  • ჭირი ბინძურ ადგილებში ვრცელდება, ამიტომ საყასბოს გასასუფთავებლად უნდა გამოიყოს ქალაქის ხაზინიდან 10 668 მანეთი. ექიმი ხუდადოვი სულაც ირწმუნება, რომ ამდენი ფულის ხარჯვას სჯობს პირდაპირ ახალი საყასბო აიგოს, თუმცა ხმოსანი ხოსროევი მას არწმუნებს, რომ ახალ საყასბოს 2 წელი მაინც დასჭირდება, საყასბოს გაუსუფთავებლობის შემთხვევაში კი ქალაქს „დიდი შიში მოელის“;
  • სამმა ექიმმა და სამმა ფერშალმა 4 თვე ბაზრები და სანოვაგეთა ავ-კარგიანობა უნდა შეამოწმოს, ამისთვის საბჭო 2 220 მანეთს დახარჯავს;
  • თუ შავი ჭირი გაჩნდა, ტფილისის 200 ექიმი მუქთად უწამლებს ღარიბებს – როგორც აქამდე. ყველა ხმოსანი ამ აზრს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ 200 ექიმი ბევრი არაა, რადგან თუ ტფილისს შავი ჭირი ეწვია, მათი რიცხი შემცირდება და ბევრსაც „ტფილისიდგან სხვაგან გაჰგზავნიან“;
  • საჭიროა ექიმების დაუყოვნებლივ დაქირავება, რადგან თუ ეპიდემია გავრცელდა, მერე ექიმების შოვნა გაჭირდება და 150 მანეთადაც არ წამოვლენ, მეტს მოითხოვენ;
  • იჯარით უნდა „იქმნას“ აღებული ქალაქში ერთ-ერთი აბანო ღარიბთათვის, რისთვისაც 800 მანეთია საჭირო. ხმოსნები იმედოვნებენ, რომ ისევე როგორც ხოლერის დროს, შეიძლება აბანოს ზოგიერთმა მეპატრონემ ახლაც მუქთად დათმოს აბანო ღარიბებისთვის;
  • ღარიბ უბნებში მცხოვრებლებს უქმად დაეთმობათ წყალი – ამისთვის 1000 მანეთი გამოიყოფა;
  • რუსულს და ადგილობრივ ენებზედ უნდა გამოიცეს წიგნაკები შავი ჭირის შესახებ, ამისთვის უნდა გადაიდოს 500 მანეთი;

  • ხმოსნების ნაწილი მიიჩნევს, რომ პარიზში უნდა გაიგზავნოს ახალგაზრდა ექიმი შედედებული სისხლის გაკეთების შესასწავლად, ზოგის აზრით კი ეს უსარგებლოა და „რუსეთი იმდენს წამალს გამოგზავნის, რამდენსაც მოვსთხოვთ, და ეს უფრო იაფიც დაჯდება;
  • გადაწყდება, რომ შედედებულ სისხლს აქაური ექიმებიც გააკეთებენ და ევროპის ყველა კუთხიდანაც გამოიწერენ, თუ საჭირო იქნება როგორც „ტფილისში ხუნაგის მძვინვარებისას გამოიწერეს“;
  • სადეზინფექციო ხსნარებისთვის ქალაქმა 2000 მანეთი გადადო.

ამ დროისთვის უკვე აღმოჩენილია შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია Yersinia pestis და სენს „ჟამად“ აღარ მოიხსენიებენ.

შავმა ჭირმა სამი ისტორიული პანდემიის დროს მსოფლიოში 200 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის, ეკატერინე ჟღენტის კვლევის მიხედვით, ოფიციალური საარქივო ცნობებით დასტურდება, რომ საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიები მე-19 საუკუნის დასაწყისში, კერძოდ, 1803-1807 , 1811-1812 , 1838-1843 წლებში დაფიქსირდა. 1801-1803 წლებში შავი ჭირის ეპიდაფეთქებები ყოფილა თბილისში, გორში, თელავში და დასავლეთ საქართველომდეც ჩაუღწევია.


მთავარ ფოტოზე: ბათუმის საქალაქო საავადმყოფოს პალატა 1914 წელს. მ. გლაუდანის ფოტო.ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფონდი.

ამავე თემაზე:

ამოწყვეტილი სოფელი, რომელმაც საქართველო ,,ჟამიანობისგან” იხსნა – ანატორი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com