მთავარი,სიახლეები

ქობულეთის სანაპიროს ჩაბეტონება გრძელდება

25.11.2020 • 1441
ქობულეთის სანაპიროს ჩაბეტონება გრძელდება

ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების ათვისების ხარჯზე ახალი მრავალბინიანი სახლებისა და სასტუმრო კომპლექსების  მშენებლობა ქობულეთის სანაპირო ზოლში გრძელდება. ზღვის პირველი ზოლის ჩაბეტონების პროცესი ხშირად ისე იწყება, რომ მომიჯნავე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საცხოვრებელი გარემოს მოსალოდნელ ცვლილებაზე სრულყოფილი ინფორმაციაც კი არ აქვთ. კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს კი, რაც გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაციის საჯაროდ განხილვის ვალდებულებას გულისხმობს, კომპანიები ხშირად მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ.

სამშენებლო ნებართვების თხოვნით ქობულეთის მერიას პანდემიის პირობებშიც კი თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ. მერიაც ძირითადად თანახმაა. ამჯერად მიწის ნაკვეთის დეტალური გეგმარების დავალების გაცემას, მომავალში განაშენიანების კონცეფციის მომზადების მიზნით, შპს „გროსმან გრუპი“ ითხოვს. კომპანიამ ქობულეთის მერიას მიმართა დეტალური გეგმარებითი დავალების გაცემის თხოვნით ოთხ მიწის ნაკვეთზე, სადაც ამ დროისთვის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლებია [მხოლოდ ასეთი დავალების გაცემის შემთხვევაში შეუძლია კომპანიას ტერიტორიის დეტალური დაგეგმარების მომზადება, რის შემდეგაც განვითარების კონცეფციის წარდგენა დაევალება, ამას ითვალისწინებს რეგულაციები].

„აღნიშნულთან დაკავშირებით 2020 წლის 16 ნოემბრიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს საზოგადოებრივი აზრის განხილვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საჭიროებიდან გამომდინარე მისი შემდგომი გათვალისწინების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქობულეთის მერიის ვებგვერდზე 18 ნოემბერს გამოაქვეყნეს.

გაუგებარია, რას გულისხმობენ ამ განცხადებაში, როგორ აპირებს მერია საზოგადოებრივი აზრის განხილვას, როცა ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ამ განცხადებას თან ერთვის, მხოლოდ მერის ბრძანებაა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ამ ადგილზე კომპანია მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს.

მშენებლობის მასშტაბებსა და ადგილის განვითარების კონცეფციაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს.

მერის ბრძანებაში ნათქვამია ისიც, რომ  სამშენებლო ტერიტორია მდებარეობს საცხოვრებელ ფუნქციურ ზონაში და ინიცირების მომენტისთვის მასზე არ ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე რეჟიმი, არც მუნიციპალიტეტს არ აქვს დაგეგმილი რაიმე ქალაქმშენებლობითი პროექტი, რაც ხელშემშლელი იქნებოდა ტერიტორიაზე განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისთვის.

სამშენებლო ტერიტორიას ერთი მხრიდან ზღვის სანაპირო, მეორე მხრიდან კი ქობულეთის საფეხბურთო სტადიონი ესაზღვრება.

შპს „გროსმან გრუპი“ გასულ წელს გივი მალაშხიამ დააფუძნა და ის ფლობს კომპანიის ასივე პროცენტს. მიწის ნაკვეთები კი, სადაც კომპანია მშენებლობას გეგმავს, ჯერ კიდევ არ არის ამ კომპანიის საკუთრებაში.

კიდევ ერთ ზღვისპირა ქალაქში – ქობულეთში, სახლების ფანჯრებიდან ზღვა აღარ გამოჩნდება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: