ავტორი: მაკა ხუციშვილი, ვარშავის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დოქტორანტი
_________________
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილი კომუნისტური ბლოკის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების პოლიტიკას.
დეკომუნიზაცია არ გამოიხატება მხოლოდ ტოტალიტარულ რეჟიმთან ასოცირებული ძეგლების აღებაში. საუბარია სერიოზულ საარქივო კვლევებთან და შესაბამის ინსტიტუციებთან, კოლექტიური მეხსიერების მთავრი ელემენტების წინა პლანზე წამოწევასთან.
თითქმის ყველგან არსებობს ტოტალიტარული წარსულის შემსწავლელი ინსტიტუტები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დაარსებული. საქართველოში კი, რომელიც სამოცდაათი წელი იძულებით იმყოფებოდა საბჭოთა კავშირში და უკვე ოცდაათი წელი ხდება დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საბჭოთა წარსულთან მიმართებაში არ არსებობს მეხსიერების პოლიტიკა.
სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგალითად მოვიყვან რამდენიმე ქვეყანას:
2007 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში დაარსდა ტოტალიტარული რეჟიმების შემსწავლელი ინსტიტუტი; ლიეტუვის გენოციდის და წინააღმდეგობის კვლევის ცენტრი, რომელიც თავდაპირველად დაარსდა, როგორც სახელმწიფო გენოციდის კვლევის ცენტრი 1992 წელს; გერმანიაში ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივებს სტასის სააგენტო განაგებს, რომელიც დაარსდა 1991 წელს; მეხსიერების ეროვნული ინსტიტუტი სლოვაკეთში დაარსდა 2003 წელს; უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი –2006 წელს; უნგრეთის ეროვნული მეხსიერების კომიტეტი – 2013 წელს; ხოლო ჰოლოკოსტის მემორიალური ცენტრი –1999 წელს და ა. შ.
ცოტა მეტს ვიტყვი პოლონეთზე, სადაც მე ვწერ ჩემს სადოქტორო დისერტაციას. 1998 წლიდან პოლონეთში არსებობს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი, რომლის კვლევებიც ეხება 1939-1989 წლების ისტორიას, ანუ ნაცისტური გერმანიის და
საბჭოთა კავშირის ოკუპაციას და პერიოდს, როდესაც პოლონეთი კომუნისტური რეჟიმის ქვეშ იყო.
გარდა ამისა, სამი წლის წინ ვარშავაში დაარსდა პილეცკის ინსტიტუტი, ეს არის ტოტალიტარიზმის კვლევის ცენტრი, რომელსაც აქვს ასევე ფილიალი ბერლინში. პილეცკის ინსტიტუტის კვლევები ძირითადად ეხება ჰოლოკოსტს, მეორე მსოფლიო ომის მოვლენებს, მათ გავლენას მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საზოგადოებებსა და პოლიტიკაზე.
პოლონელთა კოლექტიურ მეხსიერებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოვლენებს: დადებითსაც და უარყოფითსაც.
ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის დღე – 1918 წლის 11 ნოემბერი, როდესაც თავისუფალი პოლონეთი ხელახლა გამოჩნდა პოლიტიკურ რუკაზე თითქმის 123 წლიანი წყვეტის შემდეგ.
კოლექტიური მეხსიერების მთავარი ელემენტია ასევე 1920 წლის გამარჯვება ბოლშევიკებთან, მას ეწოდება „სასწაული ვისლაზე“ და აღინიშნება დამოუკიდებლობის დღის მსგავსად. ეს გამარჯვება უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნებას აღნიშნავს (სხვათა შორის, არა მარტო პოლონეთისთვის).
მეხსიერების პოლიტიკის ნაწილია ისიც, რომ პოლონეთში პიროვნებების და მოვლენების სახელები არა მხოლოდ ქუჩებს აქვთ მინიჭებული, არამედ – საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსაც და ეს ისტორიული სახელები ყოველდღიურობაში ტრიალებს.
კიდევ ერთი, ტრაგიკული მოვლენა არის 1944 წლის ვარშავის აჯანყება, რის შემდეგაც ჰიტლერმა ისე დაანგრია ქალაქი, რომ ნახატების მიხედვით აღადგინეს ვარშავის ძველი ნაწილი. ვარშავის აჯანყების მუზეუმი დაარსდა 1983 წელს, მაგრამ მაშინდელი მღელვარე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მუზეუმის აშენება.
ყველაფერი შეიცვალა 2002 წელს, როდესაც ვარშავის მერი გახდა ლეჰ კაჩინსკი, რომელმაც სრული პასუხისმგებლობა აიღო და მუზეუმი გახსნა 2004 წელს. მუზეუმის დიდი სივრცე კარგად აჩვენებს 1944 წლის საშინელ ტრაგედიას, წარმოაჩენს ყველას სახელს და გვარს რიგითი მონაწილიდან – ხელმძღვანელებამდე.
გარდა ისტორიული მოვლენებისა, პოლონელთა კოლექტიურ მეხსიერებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებებს, მაგალითად დამოუკიდებელი პოლონეთის დამფუძნებელ მამებად ოუზეფ პილსუდსკის გარდა, მიჩნეულნი არიან ასევე რომან დმოვსკი, იგნაცი იან პადერევსკი, ვინცენტი ვიტოსი, ვოიცეჰ კორფანტი, იგნაცი დაშინსკი.
ყოველი წლის 11 ნოემბერს ვარშავაში ნახავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამ ადამიანების გადიდებულ პორტრეტებს, რომლებსაც თან ახლავს მადლიერების წარწერები.
პოლონეთში მეხსიერების პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა სასაფლაოებზე ზრუნვა. პოლონეთის ფარგლებს გარეთ არსებობს ოთხი სასაფლაო, (უკრაინა, რუსეთი) რომლებსაც „კატინის სასაფლაოები“ ეწოდებათ, ეს არის 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ და ომის დროს დახვრეტილ მსხვერპლთა სასაფლაოები.
მინდა აღვნიშნო უნგრეთსა და გერმანიაზეც.
ბუდაპეშტში ტერორის სახლი დაარსდა 2002 წელს და მისი გამოფენა ეძღვნება ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნას. სხვათა შორის, მუზეუმი იმავე შენობაშია განთავსებული, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით ადამიანს კითხავდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. ეს ტრაგიკული მოვლენები უნგრელთა კოლექტიური მეხსიერების მთავარი ელემენტია 1956 წლის მოვლენებთან ერთად.
ანალოგიურად, ლაიფციგში სტასის მუზეუმი სწორედ იმ შენობაშია განთავსებული, რომელშიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საიდუმლო პოლიციის შტაბი იყო და საუკეთესოდ აღწერს, რომელ ოთახს რა ფუნქცია ჰქონდა.
გერმანიაში ძალიან საინტერესო იდეა გაჩნდა 1992 წელს „დამაბრკოლებელი ქვების“ სახით ნაცისტების მსხვერპლთა ხსოვნის შესანარჩუნებლად, რომელშიც მოიაზრება არა მხოლოდ ებრაელები, არამედ ყველა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები: ჰომოსექსუალები, შავკანიანები; ბოშები – სინტი და რომა და ა. შ.
ეს იდეა ეკუთვნის კიოლნში მცხოვრებ ხელოვანს, გიუნტერ დემნიგს. პროექტი ხორციელდება ინდივიდუალური დონაციებით და გავრცელებულია ევროპის სხვა ქვეყნებში, ასევე, უკრაიანასა და მოლდოვაში, მათ შორის.
ეს არის პატარა სპილენძის დაფები, რომლებიც გერმანიაში და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ტროტუარებსა და გზებზეა ჩასმული იმ შენობების წინ, სადაც მსხვერპლები ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ და ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდზე, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლად იქცა, არამედ ნაცისტების დანაშაულის მასშტაბებზეც.
მხოლოდ მიუნხენში, ებრაული კულტურის ცენტრის გავლენით, უარი თქვეს ამ იდეაზე იმ მიზეზით, რომ ხალხმა არ უნდა იაროს გარდაცვლილთა სახელებზე.
უკრაინაში 2008 წელს გაიხსნა ჰოლოდომორ-გენოციდის ეროვნული მუზეუმი. ეს ტრაგიკული მოვლენა საბჭოთა წარსულიდან უმთავრესი ელემენტია უკრაინელთა კოლექტიურ მეხსიერებაში.
როგორც უკვე ვახსენე, 2006 წლიდან უკრაინაში არსებობს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი. კიევთან ახლოს, ბიკოვნიაში არის ყველაზე დიდი სასაფლაო, რომელიც ეძღვნება სტალინური ტერორის მსხვერპლებს. ყურადღება ექცევა ჰოლოკოსტსაც, უკრაინის მთავრობამ ხელი მოაწერა მემორანდუმს ბაბინ იარის მემორიალური ცენტრის მხარდასაჭერად.
ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში კი წინ წამოწეულია მხოლოდ დადებითი მოვლენები.
ქვეყანა, სადაც რამდენიმე ანტისაბჭოთა აჯანყება მოხდა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა საბჭოთა რეჟიმმა [მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ქაქუცა ჩოლოყაშვილს ეხმარებოდნენ და ამის გამო დახვრიტეს ბოლშევიკებმა], მათი სახელები დღემდე უცნობი რჩება საზოგადოებისთვის და ეს მხოლოდ მათმა შთამომავლებმა იციან.
„დამაბრკოლებელი ქვები“ სწორედ ყველა ადამიანის ხსოვნას მიაგებს პატივს და არა მხოლოდ საზოგადოებისთვის ცნობილ ღვაწლმოსილ ადამიანებს.
მაგალითად, თელავში იდენტიფიცირებულია ადგილები, სადაც 1924 წლის აჯანყების მონაწილენი დახვრიტეს. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა იყოს ასეთ შენობაში მუზეუმი, სხვა შემთხვევაში მეხსიერებაში იკარგება ეს მოვლენები და ისეთი სიმძაფრით ვეღარ აღიქმება, როგორც საჭიროა, რომ იყოს.
კიდევ რამდენი ასეთი ადგილია საქართველოში.
ვფიქრობ, რომ საბჭოთა პერიოდი ქართველების ეროვნული მეხსიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია და უკვე დროა სერიოზულად ვიფიქროთ აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილების გაზიარებაზე.
მადლობელი ვარ, რომ არსებობს ოკუპაციის მუზეუმის ერთი დარბაზი, მაგრამ ძალიან მცირეა მისი მასშტაბების გამოსახატავად. ეს ერთი დარბაზი ეროვნული მუზეუმის ფარგლებში სრულად ვერც კი დაიტევს ყველა იმ ადამიანის მონაცემებს, რომლებიც 1921 წლიდან 1991 წლამდე საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.
_____________
მთავარ ფოტოზე: ვარშავის აჯანყების მუზეუმი. ფოტო: ვიკიპედია