მთავარი,სიახლეები

სახიფათო მითები COVID19-ზე | ვინ დგას კონსპირაციების უკან

04.12.2020 • 2036
სახიფათო მითები COVID19-ზე | ვინ დგას კონსპირაციების უკან

მსოფლიოში კოვიდპანდემიის გავრცელების პარალელურად დღემდე მზარდია კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის ტალღა, რომელიც ბოლო დროს კორონავირუსის ახალშემუშავებული ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტურობასაც აყენებს ზიანს. 

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ ამ მასობრივ დეზინფორმაციას სახელიც აქვს – ინფოდემია. ასე უწოდებენ კორონავირუსზე დიდ საინფორმაციო ტალღას, რომლითაც ხშირად არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაცია ვრცელდება. 

ინფოდემიამ შეიძლება გამოიწვიოს მასიური დაბნეულობა და უნდობლობა მთავრობებისა და ჯანდაცვის სამსახურების მიმართ, რაც პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საფრთხის შემცველია. 

  • მითი №1 კორონავირუსის ვაქცინა ადამიანების მასიურად დაჩიპვის მექანიზმია

ეს მითი განსაკუთრებით საშიშია ახლა, რადგან სწორედ ეფექტურ ვაქცინას ელის მსოფლიოს მოსახლეობა.

ერთ-ერთი თვალსაჩინო ტყუილი, რომელიც აცრებსა და ე.წ. ჩიპებს ეხება, რუსულენოვანი ვიდეოა, სადაც უცნობი მამაკაცი პარკიდან უცნაური ფორმისა და დასახელების შპრიცებს იღებს და ამბობს, რომ მალე ამ ვაქცინით აიცრება მოსახლეობა. კადრშივე ჩანს, რომ შპრიციდან, დგუშის ზემოქმედების შედეგად პატარა ზომის კაფსულა ვარდება.

ეს მორიგი კონსპირაციული ვიდეო დაშინებაზეა გამიზნული და ადამიანების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

სინამდვილეში ჩიპიანი შპრიცი ცხოველების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება და ამ მოწყობილობის გამოწერა ონლაინაც შეიძლება. ცხოველების იდენტიფიკაციისთვის მათი დაჩიპვა საქართველოს ვეტკლინიკებშიც შესაძლებელია და ეს არც თუ ისე ახალი ამბავია. დაჩიპვის გარდა ცხოველების იდენტიფიკაციის კიდევ სხვა საშუალებებიც არსებობს, მათ შორის სვირინგი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური საჭდით, საყელურით და სხვა.

_______________________

  • მითი №2 პირბადე ადამიანებს წამლავს და აბრუებს, რომ ადვილად მართვადი გახადოს ისინი

კორონავირუსი ძირითადად ვრცელდება სასუნთქი გზებიდან, წვეთებით, რომელსაც ადამიანები გამოყოფენ საუბრის, ხველის ან ცემინების დროს.

ცნობილია, რომ ვირუსი შეიძლება გავრცელდეს სიმპტომების არმქონე ადამიანისგანაც სიმპტომების გამოვლენამდე ორი დღით ადრე, რაც ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს გადამდები და არ იცოდეს ამის შესახებ. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი პირბადის ტარება ყველასთვის, ვისაც ურთიერთობა აქვს სხვა ადამიანებთან.

ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდიც სწორედ პირბადის ტარება და სხვა ადამიანებთან მინიმუმ ერთმეტრიანი დისტანციის დაცვაა.

პირბადეებთან დაკავშირებული ერთ-ერთი სახიფათო მითის მიხედვით ნიღბის ტარებისას ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება, ადამიანი სუნთქავს ნახშირორჟანგს, რაც თითქოს მასობრივად გვაბრუებს და  გვწამლავს.

მრავალი წლის განმავლობაში (და ახლაც) მედმუშაკები ატარებენ სწორედ ასეთ პირბადეებს საკმაოდ ხანგრძლივად, თანაც ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენების გარეშე.

გარდა ამისა, ქუჩაში და ისეთ ღია სივრცეებში გადაადგილებისას, სადაც მჭიდრო კონტაქტი არ გიწევთ ადამიანებთან, სავსებით მისაღებია უბრალო ქსოვილისგან დამზადებული, თუნდაც სახლში შეკერილი პირბადის ტარება, რომელიც ჰაერს უკეთ ატარებს.

MAYO CLINIC: ჟანგბადის დონის ნაკლებობის, იგივე ჰიპოქსიის რისკი ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებში არ არის. პირბადით სუნთქვისას ნახშირორჟანგი თავისუფლად გავრცელდება თქვენი ნიღბის გარეთ. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამშრიან პირბადეს უწევს რეკომენდაციას, რომლის შიდა შრე დამზადებული უნდა იყოს ისეთი შემწოვი მასალისგან, როგორიცაა ბამბა; შუა შრე დამზადებული უნდა იყოს უქსოვი მასალისაგან, როგორიცაა პოლიპროპილენი; გარე შრე დამზადებული უნდა იყოს არაშეწოვადი მასალისაგან, როგორიცაა პოლიესტერი ან პოლიესტერის სინთეზური ქსოვილი.

იმის მიუხედავად, თუ რა სახის პირბადეს აირჩევთ, იგი უნდა ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს და დამაგრებული უნდა იყოს ელასტიური მარყუჟებით ან თასმებით.

პირბადის ტარება არ არის სავალდებულო 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ფსიქიკური აშლილობის, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირთ პირბადის ტარება. სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ.

_______________________

მითი №3: ვირუსი 5G ინტერნეტით ვრცელდება

5G ინტერნეტი ერთ-ერთი მთავარია იმ კონსპირაციულ თეორიებში, რომელთა მიხედვითაც „მასონებმა გამოიგონეს არარსებული ვირუსი, ადამიანები გააბრუეს პირბადეებით, აიძულებენ ჩიპების ჩადგმას ვაქცინის სახით და შემდეგ 5G ინტერნეტის საშუალებით მოხდება ჩიპებზე სიგნალის გადაცემა, ან უბრალოდ ეს ინტერნეტი აავადებს ადამიანებს“. 

როგორც წესი, ასეთი საშიში მითები ისეთი ფაქტებისა და მოწყობილობების ირგვლივ ითხზება, რომელთა მუშაობის პრინციპი არასპეციალისტებისთვის ადვილად გასაგები არ არის.

იმის შესახებ, რომ ვირუსებს არ შეუძლიათ მოგზაურობა რადიოტალღებზე/მობილური ქსელების საშუალებით, ბევრი განმარტება გაკეთდა.

COVID-19 ვრცელდება რესპირატორული წვეთების საშუალებით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ადამიანი ასევე შეიძლება დაინფიცირდეს დაბინძურებულ ზედაპირთან შეხებით და შემდეგ ამ ხელის თვალზე, პირსა ან ცხვირზე შეხებით. 

რაც შეეხება 5G ანტენების ზემოქმედებას ადამიანის იმუნიტეტსა და ზოგადად ჯანმრთელობაზე,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქამდეც წერდა, რომ ზემოქმედება 5G-ს მომწოდებელი ინფრასტრუქტურიდან, რომელიც დაახლოებით 3.5 გეგაჰერცია, ანალოგიურია აქამდე არსებული მობილური ტელეფონების საბაზისო სადგურებისა.

ჯანმო ამჟამად მუშაობს არსებული რადიოსიხშირეების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკების შეფასებაზე, რომელიც მოიცავს მთელ რადიოსიხშირულ დიაპაზონს, მათ შორის, 5G-ს. ანგარიში მზად 2022 წლისთვის იქნება.

_______________________

  • მითი №4 „კორონავირუსი არ არსებობს“

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მავნე და მასიური ტყუილი ვირუსის არარსებობას ეხება. მითის მიხედვით „COVID-19  არ არსებობს, მთავრობებმა იგი ადამიანების დასაშინებლად, მათი დაჩიპვისა და დამონებისთვის გამოიგონეს”.

ცხადია, ვირუსი არსებობს და ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებისა და მეცნიერების გარდა, მოწმობენ ექიმები, კოვიდ პაციენტები და კორონავირუსით გარდაცვლილი ასი ათასობით ადამიანის ოჯახის წევრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, მათ შორის საქართველოდან.

თუ არ ენდობით ექიმებს, მედიკოსებსა და პოლიტიკოსებს, და თუ ისე მოხდა, რომ თქვენ აქამდე არ გქონიათ პირდაპირი შეხება იმ ადამიანთან ვინც გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან ან ვინც ამჟამად არის ინფიცირებული, შეგიძლიათ შეხვიდეთ თუნდაც ამ ფეისბუქჯგუფში – სტოპ-COV აჭარა და პირადად გაეცნოთ ვირუსთან ბრძოლის ისტორიებს.

_______________________

  • რატომ არის მნიშვნელოვანი რომ არ მოვტყუვდეთ კონსპირაციების თეორიებით და კიდევ უფრო უარესი, თავად არ გავხდეთ მათი გამავრცელებელი?

შესაბამისი ნდობისა და სწორი ინფორმაციის გარეშე სადიაგნოსტიკო ტექსტები და იმუნიზაციის კამპანიები ვერ მიაღწევს სამიზნე აუდიტორიამდე, ვირუსი გააგრძელებს გავრცელებას და უამრავი ადამიანის სიკვდილის გარდა, გააგრძელებს სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისის გაღრმავებას.

სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არა მხოლოდ არ დავიჯეროთ ტყუილები, არამედ თავად არ გავხდეთ მათი გავრცელების მონაწილე.

_______________________

  • ვინ დგას მითებისა და კონსპირაციების უკან?

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული მითები და კონსპირაციების თეორიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და ხშირად მეორდება კიდეც, მათ უკან არა ერთი, არამედ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი დგას, რომელთა ნაწილიც  საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებას და საზოგადოებრივი აზრის კერძო ინტერესების სასარგებლოდ მართვას ცდილობს, ნაწილს კი მართლაც სჯერა, რომ „ბოლო ჟამი მოახლოვდა“.

ქართულ ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის გამოვლენასა და მხილებაზე საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტი, ფაქტ-მეტრი, იგივე factcheck.ge მუშაობს.

მარიამ წიწიკაშვილი. ფოტო: factcheck.ge

საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტების მენეჯერი მარიამ წიწიკაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული მითების გავრცელების მთავარი არხი საქართველოში ფეისბუქია და მარტიდან მოყოლებული ყველაზე მეტი ყალბი ამბავი სწორედ კორონავირუსზე ვრცელდება.

მისი თქმით კორონავირუსთან დაკავშირებული მითების უკან არა ერთი, არამედ ბევრი ჯგუფი დგას, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია პრორუსული მედიები და რელიგიური ჯგუფები.

ქართულენოვან მედიებს ვგულისხმობ უმეტესწილად, მაგალითად „ნიუსფონდს”, რომელიც ფეისბუქის განცხადებით არის რუსეთის სპეცსამსახურებათან დაკავშირებული, რაც  მათი გზავნილებიდან გამომდინარე ჩვენთვისაც ცხადი იყო.

ასევე, „საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და სხვა ღიად  პრორუსული მედია საშუალებები მარტიდან დაწყებული მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და კორონავირუსს იყენებდნენ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის. ეს პრორუსული მედიები ვერ ვიტყვი, რომ არ აღიარებდნენ კორონავირუსის არსებობას, ისინი სხვა მიმართულებით  ავრცელებდნენ დეზინფორმაციას და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, მაგალითად იმის სათქმელად, რომ თითქოს ვირუსს რუსეთი კარგად უმკლავდება, ჩინეთმა საერთოდ დაამარცხა და დასავლეთის ლიბერალური დემოკრატიები ვერ უმკლავდებიან“ – ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.

მისივე თქმით, ყველაზე საშიში ალბათ რელიგიური ჯგუფების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია იყო, რადგან გაცილებით საშიშია, როცა სასულიერო პირები ავრცელებენ ყალბ ამბებს.

„თავიდან უფრო მაღალი იერარქებისგანაც გვესმოდა ეს მითები, მაგრამ უფრო მიზანმიმართული იყო მაგალითად მმკ-სთან დაკავშირებული ჯგუფი. მათ შემოდგომაზე ვიდეოც ჩაწერეს და ყველა დეზინფორმაცია გაიმეორეს კორონავირუსზე, დაახლოებით 10-მდე ყალბი ამბავი იყო თავმოყრილი, იქამდე კი სავარაუდოდ მრევლშიც ავრცელებდნენ ამ დეზინფორმაციას” – ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.

კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებაში, ახლა ყველაზე საშიში ანტივაქსერების ჯგუფია, მათ შორის არიან კერძო სარგებელზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც მარიამ წიწაკაშვილის თქმით, განსაკუთრებით გააქტიურდნენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და კოვიდის ახალ ვაქცინებთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელებში. მათ შორის არიან ჰომეოპათები და ფსევდომეცნიერების მიმდევრები.

factcheck.ge სექტემბრიდან მოყოლებული თანამშრომლობს Facebook-თან, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზაციის მიერ, ფეისბუქზე ყალბ ამბად მონიშნულ პოსტს ფეისბუქი ხელს უშლის გავრცელებაში.

_______________________

  • და ბოლოს, როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან? 

დააკვირდით, ვინ გიზიარებთ ინფორმაციას; არ დაეყრდნოთ მხოლოდ სათაურს: სათაური შეიძლება იყოს განზრახ სენსაციური ან პროვოკაციული; შეამოწმე თარიღი: არის თუ არა ამბავი ნამდვილად სიახლე და მიმდინარე მოვლენების რელევანტური? ხომ არ არის სათაური, სურათი ან სტატისტიკა კონტექსტიდან ამოგლეჯილი?

ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია სანდო მედიასაშუალებებში და სამთავრობო და ოფიციალური ორგანიზაციების ვებგვერდებზე.

სანდო ამბები სიმართლეს ფაქტებით ადასტურებენ, მაგალითად ექსპერტების ციტატები ან სტატისტიკისა და კვლევის ბმულები. გადაამოწმეთ ექსპერტების სანდოობა, რამდენად შესაბამისობაშია სტატისტიკა იმ ამბავთან, რასაც კითხულობთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: