მთავარი,სიახლეები

„ხელისუფლება გვითვალთვალებს“ – „ალტერნატივას“ საარჩევნო ექსპერიმენტი ბათუმში

21.11.2020
„ხელისუფლება გვითვალთვალებს“ – „ალტერნატივას“ საარჩევნო ექსპერიმენტი ბათუმში

მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის წევრებს ხელისუფლება უკანონოდ უსმენს. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ ამის დასადასტურებლად მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს.

კერძოდ, „ალტერნატივამ“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორგანიზაციაა, დღეს, 21 ნოემბერს, გამოაქვეყნა საარჩევნო ბიულეტენები წარწერით: „ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მოსვლა“.

ფოტო: „ალტერნატივა“

წარწერებიანი ბიულეტენების ფეისბუქზე გავრცელების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  თბილისში ბრიფინგი გამართა და იმ ადამიანების ვინაობა დაასახელა, ვინც ბიულეტენებზე წარწერები გააკეთა.

„გვაქვს კონკრეტული ინფორმაციები და მინდა დავასახელო ის ადამიანები, ვისაც სთხოვა აჭარის „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა ასეთი მინაწერების დაფიქსირება ბიულეტენებზე. ესენი არიან, ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე და ზაიცევა, რომლის სახელიც ზუსტად ვერ მითხრეს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ხათუნა ბერიძის თქმით, მდინარაძის განცხადება იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლებს უთვალთვალებს.

„ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ ხელისუფლება გვისმენს, რადგან თუ ეს ამბავი გაიშიფრებოდა, ეს იქნებოდა ამის მტკიცებულება“- ამბობს ხათუნა ბერიძე.

მისი თქმით, ექსპერიმენტი შემდეგ რამეს ითვალისწინებდა:

„უნდა დაეწერათ ორი ერთნაირი ტექსტი  ბიულეტენზე  და გამოეგზავნათ ჩემთვის ფეისბუკში. თუ ეს ინფორმაცია გაჟღერდებოდა და იტყოდნენ, რომ ჩვენ ვაკეთებდით ამას, ნათელი იქნებოდა, რომ გვისმენდნენ.

ბევრი ადამიანი არ ჩაგვირთავს, რადგან უფრო მარტივი ყოფილიყო სიტუაციის კონტროლი, ამიტომ წარწერები სამ ადამიანს უნდა გაეკეთებინა, გადაეღო ფოტო და გამოეგზავნა ჩემთვის“-ამბობს ხათუნა ბერიძე.

ხათუნა ბერიძის თქმით, აღნიშნული წარწერები ბიულეტინზე მიზანმიმართულად, იმის გასარკვევად გააკეთეს, უსმენდა თუ არა „ქართული ოცნება“ მათ.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძემ ზუსტად ის ადამიანები დაასახელა ბრიფინგზე, ვისაც მათ სთხოვეს ამ წარწერების გაკეთება. „ესენი იყვნენ ლაურა ტაკიძე, კობა მანველიძე და იანა ზაიცევა. თუ არ გვისმენენ, საიდან გაიგეს სახელები“ – ამბობს ხათუნა ბერიძე.

ხათუნა ბერიძე მიიჩნევს, რომ უშიშროების სამსახურები მის სოციალურ ქსელებსაც აკონტროლებენ და ტელეფონსაც. მისი თქმით, ფარული მოსმენების გარეშე,  აღნიშნული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ლიდერებამდე ვერანაირად ვერ მივიდოდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: