მთავარი,სიახლეები,სპორტი

„ლანჩხუთის“ ბომბარდირი, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა

24.11.2020 • 2107
„ლანჩხუთის“ ბომბარდირი, რომელმაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა

22 ნოემბრის წვიმიან საღამოს გურიის პატარა ქალაქ ლანჩხუთში ფეხბურთელ ქალთა კლუბი „ლანჩხუთი“ დაბრუნდა რუმინულ „ოლიმპია კლუჟთან“ მოგებული მატჩის შემდეგ.

ქალაქში, სადაც 6 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მათ ისე დახვდნენ, როგორც გმირებს – ავტომანქანების გაბმული სიგნალებით, სიხარულის შეძახილებით და ფეიერვერკით.

ქალთა საფეხბურთო გუნდმა „ლანჩხუთმა“ პირველმა საქართველოს ისტორიაში შეძლო უეფას ჩემპიონთა ლიგის ორი საკვალიფიკაციო მატჩის მოგება და გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში ითამაშებს.

„ლანჩხუთის“ ბომბარდირმა ხატია ჭყონიამ ორივე მატჩზე გაიტანა გადამწყვეტი გოლი, ერთხელ – დამატებით დროში, ხოლო მეორედ – 68-ე წუთზე მისმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი – „ლანჩხუთმა“ 1:0 მოუგო რუმინულ გუნდს.

გოლის გატანის შემდეგ მოედანზე ხატიამ სპორტული ზედა აიწია და შიდა მაისურზე დატანილ სურათზე მიუთითა, რომელზეც ხატიას 5 წლის გარდაცვლილი დისშვილი, ტატა იყო გამოსახული. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, უკვე ერთი წელია, ხატია ფორმის ქვეშ  მისი გამოსახულებით ატარებს მაისურს და ყველა გოლს მის ხსოვნას უძღვნის.

გოლის გატანის შემდეგ – კადრი „ოლიმპია კლუჟთან“ შეხვედრიდან

ხატიას არ ახსოვს რა ემოცია ჰქონდა მას შემდეგ, როცა „ოლიმპია კლუჟთან“  მატჩის დასრულების ნიშნად მსაჯმა სასტვენს ჩაჰბერა და „ლანჩხუთის“ მოგება დადასტურდა.

„სიმართლე გითხრათ, შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ვნახე როგორ მოვიქეცი, რას ვამბობდი. ისეთი ბედნიერი ვიყავი, დღემდე ვერ ვიაზრებ, რომ ასეთი რამ მოხდა და პატარა ლანჩხუთმა ეს შეძლო“, – ამბობს ხატია.

„ოლიმპია კლუჟთან“ მოგება იოლი არ იყო. გუნდი რუმინეთის ქალთა ფეხბურთის ჩემპიონატის თასის არაერთგზის მფლობელია, თან თამაში რუმინეთში შედგა.

ხატია ამბობს, რომ მატჩის დაწყებამდე მათთვის მთავარი იყო ღირსეულად ეთამაშათ:

„ვფიქრობდი იმაზე, რომ ლაივში გვიყურებდნენ გულშემატკივრები. მიუხედავად „კლუჟის“ მაღალი რეიტინგისა, თავი არავის არ დაუხრია, არავინ არ ფიქრობდა, რომ მორჩა ყველაფერი. ჩვენი ტრენერი, გიორგი ჩხაიძე გვიმეორებს ყოველთვის – „ჩვენ გვინდა მოედნიდან გამოვიდეთ ღირსეულად“. ეს სულ გვახსოვს“.

ეს წელი ხატია ჭყონიას სპორტულ კარიერაში ყველაზე წარმატებულია. უეფას საკვალიფიკაციო მატჩებზე მიღწეული წარმატების გარდა ხატია წელს საუკეთესო ქართველი ბომბარდირი ფეხბურთელი ქალია. 2020 წელს, ამ დრომდე, მან 36 გოლი გაიტანა, მათგან 15 – მხოლოდ ერთ მატჩზე, რაც ერთგვარი რეკორდია.

ხატია ჭყონია. ფოტო FB-ის პირადი გვერდიდან

ხატია ქობულეთელია. მთელი ბავშვობა ფეხბურთს თამაშობდა. „ისე მიყვარდა, ბურთთან ერთად მეძინაო“ – ამბობს. შემდეგ იყო სასკოლო ტურნირები გოგონების ფეხბურთში, მერე ბათუმში თამაშობდა, სადაც მხოლოდ გზის ფულს აძლევდნენ, რომ ქობულეთიდან ბათუმში ევლო ვარჯიშებზე, ხოლო როცა 14 წლის გახდა, ხატია საქართველოს ნაკრებშიც მიიწვიეს.

„იქ დავინახე დიდი მოედანი, კარგი ბურთი, გავიგე კარგი ბუცები როგორია, რა იყო ეკიპირება, სწორი კვება, დისციპლინა.

2009 წელს კი უკვე თურქეთში გადავედი, მეგობარი თამაშობდა ჩემი და მითხრა, რომ გუნდში თავდამსხმელი სჭირდებოდათ. წავედი და ათი წელი თურქეთში ვთამაშობდი. ჯერ „ტრაბზონ სპორტში“, ბოლო წელს კი იზმირის „კონაკში“.

შარშან დავბრუნდი და დავიწყე „ლანჩხუთში“ თამაში. გუნდს კარგი რეიტინგი ჰქონდა, თან ჩემი მხარეა, ახლოს არის ქობულეთთანაც.

ლანჩხუთში ბინა აქვს გუნდს ნაქირავები ჩვენთვის, რამდენიმე გოგო ვცხოვრობთ ერთად“, – ჰყვება ხატია.

კითხვაზე, რამ განაპირობა პატარა ქალაქის გუნდის წარმატება, ხატია ამბობს, რომ „ლანჩხუთს“ კარგი დაფინანსება აქვს მუნიციპალიტეტიდან. თუმცა მხოლოდ ეს არ არის მიზეზი, მისი თქმით, გუნდი ძალიან შეკრულია და კარგი მწვრთნელები ჰყავთ.

ხატია ამბობს, რომ მოედანზე ძირითადად ინსტინქტებს ენდობა, თუმცა ეს დრომ, გამოცდილებამ მოიტანა.

„დიდი ხანია ვთამაშობ და ბევრი ეტაპი გამივლია, ადრე სულ ტრენერისკენ მქონდა ყური, აბა, რას მეტყვის, ისე მოვიქცე. ახლა უკვე ჩემს თავს ვენდობი, ვიცი, რომ მნიშვნელოვანია ჩემი თამაში ვითამაშო“.

სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ქალთა ფეხბურთზე დიდი ხანია შეეჩვია.

„უამრავი იყო… ფეხბურთელიაო რომ იტყოდნენ – „წადი შვილო, გათხოვდი, კაცები ვერაფერს აკეთებენ, ქალებმა რა უნდა გააკეთონო“… ასეთ მომენტებში ვცდილობ არ ვუპასუხო, მაგრამ ეს ცოტა გულს გტკენს.

არ სჯერათ, რომ ქალებსაც შეუძლიათ ფეხბურთის თამაში. ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ ქალთა ფეხბურთი არსებობს საქართველოში. დღეს ტაქსის მძღოლმა მოგვიყვანა და გვითხრა, ახლა გავიგე ტელევიზიით, რომ საქართველოში ქალთა ფეხბურთი არსებობდაო“.

ხატია ჭყონია დისშვილთან ერთად. ფოტო FB-ის პირადი გვერდიდან

თუმცა ხატია ასეთ დამოკიდებულებას არასდროს შეუშინებია. ამბობს, რომ ამაში ოჯახის თანადგომა ძალიან დაეხმარა. მისი ყველაზე ერთგული გულშემატკივარი მამაა, რომელსაც ბავშვობიდან დაჰყავდა ვარჯიშზე და მის არც ერთ შეხვედრას არ აცდენდა:

„პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი მეუბნებოდა – გოგო ხარ, ბიჭები აიტანენ მაგ ტკივილს, შენ ვერ აიტან, ბურთი მოგხვდება, ფეხი… მხოლოდ ამაზე ნერვიულობდა. მერე დედაჩემიც მიხვდა, რომ არ შემეძლო ფეხბურთის გარეშე, მარტო ეს მინდოდა გამეკეთებინა და ძალიან დამიჭირა მხარი“.

ახლა ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ახალი შეხვედრისთვის ემზადება. ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტე ფინალში „ლანჩხუთი“ შვედურ კლუბ „როზენგორს“ დაუპირისპირდება. წილისყრა, რომელიც გათამაშების საუკეთესო 32 გუნდს შორის ჩატარდა, 24 ნოემბერს გაიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: