მთავარი,სიახლეები

რატომ არის მყიდველი საიდუმლო – აჭარის მთავრობა ქობულეთის „შუქურას“ ასხვისებს

24.11.2020 • 947
რატომ არის მყიდველი საიდუმლო – აჭარის მთავრობა ქობულეთის „შუქურას“ ასხვისებს

აჭარის მთავრობა ქობულეთის საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ პირდაპირი წესით ყიდის. კლუბის გასხვისების დეტალები უცნობია – არ ვიცით ვინ არის მყიდველი და არც გასხვისების პირობებზე გვაქვს ინფორმაცია.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლუბის წილების მართვით კონკრეტული პირები დაინტერესდნენ და მათ ამის თაობაზე მერიას წერილობით მიმართეს. მერიაში არ ამხელენ, ვინ არიან ისინი. „ამ ეტაპზე საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – გვითხრეს ქობულეთი მერიაში.

„ვინაიდან პირდაპირი განკარგვის უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ კლუბი განსაკარგად გადაეცა აჭარის მთავრობას, ისე როგორც ბათუმის „დინამოს“ შემთხვევაში მოხდა. ინვესტორები თავის მხრივ ყოველწლიურად ინვესტიციას განახორციელებენ გუნდში, ამასთან გადაიხდიან წილის მართვის საფასურს, რაც მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი შემოსავალია. ასევე მათ აქვთ სხვადასხვა ვალდებულება, რასაც შეასრულებენ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია ქობულეთის შუქურას კიდევ უფრო გაძლიერება“, – განმარტეს მერიაში.

გასულ წელს ქობულეთის მერიამ „ქობულეთის შუქურას“ სოფელ ბობოყვათში ერთ ჰექტარზე მეტი ტერიტორია გადასცა უზურფრუქტის წესით [სარგებლობის პირობით]. ტერიტორია საფეხბურთო კლუბს საწვრთნელი ბაზის მოსაწყობად უნდა გამოეყენებინა.

პირდაპირი წესით გასხვისების მიზნით კლუბის აჭარის მთავრობისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას, დღეს ქობულეთის საკრებულომ მხარი დაუჭირა.

ჩელებაძის წასვლის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ მიწა უსასყიდლოდ გადასცეს

 

 

გადაბეჭდვის წესი