მთავარი,სიახლეები

კომპანიამ კორპუსი ააშენა და ადგილს პარკინგისთვის მერიას სთხოვს

24.09.2019 • 1445
კომპანიამ კორპუსი ააშენა და ადგილს პარკინგისთვის მერიას სთხოვს

შპს „ლუნა ბილდინგმა“ ქობულეთის სანაპიროსთან ახლოს მრავალბინიანი სახლის მშენებლობა დაასრულა და მიმდებარე ტერიტორიას [177 კვ.მ] პარკინგის მოსაწყობად ითხოვს. კომპანიამ ამ ნაკვეთის გამოსყიდვისთვის საჭირო პროცედურის დასაწყებად ქობულეთის მერიას მიმართა.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, „ლუნა ბილდინგს“ ცხრასართულიანი სახლი 880 კვადრატულ მეტრზე აუშენებია. „ტექნიკური პასპორტის მიხედვით კი, სარგებლობაში 1057 კვადრატულ მეტრს ფლობს“, –  ნათქვამია ოქმში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული დაზუსტებული ფართობი 880 კვადრატული მეტრია. სიმართლეს არც სართულიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეესაბამება, ოქმში ცხრა სართულზეა საუბარი, სინამდვილეში კი 12 სართულია აშენებული.

ფოტო: კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან

ოქმის მიხედვით, კომპანიამ მუნიციპალიტეტს შეატყობინა, რომ პარკინგის ადგილის არარსებობა პრობლემას უქმნის როგორც ამ სახლის ბინების მესაკუთრეებს, ასევე, ქობულეთში ჩამოსულ დამსვენებელს. სახლის მშენებლობაზე ნებართვის გაცემისას კი, ეს საკითხი არავინ გაითვალისწინა – არც მშენებელმა და არც ნებართვის გამცემმა, ანუ ქობულეთის მერიამ. ხარვეზის გამოსწორებას კომპანია ახლა ცდილობს. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ადგილზე პარკინგის მოწყობამ შესაძლოა სხვას შეუქმნას პრობლემები.

იმავე ტერიტორიას ითხოვს მოქალაქე ნუნუ ევგენიძეც, ნაკვეთის შესყიდვა მას იმ მიზნით სურს, რომ ზღვაზე გასასვლელი არ ჩაიკეტოს.

კომისიამ საკითხზე იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ნაკვეთს საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანს, შემდეგ კი მას უპირობო ელექტრონული აუქციონით გაასხვისებს.

რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთი მშენებლობისთვის „ლუნა ბილდინგს“ ადგილობრივი მოსახლეობისგან იმ პირობით შეუძენია, რომ აქ აშენებულ მრავალბინიან სახლში ფართობებს გადასცემდა. ახალი სახლი ზღვის პირველ ზოლში მდებარეობს და პირდაპირ ზღვას გადაჰყურებს. კომპანიას უკრაინის მოქალაქე ფლობს, ხოლო დირექტორის თანამდებობაზე არჩილ მიქაძე ფიქსირდება.

მთავარი ფოტო კომპანიის FB-გვერდიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: