ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსლიმი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ეს ამბავი გუშინ, 12 იანვარს მოხდა – ქვების სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ორი საავადმყოფოში მოხვდა – ორივე მუსლიმი. კონფლიქტის მონაწილე ერთი პირი შს სამინისტრომ წუხელ დააკავა.
დღეს სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის „სოლიდარობის მიზნით“ აჭარიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა. ერთ-ერთი მათგანი, ფირუზ წულუკიძე აცხადებს, რომ სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების სოლიდარობის მიზნით ჩავიდნენ.
„რამდენი ვართ, ახლა ციფრებს რა მნიშვნელობა აქვს, საკმაოდ ბევრი. რისთვის ვართ ჩასულები და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მუსლიმან დებსა და ძმებს.
ჩვენ აქციისთვის არ ჩამოვსულვართ. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მოვიკითხოთ აქ რა ხდება და აქაური საზოგადოება გადაწყვეტს აქცია უნდა იყოს, პროტესტი, მშვიდობიანი საუბარი თუ ასე შემდეგ. ჩვენ ვართ, ჩამოსულები მხარში დასადგომად ამ ხალხისთვის“, – უთხრა „ბათუმელებს“ ფირუზ წულკიძემ.
დღეს სოფელის მოსახლეობასთან შესახვედრად ჩადის ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავაც.